Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქართული პრესის მიმოხილვა


დღევანდელი გაზეთების მიმოხილვას ყოველდღიური ”რეზონანსით” და ”24 საათით” დავიწყებთ.

ორივე გაზეთის მოწინავე პუბლიკაცია ეხება საქართველო-ნატოს ურთიერთობას, თუმცა მათი პროგნოზები განსხვავებულია. ”რეზონანსის” მიხედვით, 17 ნოემბერს კანადაში გამართულმა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომამ მიიღო რეზოლუცია, რომლის თანახმად, ასამბლეა მოუწოდებს ალიანსის წევრი ქვეყნების მთავრობებსა და პარლამენტებს, მხარი დაუჭირონ საქართველოს სწრაფვას ნატოსკენ და ნატო-საქართველოს ურთიერთობის ახალ საფეხურზე - ალიანსში გაწევრიანების ინდივიდუალურ პროგრამაზე (მაპ-ზე)- გადასვლას. ეს ინფორმაცია საქართველოში პარლამენტის თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ნიკა რურუამ 20 ნოემბერს გაავრცელა.

ამ თემას ერთგვარად აგრძელებს დღევანდელი გაზეთი ” 24 საათი”, რომლის კორესპონდენტი სახელმწიფო მდივნის მოადგილესთან ევროპისა და ნატოს საკითხებში, კურტ ვოლკერთან, გუშინ გამართულ ვიდეოკონფერენციას ესწრებოდა. ”ალბანეთი, ხორვატია და მაკედონია უკვე არიან ნატოს წევრობის კანდიდატები და ამ ქვეყნებთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაში მომდევნო ეტაპი, ანუ ნატოს წევრობა, იგულისხმება. თუ რა იგულისხმება საქართველოს შემთხვევაში და რას უნდა ველოდეთ 2008 წელს ნატოს ხელმძღვანელობისაგან, ეს სახელმწიფო მდივნის მოადგილეს დეტალურად არ აუხსნია. მაგრამ რაც კურტ ვოლკერმა ნათლად თქვა, არის ის, რომ გამონაკლისის დაშვება არ იქნება სწორი, ანუ საქართველო გამონაკლისი ვერ იქნება და მას ყველა საფეხურის გავლა მოუწევს,” - წერს გაზეთი ”24 საათი”.

გარდა ამისა, დღეს გამოსული ყველა გაზეთი ეხმიანება საქართველოს მთავრობაში მომხდარ ცვლილებათა კვირეულს და ირაკლი ოქრუაშვილის გადაწყვეტილებას, დროებით ჩამოშორდეს სახელისუფლებო ორბიტას. თუმცა გაზეთების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ოქრუაშვილი სასწავლებლად იძულებით წავიდა. ”პრეზიდენტის ამ კომენტარის მიუხედავად, ბევრი ვერაფერი გავიგეთ და ისევ დღის წესრიგში დარჩა კითხვა - რატომ წავიდა ოქრუაშვილი. გაკვრით გვითხრეს, რომ სასწავლებლად მიდის. რა უნდა ისწავლოს, არ უთქვამთ. ამასთან, სასწავლებლად წასვლის ფაქტი არც ოქრუაშვილს დაუდასტურებია. ერთადერთი, რაც ოქრუაშვილმა ღიად თქვა, ეს იყო - მე მალე დავბრუნდები”, - წერს დღევანდელი გაზეთი ”ახალი თაობა” და ვარაუდობს, რომ სულ მალე საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელსაც გაათავისუფლებენ დაკავებული თანამდებობიდან.


გაზეთი ”ალია” კი ცდილობს პასუხი გასცეს კითხვას, თუ რას შეცვლის ქართულ ეკონომიკაში გიორგი არველაძე:”გიორგი არველაძეს ეკონომიკასთან ერთხელ უკვე ჰქონდა შეხება და მაშინ კანცელარიის მე-12 სართულზე მდგარი ტრიბუნიდან ბიზნესმენებს დაემუქრა. არველაძეს, გაზეთის თქმით, თათი უდევს ტელესივრცეზე. მისი ფავორიტია ”რუსთავი 2”-ის ახალი გენერალური დირექტორი. დეპუტატი კახა კუკავა მიიჩნევს, რომ არველაძე თვითონაც არის ერთ-ერთი ოჯახური კლანის წარმომადგენელი და მისი დანიშვნა არის მესიჯი ხელისუფლებიდან, რომ ის რეკეტის პოლიტიკას გააგრძელებს,”- წერს გაზეთი ”ალია”.
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG