Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ვიდეოკონფერენცია საქართველო-ნატოს ურთიერთობაზე


20 ნოემბერს, საღამოს, ამერიკის განვითარების სააგენტოს თბილისის ოფისში გაიმართა ვიდეოკონფერენცია,

რომელზეც სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ნატოს საკითხებში კურტ ვოლკერმა ვაშინგტონიდან 4 ქართველი ჟურნალისტის შეკითხვებს უპასუხა. საუბრის ძირითადი თემა იყო ნატო-საქართველოს ურთიერთობა მოახლოებული რიგის სამიტის წინ, ვითარება კონფლიქტურ ზონებში და საქართველო-რუსეთის დაძაბული ურთიერთობა.


19 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა მიიღო საგანგებო აქტი, რომლითაც სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს, მაკედონიის, ხორვატიისა და ალბანეთის ნატოში გაწევრიანებას. ამ მიზნის მისაღწევად, დახმარების სახით, ამერიკის სენატმა დაამტკიცა 20 მილიონი დოლარი, საიდანაც საქართველოს 10 მილიონი ხვდა წილად. მაგრამ ეს ქვეყნები ალიანსთან ურთიერთობის სხვადასხვა საფეხურზე იმყოფებიან: მაკედონია, ხორვატია და ალბანეთი 4 წელია გაწევრიანების კანდიდატები არიან, საქართველო კი ალიანსთან ურთიერთობაში მხოლოდ ”ინტენსიური დიალოგის” საწყის ეტაპზე იმყოფება. შესაბამისად, იბადება კითხვა: რამდენად რეალურია საქართველოს დაჩქარებული წესით ჩართვა გაწევრიანების სამოქმედო გეგმაში? სახელმწიფო მდივნის მოადგილის კურტ ვოლკერის პასუხი ამ შეკითხვაზე ასეთი გახლდათ:

[კურტ ვოლკერის ხმა] ”ნატო გადაწყვეტილებას კონსენსუსით იღებს, რაც ნიშნავს, რომ ნატოს ყველა წევრმა უნდა დაუჭიროს მხარი ასეთ ნაბიჯს. თუმცა ჩვენთვის სენატის რეზოლუცია ძლიერი მხარდაჭერაა საიმისოდ, რომ შემდგომი გადაწყვეტილების მისაღებად ალიანსის ყველა წევრთან ვიმუშაოთ. და მინდა ვთქვა, რომ შეერთებული შტატები ამის ინიციატორი იქნება ნატოს შიგნით. ჩვენ დიდი მხარდამჭერები ვიყავით იმისა, რომ საქართველოს ”ინტენსიური დიალოგი” სექტემბერში მიეღო. ასევე მხარს ვუჭერდით უკრაინას, რომელიც ”ინტენსიურ დიალოგში” 2005 წელს ჩაება. და ჩვენ კიდევაც განვაგრძობთ მუშაობას იმისათვის, რომ ეს პროცესი გაფართოვდეს. მე შემიძლია წინასწარვე გითხრათ, რომ მხარს დავუჭერთ ”გაწევრიანების სამოქმედო გეგმაში” საქართველოს ჩართვას ვადაზე ადრე. მაგრამ, ვიდრე ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებდეთ, საქართველომ ბევრი რამ უნდა გაააკეთოს ”ინტენსიურ დიალოგში”.


ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის კურტ ვოლკერის თქმით, საქართველომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია კორუფციასთან ბრძოლაში, ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში, უსაფრთხოების სისტემის განმტკიცებაში, რაც შემდგომში კიდევ უნდა გაღრმავდეს, განსაკუთრებით, დემოკრატიული რეფორმების თვალსაზრისით. კურტ ვოლკერმა თავი აარიდა პირდაპირ პასუხს შეკითხვაზე, შეუშლის თუ არა ხელს მოუგვარებელი კონფლიქტების არსებობა საქართველოს ალიანსში გაწევრიანებას, მაგრამ ის კი განაცხადა, რომ ნატოსთვის სრულიად მიუღებელია ”კონფლიქტების” მუდმივად გაყინულ მდგომარეობაში დარჩენა:

[კურტ ვოლკერის ხმა] ”დღეისათვის, როგორც ჩანს, გაყინული კონფლიქტები - ის, რაც სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში ხდება - ყველაზე ძნელად მოსაგვარებელი პრობლემებია. მაგრამ, ჩვენ ვფიქრობთ, ამ ვითარებაში უსასრულოდ დარჩენა არ შეიძლება. ვფიქრობთ, ამ პრობლემებს უნდა მოევლოს. უნდა მოევლოს იმით, რომ გატარდეს ღონისძიებები კეთილდღეობის შესაქმნელად, ცხოვრების დონის ასამაღლებლად; რეგიონში მცხოვრებ ყველა ხალხს, იქნებიან ისინი ოსები თუ ქართველები, უნდა მიეცეს წინსვლის შესაძლებლობა. და თუ საქართველო გაატარებს რეფორმებს და შექმნის მოდელს, ეს რეგიონში მცხოვრებ ხალხზე სასიკეთოდ იმოქმედებს - წარმოშობს იმის განცდას, რომ საქართველოს შეუძლია ეკონომიკურად მიმზიდველი იყოს სამხრეთ ოსეთისთვის, აფხაზეთისთვის. ასეთი პოზიტიური დინამიკის შექმნით, თქვენ შეძლებთ ამ საკითხებში წინსვლას. ”

ნატოსა და ევროპის საკითხებში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მოადგილის კურტ ვოლკერის თქმით, 27-28 ნოემბერს რიგაში მხოლოდ ნატოს წევრი ქვეყნების სახელმწიფოთა მეთაურები შეიკრიბებიან და გადაწყვეტილება ნატოში ახალი წევრების მიღების შესახებ არ იქნება მიღებული.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG