Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გადასარჩენად იბრძვიან - რამ შეარყია 21 წლის ახალგაზრდის ჯანმრთელობა?


21 წლის გიორგი მიქიაშვილი და მისი მეგობარი დავით ბარამიძე 2005 წლის 30 ოქტომბერს ღამით პატრულის თანამშრომლებმა წინააღმდეგობის გაწევის გამო დააკავეს.

მოგვიანებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ოპერატული მასალა, რომლის მიხედვითაც დაკავების დროს ნაცემი ახალგაზრდები ეგრეთ წოდებულ „ლოტკინის ბანდას“ ეკუთვნოდნენ. გიორგი მიქიაშვილის ოჯახის წევრები და ადვოკატი ამტკიცებენ, რომ ფიზიკური ძალადობის შედეგად პატიმრობაში მყოფ ახალგაზრდას ჯანმრთელობა შეერყა, რის გამოც დაკავებიდან 9 დღის თავზე გიორგი მიქიაშვილი ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ფსიქიატრიულ განყოფილებაში მოათავსეს. უფრო მეტს იმის შესახებ, თუ რამ შეარყია 21 წლის ახალგაზრდის ჯანმრთელობა და როგორ აპირებენ არასამთავრობო ორგანიზაციები პატიმრის გადარჩენას, ჯიმშერ რეხვიაშვილის მიერ მომზადებული მასალიდან შეიტყობთ.
გიორგი მიქიაშვილი დაბადების დღიდან ბრუნდებოდა, როცა მანქანიდან დაინახა როგორ მიუახლოვდნენ მის მეგობარ დავით ბარამიძეს პატრულის თანამშრომლები. ოფიცრებმა გამოთქვეს ეჭვი, რომ ტელეფონი რომლითაც ბარამიძე ლაპარაკობდა მოპარული იყო. პატრულის თანამშრომლებისა და ახალგაზრდების შელაპარაკება მიქიაშვილისა და ბარამიძის დაკავებით დასრულდა, თუმცა დაკავების დროს გიორგი მიქიაშვილმა სხეულის დაზიანების პარალელურად, მძიმე ფსიქიკური ტრამვაც მიიღო. დაკავებიდან ერთი წლის თავზე 21 წლის ახალგაზრდა, რომელსაც წელიწადნახევარი აქვს მისჯილი, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ ელენე თევდორაძემაც მოინახულა.
[ელენე თევდორაძის ხმა] „უნდა გითხრათ, რომ ერთხელ როცა ვნახე ნორმალურ მდგომარეობაში იყო. შევედი მის კამერაში, რომელიც აბსოლუტურად დალეწილი იყო. მაგრამ მეორედ როცა ჩავედი ექიმებმა არც მირჩიეს, იმიტომ რომ იყო ძალიან აღგზნებული.“
ელენე თევდორაძის თქმით, ჯანმრთელობის გაურესების გამო სააპელაციო სასამართლოში დანიშნული პროცესი რამდენჯერმე გადაიდო, ნანა კაკაბაძე „გიორგი მიქიაშვილის გადარჩენის კომიტეტის“ წევრი კი ამტკიცებს, რომ პროცესი სულ სხვა მიზეზის გამო არ გაიმართა.
[ნანა კაკაბაძის ხმა] „არის ეჭვი, რომ სი ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია და იმის გამო, რომ მას აქვს იარები, არ მოჰყავთ სასამართლოზე“.
ნანა კაკაბაძის ამ ვარაუდს უსაფუძვლოს უწოდებს სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ირინა ცინცაძე.
[ირინა ცინცაძის ხმა] „არავის ეს ადამიანი არ უცემია. ეს ყველაფერი, თავიდან ბოლომდე, არის ტყუილი. ჩველუბრივ პირობებში, მეექვსე იზოლატორში, არა კამერაში, არამედ საავადმყოფოში იმყოფება და ცდილობენ მის მკურნალობას“.
ესაჭიროება თუ არა გიორგი მიქიაშვილს მკურნალობა? ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი ამტკიცებს, რომ წინასწარი დაკავების საკანში მისი დაცვის ქვეშ მყოფ ახალგაზრდას რამდენჯერმე გონების დაკარგვამდე სცემეს, რის გამოც გიორგი მიქიაშვილს რეაქტიული ფსიქოზის სიმპტომები აღენიშნება. დაცვის მხარე დარწმუნებულია, რომ განსასჯელს სპეციალურ ფსიქიატრიულ საავადმყოფი მკურნალობა ესაჭიროება. ამასვე ამტკიცებს, სახალხო დამცველის აპარატის მონიტორინგისა და გამოძიების დეპარტამენტის უფროსი გიგა გიორგაძეც.
[გიგა გიორგაძის ხმა] „ვხედავთ, რომ ადამიანი არის ფსიქიკურად დაავადებული, არის არაადეკვატური. შიშველი დარბის საკანში, რომელიც სრულად არის განადგურებული, კედლები გამოთხრილი, უნიტაზი წაქცეული, საჭმელსა და მედიკამენტებს არ იღებს. ამ დროს სასწრაფო დახმარების საშუალებით გადაყვანილი უნდა იყოს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. მისი ციხეში ყოფნა წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას უტოლდება“.
პასუხად სასჯელაღსრულების დეპარტამენტში ამბობენ, რომ ექსპერტიზიზის დანშვნა და განსასჯელის ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გადაყვანა სცილდება დეპარტამენტის კომპეტენციის ფარგლებს. ირინა ცინცაძის კომენტარი.
[ირინა ცინცაძის ხმა] „როგორც თქვენი რადიოს მისია არ არის ხორცის კეპვა, ასევე ჩვენი მისია არ არის ეს ყველაფერი გავაკეთოთ. ეს უნდა გადაწყვიტოს პროკურატურამ, ეს უნდა გადაწყვიტოს სასამართლომ“.
ირინა ცინცაძე იმასაც ამტკიცებს, რომ გიორგი მიქიაშვილი მეექვსე საპყრობილეში, ნორმალურ პირობებში იხდის სასჯელს.
[ირინა ცინცაძის ხმა] „რუსთავთან რომ არის იმ საპყრობილეშია. მშვენიერ პირობებშია ადამიანი. გადასარევ პირობებში“.
თუმცა, მიქიაშვილის დაცვის მხარე დარწმუნებულია, რომ პატიმარს აწამებენ და არაადამიანურად ეპყრობიან. ამასთან დაკავშირებით, „გიორგი მიქიაშვილის გადარჩენის კომიტეტის“ წევრი ირაკლი კაკაბაძე მიმართვას ავრცელებს.

[ირაკლი კაკაბაძის ხმა] „ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, რომ უარი თქვას ადამიანების წამებაზე და გიორგი მიქიაშვილი გადაყვანილი იქნას სამკურნალო დაწესებულებაში და აგრეთვე უარი ითქვას ადამიანის წამების პრაქტიკაზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება მიმართავს ძალიან ხშირად ბოლო ორი წლის განმავლობაში“.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG