Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საფრანგეთის მორიგი პრეზიდენტი - ქალი იქნება?


საფრანგეთს მომავალ პრეზიდენტად, შესაძლოა, ქალი მოევლინოს

- პირველად ამ ქვეყნის ისტორიაში. საფრანგეთის სოციალისტურმა პარტიამ თავის კანდიდატად მომავალი წლის გაზაფხულისთვის დანიშნულ საპრეზიდენტო არჩევნებში ქალი წარადგინა - სეგოლენ როიალი, რომელსაც გამარჯვების არც თუ ურიგო შანსი აქვს.

სეგოლენ როიალმა დამაჯერებლად გაიმარჯვა ყველა კონკურენტ მამაკაცზე საგანგებო კენჭისყრაში, რომელსაც პრეზიდენტობის სოციალისტი კანდიდატის ვინაობა უნდა განესაზღვრა: გასული კვირის კენჭისყრაში მონაწილე ფრანგი სოციალისტების 60,62 პროცენტი მიემხრო სეგოლენ როიალს, მარტო 20,83 დომინიკ სტროს-კანს და კიდევ უფრო ნაკლები - 18,54 პროცენტი - ყოფილ პრემიერ-მინისტრ ლორან ფაბიუსს.

სეგოლენ როიალმა, თავად გარემოს დაცვის ყოფილმა მინისტრმა, მომხრეებს მადლობა გადაუხადა შანსისთვის, გახდეს საფრანგეთის პირველი პრეზიდენტი ქალი: [სეგოლენ როიალის ხმა] “მინდა უბრალოდ გითხრათ, რომ ძალიან გახარებული ვარ და ძალიან ინტენსიურად განვიცდი ბედნიერების ამ მომენტს. ჩემთვის ეს არის დიდი პრივილეგია, რომელიც დღევანდელ კნეჭისყრაში მონაწილე თანაპარტიელებმა მომანიჭეს”.

მაშ ასე, სეგოლენ როიალმა ერთ კენჭისყრაში გაიმარჯვა - თუმცა მთავარი კენჭისყრა, მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინა აქვს, როცა საპრეზიდენტო არჩევნებში მოუწევს, დაამარცხოს რამდენიმე კონკურენტი, მათ შორის ისეთი ძლიერი და ამბიციური კონსერვატიული პოლიტიკური მოღვაწე, როგორიცაა შინაგან საქმეთა მინისტრი ნიკოლა სარკოზი. თუმცა, ფრანგი ამომრჩეველი მომავალ წელს, აპრილისა და მაისისთვის დაგეგმილ ორრაუნდიან საპრეზიდენტო არჩევნებში მისცემს ხმას სასურველ კანდიდატს. ხოლო, რაც შეეხება ფრანგების ამჟამინდელ განწყობას, როგორც პარიზის ქუჩებში ჩატარებულმა ბლიც-გამოკითხვამ აჩვენა, ბევრი, უბრალოდ, გაოცებულია პრეზიდენტობის სოციალისტ კანდიდატად სეგოლენ როიალის არჩევით.
[პარიზელი მამაკაცის ხმა] “ძალიან გაოცებული ვარ სოციალისტების კენჭისყრის შედეგით. ძალიან მომწონს, რომ როიალმა გაიმარჯვა, მაგრამ მან დიდი უპირატესობით გაიმარჯვა და ეს მიკვირს”.

ზოგი პარიზელი იმასაც კი არ გამორიცხავს, რომ სეგოლენ როიალის “გულისთვის”, უარი თქვას ტრადიციული პოლიტიკურ არჩევანზე: [პარიზელი ქალის ხმა] “ძალიან გახარებული ვარ! ჩვეულებრივ, მემარჯვენეებს ვაძლევ ხოლმე ხმას, ახლა კი რახან საქმე სეგოლენს ეხება, ვფიქრობ, ამჯერად ხმა მემარცხენეებს ხომ არ მივცე? ეს ძალიან კარგი სიახლეა!”

გამოდის, სეგოლენ როიალს მომხრეები იდეოლოგიური მოწინააღმდეგის ბანაკშიც კი ჰყავს - კონსერვატიულ ძალებში. ეს კი სოციალისტებში, ალბათ, ბევრს დაავიწყებს უკმაყოფილებას, რომელიც მათში ადრე გამოიწვია პოლიტიკოსმა ქალმა რამდენიმე ინიციატივით: მათ შორის 35-საათიან სამუშაო კვირაზე უარის თქმით, ან კიდევ კრიმინალური მიდრეკილების ახალგაზრდების სამხედრო სამსახურში მიცემის მოთხოვნით.

ის, რომ სეგოლენ როიალის კანდიდატურას ბევრი სოციალისტი მიემხრო, ექსპერტების შეფასებით, იმას ნიშნავს, რომ პარტიის წევრებმა გადაწყვიტეს ერთი ძლიერი ფიგურის გარშემო გაერთიანება, რათა პრეზიდენტობის არანაკლებ ძლიერ კანდიდატს გაუმკლავდნენ - ნიკოლა სარკოზის. ერთი პარიზელის კომენტარი სოციალისტების არჩევანზე: [პარიზელი მამაკაცის ხმა] “ეს დიდი მოულოდნელობაა, ძალიან შთამბეჭდავი შედეგია. ვფიქრობ, ყოველივე ეს მოასწავებს უაღრესად მწვავე კონკურენციას სარკოზისა და სეგოლენ როიალს შორის და ვფიქრობ, რომ ბრძოლა ძალიან დაძაბული იქნება და ფრანგი ხალხი მას დიდი ინტერესით ადევნებს თვალს”.

სეგოლენ როიალისადმი ინტერესი აქამდეც ბევრჯერ გამოუვლენიათ - ზოგჯერ ზედმეტი ინტერესი: ზაფხულში ყვითელ პრესაში დაიბეჭდა მისთვის პლაჟზე გადაღებული სურათები, რომელთა მეშვეობითაც, დაინტერესებული მკითხველი ამ მშვენიერი გარეგნობის ქალის მშვენიერ აღნაგობაშიც დარწმუნდება. ისიც კარგად არის ცნობილი, რომ სეგოლენ როიალს ოთხი შვილი ჰყავს სოციალისტ კოლეგასთან - ფრანსუა ოლანდთან, რომელზეც არ დაქორწინებულა. თუმცა პარიზისთვის ეს სიახლე, ან გამონაკლისი არ უნდა იყოს...

სიახლედ ის არის მიჩნეული, რომ სეგოლენ როიალი, იმისდა მიუხედავად, გაიმარჯვებს თუ ვერა საპრეზიდენტო არჩევნებში, ფრანგ სოციალისტებს დააცილებს ტრადიციულ მემარცხენე პოზიციას და პარტიას პოლიტიკური ცენტრისაკენ გაუძღვება - როგორც ეს უკვე მოხდა დიდ ბრიტანეთში, ტონი ბლერის ლეიბორისტულ პარტიაში.
XS
SM
MD
LG