Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პარლამენტის სესიაზე 2007 წლის ბიუჯეტის განხილვა დაიწყო


საქართველოს საკანონმდებლო ორგანომ პლენარულ სხდომაზე 2007 წლის ბიუჯეტის კანონპროექტის განხილვა და 2006 წლის ბიუჯეტის ანგარიშის მოსმენა დაიწყო.

ბიუჯეტის ამგვარი განხილვა ნოვაციაა საქართველოს საპარლამენტო პრაქტიკაში და ის ბიუჯეტის ცალკეული პარამეტრების დინამიკის ნათელ სურათს იძლევა. ზოგადად კი, მომავალი წლის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილი 3 მილიარდ 444 მილიონ ლარს შეადგენს, ხარჯვითი ნაწილი კი 3 მილიარდ 870 მილიონი ლარის ტოლია. ბიუჯეტის ზრდა თითქმის 50 მილიონს უტოლდება. მიუხედავად ამისა, პარლამენტარებს მაინც აქვთ მის მიმართ სხვადასხვა შენიშვნები.

2007 წლის საქართველოს ბიუჯეტის შემოსავლითი ნაწილი, ძირითადად, გაზრდილ საგადასახადო შემოსავლებს ეყრდნობა. წინა წელთან შედარებით, ამ სახის შემოსავლები 300 მილიონზე მეტით გაიზარდა. ყველაზე მეტი ხარჯები კი, ერთი მილიარდი ლარის ოდენობით, სოციალურ სფეროზე მოდის. უფრო მეტს მომავალი წლის ბიუჯეტის ხარჯების პრიორიტეტების შესახებ ფინანსთა მინისტრ ლექსო ალექსიშვილის მოხსენების ფრაგმენტიდან შეიტყობთ:

[ლექსო ალექსიშვილის ხმა] ”იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რომელიც ჩამოყალიბდა 2006 წელს საქართველოს ეკონომიკასთან მიმართებაში, იმ მდგომარეობიდან გამომდინარე, რაც ჩამოყალიბდა მეზობელ ქვეყნებთან, მთავარი ამოცანა და მიზანი მომავალი წლისთვის გახლავთ შემდეგი: 2007 წლის ბიუჯეტის მთავარი პრიორიტეტი არის ქვეყნის ეკონომიკის სტაბილური განვითარება და ქვეყანაში სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესება.”(სტილი დაცულია)

ფინანსთა მინისტრის განმარტებით, სოციალური პრიორიტეტი, ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სისტემის დაფინანსების გარდა, ამ სფეროს ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას გულისხმობს. ასეთივე პრიორიტეტს წარმოადგენს განათლება, საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფა და თავდაცვა, ასევე - ენერგეტიკა. ამ პრიორიტეტების სრულფასოვნად დაფინანსების გარანტად საქართველოს მთავრობას ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური პროცესები და მისი მაკროეკონომიკური მაჩვენებლები მიაჩნია:

[ლექსო ალექსიშვილის ხმა] ”სწორედ, აი, ამ ფაქტორებზე დაყრდნობით, ჩვენი გათვლებით, 7,5%-იანი ზრდა მთლიანი შიდა პროდუქტისა რეალისტური სურათი გახლავთ და ეს გვაძლევს შესაძლებლობას სწორედ ამას მივუსადაგოთ საგადასახადო შემოსავლების მოცულობაც და ყველა ის მაჩვენებელი, რომელიც ბიუჯეტის ფისკალური პოლიტიკის დაგეგმვაში გამოიყენება.”

ლექსო ალექსიშვილის ასეთ გაანგარიშებებს ოპოზიცია არ იწონებს და აკრიტიკებს. “ახალი მემარჯვენეების” საპარლამენტო ფრაქციის წარმომადგენლის, ირაკლი იაშვილის, კომენტარი:

[ირაკლი იაშვილის ხმა] ”ქვეყანას წელს ჰქონდა სერიოზული პრობლემები. ინფლაცია იყო ძალიან მაღალი, საგანგაშო ნიშნულზე იყო ასული, 15 პროცენტიანზე. ექსპორტის კლება არის საგანგაშო, ანუ სხვაობა ექსპორტსა და იმპორტს შორის ძალიან გაიზარდა. ამიტომ შოკური გადასვლა ახალ რეალობაში ეს არის გაზის ტარიფი. ექსპორტის ხელოვნური კლება გამოიწვევს სერიოზულ რეცესიას - ანუ უკან სვლას - ეკონომიკაში. და მე მაინტერესებს, რამდენად არის მზად მთავრობა ამის თავიდან ასაცილებლად.”(სტილი დაცულია)

“დემოკრატიული ფრონტის” ერთ-ერთი ლიდერი კახა კუკავა კი საქართველოს მთავრობას ურჩევს ყურად იღოს საერთაშორისო ექსპერტების რეკომენდაციები საგადასახადო წნეხის შესუსტებასა და ბიუჯეტის ხარჯების შემცირებასთან დაკავშირებით. კუკავას აზრით, რეკომენდაციების გათვალისწინების შემთხვევაში, ეკონომიკური ზრდა უფრო მაღალი იქნება:

[კახა კუკავას ხმა] ”ეკონომიკური ზრდის ტემპი, შეიძლება ეს არ არის მოსახლეობისთვის გასაგები პარამეტრი, მაგრამ მისი ზრდის ტემპი კავშირშია იმასთან, რამდენი სამუშაო ადგილი შეიქმნება ყოველწლიურად. მთავრობაში ამასთან დაკავშირებით არ არის რაიმე ხედვა - სამაგიეროდ, არის კაპიტალური ხარჯები სხვადასხვა სამინისტროებისთვის. შენდება პრეზიდენტის რეზიდენცია, შადრევნები... ეს არის კორუფციული ბიუჯეტი.”(სტილი დაცულია)

საქართველოს მოქალაქეებსაც შესაბამისი დამოკიდებულება აქვთ ბიუჯეტის ზრდისა თუ შემცირების მიმართ. აი, რას ამბობენ თბილისის ქუჩაში ჩემ მიერ გამოკითხული რიგითი მოქალაქეები:

[მოქალაქეთა ხმა] ”არაფერი არ იგრძნობა.” \”ჯერ არა, მაგრამ არ ვიცი, სამომავლოდ შეიძლება იყოს.”\ ”აქ არაფერი იგრძნობა მაგდაგვარი.”

2007 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვას საქართველოს პარლამენტის კიდევ რამდენიმე სხდომა მიეძღვნება, მისი მიღება კი დეკემბრის თვეშია ნავარაუდევი.

XS
SM
MD
LG