Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზამთარში საქართველოს ბუნებრივი აირით მომარაგება კვლავ კითხვის ქვეშ დადგა


ერთი კვირის წინ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ევროპარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთის გაზის ახალ საფასურს, 230 აშშ დოლარს, პოლიტიკური ფასი უწოდა

და იქვე აღნიშნა, ჩვენ ამ ფასს არ გადავიხდითო. საქართველოს ხელისუფლებას ალტერნატიული მომწოდებლების - ირანისა და აზერბაიჯანის - იმედი ჰქონდა, მაგრამ ახლა აზერბაიჯანიდან გაზის მიღების შესაძლებლობა სათუო ხდება. რუსეთის სახელმწიფო კომპანია ”გაზპრომმა” გადაწყვიტა, მომავალი წლის იანვრიდან აზერბაიჯანს გაზის მიწოდება 3 მილიარდი კუბური მეტრით შეუმციროს. რა გავლენას მოახდენს ეს ზამთარში საქართველოს გაზმომარაგებაზე?

21 ნოემბერს აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის პრეზიდენტმა როვნაგ აბდულაევმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთის სახელმწიფო კომპანია “გაზპრომი” აზერბაიჯანს მხოლოდ 1,5 მილიარდ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიაწვდის. მოსკოვსა და ბაქოს შორის არსებული შეთანხმებით, აზერბაიჯანს რუსეთისგან 4,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი უნდა მიეღო. აზერბაიჯანი ყოველწლიურად სულ 12,5 მილიარდ კუბურ მეტრ აირს მოიხმარს.
”ჩვენ შეგვიძლია, - განაცხადა აბდულაევმა, - 2007 წელს გაზის დეფიციტი დავფაროთ შიდა რესურსების მეშვეობით და, თუ საჭირო გახდა, შახდენიზის პროექტიდან თურქეთისთვის მიწოდებული გაზის ნაწილის ხარჯზეც.”

აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის პრეზიდენტმა იქვე აღნიშნა:

”თუ “გაზპრომი” აზერბაიჯანს გაზის მიწოდებას შეუმცირებს, მაშინ ჩვენ ვერ შევძლებთ საქართველოს მივცეთ დამატებითი მოცულობის გაზი შახდენიზიდან.”

საქართველოს ხელისუფლება თითქმის ერთი წელია აზერბაიჯანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენიდან დამატებითი გაზის მიღების თაობაზე. ბოლო დრომდე აზერბაიჯანი თანახმა იყო საქართველოსთვის 300 მილიონი კუბური მეტრი ბუნებრივი აირი დაეთმო. ოფიციალურ თბილისს უფრო მეტის იმედიც ჰქონდა, მაგრამ აბდულაევის განცხადებამ ყველაფერი ეჭვქვეშ დააყენა.

აღსანიშნავია, რომ 22 ნოემბერს საქართველოს მთავრობის სხდომაზე შეკრებილმა მინისტრთა კაბინეტმა არაფერი იცოდა აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის პრეზიდენტის განცხადების შესახებ. სხდომის დამთავრების შემდეგ სახელმწიფო მინისტრმა კახა ბენდუქიძემ საკითხის კომენტირება არ ისურვა და ლიფტიდან ჟურნალისტებს მიაძახა:

[კახა ბენდუქიძის ხმა] ”არა, ხუმრობაა, კაცო, და ყველას ნუ უჯერებთ...”

ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური კი მხოლოდ მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:

[ნიკა გილაურის ხმა] ”არანაირი განცხადება არ ყოფილა ასეთი აზერბაიჯანის მხრიდან. იყო - არ ვიცი, ვერ გეტყვით - სტატია რაღაც ჟურნალში. ამიტომ ამაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ. საქართველოს მხარე აგრძელებს მოლაპარაკებებს აზერბაიჯანთან, ირანთან, თურქეთთან გაზის მოწოდების შესახებ...”(სტილი დაცულია)

ენერგოუსაფრთხოების ექსპერტები კი აცხადებენ, რომ მოვლენების ამგვარი განვითარება მოსალოდნელი იყო. ერთ-ერთი მათგანის - გია ხუხაშვილის - განმარტებით, საქმე იქითკენ მიდის, რომ საქართველო იძულებული ხდება რუსეთის გაზი იყიდოს, რადგან შახდენიზიდან გაზის მიღების შემთხვევაშიც დეფიციტი მაინც არ შეივსება:

[გია ხუხაშვილის ხმა] ”პრაქტიკულად გარდაუვალად მეჩვენება რუსეთიდან გაზის შესყიდვის საკითხი, თუნდაც, 230 დოლარად. და მე ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ტიპის დიალოგი არ მიდის. პოლიტიკას აქვს დაუწერელი კანონები, რომ მტერსაც კი უნდა ელაპარაკო. ეს ამაყი პოზის დაჭერა, რომ მე ამასთან იმას არ ვიყიდი და თან მოსახლეობისთვის პირობის მიცემა, რომ თბილი და განათებული ზამთარი ექნება, ეს შეიძლება შეუთავსებელი იყოს ერთმანეთთან.” (სტილი დაცულია)

საქართველოს 2007 წლისთვის დაახლოებით 1,8 მილიარდი კუბური მეტრი გაზი ესაჭიროება. ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენიდან კი დაახლოებით 600 მილიონის მიღება იგეგმებოდა. აზერბაიჯანის ნავთობის სახელმწიფო კომპანიის პრეზიდენტის განცხადებიდან ირკვევა, რომ საქართველო, მხოლოდ გაზსადენის პროექტიდან გარანტირებული გაზის სახით, მხოლოდ 250 მილიონ კუბურ მეტრ ბუნებრივ აირს მიიღებს. რომელი ქვეყნის და რა ფასის მქონე გაზით შეივსება დანარჩენი მოცულობა, ჯერჯერობით კვლავაც უცნობი რჩება.
XS
SM
MD
LG