Accessibility links

რა პირობით დაუჭერს მხარს საქართველო ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებას


ორიოდე დღის წინ აშშ-ისა და რუსეთის წარმომადგენლებმა – რუსეთის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრმა გერმან გრეფმა და აშშ-ის წარმომადგენელმა სავაჭრო მოლაპარაკებებში სიუზან შვაბმა

- ჰანოიში ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის შეთანხმებას, რომელიც ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებაზე ორმხრივი ათწლიანი მოლაპარაკებების შედეგი გახლავთ, თუმცა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში შესასვლელად რუსეთს ასევე სჭირდება საქართველოს მთავრობის თანხმობა, რომლის მოსაპოვებლადაც მოსკოვს ოფიციალური თბილისის მთელი რიგი მოთხოვნების დაკმაყოფილება მოუწევს. ლაპარაკია ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების განხორციელებაზე ოფიციალურად აღიარებული სასაზღვრო გამშვები პუნქტების მეშვეობით. რამდენად თანმიმდევრულია საქართველოს ხელისუფლება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით?

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები თბილისსა და მოსკოვს შორის წლების წინ დაიწყო, თუმცა შეთანხმების ოქმს ხელი მხოლოდ 2004 წელს მოეწერა. პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობას პოზიცია ორი წლის შემდეგაც არ შეუცვლია:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] „საქართველო რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებას მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერს, თუ რუსეთი 2004 წელს დადებულ პირობას შეასრულებს, ანუ საქართველოსთან ვაჭრობა იქნება ლეგალური საბაჟო გამშვები პუნქტებით. მაგრამ ჯერჯერობით არ ჩანს, რომ რუსეთი ამ ვალდებულების შესრულებას აპირებდეს.“

რუსეთი 2004 წელს აღებულ ვალდებულებას არ ასრულებს. მეტიც, არალეგალური საბაჟო-გამშვები პუნქტების ამოქმედების პარალელურად, რუსეთმა საქართველოსთან თითქმის სრულიად გაწყვიტა ეკონომიკური ურთიერთობა - ჩაკეტა საზღვრები და აკრძალა ქართული ნაწარმის ქვეყანაში შეტანა, მაგრამ, ამის მიუხედავად, რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრი გერმან გრეფი დარწმუნებულია, რომ მისი ქვეყანა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში მაინც გაწევრიანდება. რუსი მინისტრი უკვე მოგებას ითვლის:

[გერმან გრეფის ხმა] „ოთხი-ხუთი წლის განმავლობაში ავტომობილების საბაჟო გადასახადი ერთ-ნახევარჯერ შემცირდება, თუმცა ეს ყველაფერი თანმიმდევრობით განხორციელდება. პარალელურად, შევიმუშავებთ მექანიზმს, რომელიც ხელს შეუწყობს შიდა წარმოების განვითარებას და დაიცავს ადგილობრივ მწარმოებელს.“


მინისტრის მსგავსად, ეკონომიკის რუსი ექსპერტებიც დარწმუნებულნი არიან, რომ ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების გზაზე დამდგარ რუსეთს საქართველო ხელს ვერ შეუშლის. მოსკოვის ეკონომიკის უმაღლესი სკოლის პროფესორის ევგენი იასინის კომენტარი:

[ევგენი იასინის ხმა] „მთავარი წინააღმდეგობა, ამერიკის სახით, რუსეთმა დაძლია. წინ გველის მოლაპარაკებები საქართველოსა, მოლდავეთსა და კოსტა-რიკასთან, რომლებსაც თავიანთი თანხმობა ჯერ არ მოუციათ. ვფიქრობ, რომ ეს ქვეყნები ხელს ვერ შეუშლიან რუსეთს, მაგრამ გარკვეული უსიამოვნებების მიყენება ნამდვილად შეუძლიათ. ამიტომ რუსეთს მოუწევს გარკვეულ დათმობებზე წასვლა, იმიტომ რომ ფორმალურად ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი ყველა ქვეყანა თანაბარუფლებიანია.“


თუმცა, ვიდრე მოსკოვი დათმობებზე არ წასულა, ეკონომიკის ქართველი ექსპერტები შიშობენ, რომ ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე გაძლიერდება. ნიკო ორველაშვილი არ არის დარწმუნებული, რომ მთავრობა პრინციპულობას გამოიჩენს. ექსპერტი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ზეწოლას მხოლოდ რუსეთი არ ახორციელებს. ნიკო ორველაშვილი იხსენებს საქართველოში ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის მეთიუ ბრაიზას უკანასკნელ ვიზიტს:

[ნიკო ორველაშვილის ხმა] „როდესაც ბრაიზა ამბობს, ახლა დახუჭეთ თვალი, წაუყრუეთ, შევუშვათ რუსეთი და მერე დავიწყოთ მოლაპარაკების გზით პრობლემების გადაწყვეტაო, ეს არის სრული აბსურდი და, აი, რატომ: მინისტერიალზე საკითხები გაიტანება, თუ ახლად მიღებული წევრი აუარესებს იმ სავაჭრო რეჟიმს, რომელიც ჰქონდა მას მიღების მომენტისთვის. ამაზე მეტად რუსეთი ვეღარ გააუარესებს ვერაფერს.“

ნიკო ორველაშვილი დარწმუნებულია, რომ საქართველომ არ უნდა დაუთმოს რუსეთს, მხოლოდ დაპირების სანაცვლოდ. თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ საჯარო გამოსვლებში მეთიუ ბრაიზას უპირობო დათმობაზე სიტყვა არ დასცდენია. სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი თანამდებობის მოხელემ ქართველ კოლეგებს გამოცდილება გაუზიარა:

[მეთიუ ბრაიზას ხმა] „არ ვიტყოდი, რომ შეერთებულმა შტატებმა შეცვალა პოზიცია ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების მიმართ. შეერთებული შტატები წლების განმავლობაში აწარმოებდა და დაასრულა კიდეც მოლაპარაკებები რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკურ საკითხებზე. ჩვენ ვისურვებდით, რომ საქართველომაც შეძლოს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების თაობაზე რუსეთთან ორმხრივი მოლაპარაკებების გაგრძელება და დასრულება ისე, რომ შედეგად გათვალისწინებული იყოს საქართველოს ინტერესები.“

რუსეთი რომ საქართველოს ინტერესების გაუთვალისწინებლად ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანებაზე თანხმობას ვერ მიიღებს, ამაში ეჭვი არც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ეპარება. ნინო ბურჯანაძის თქმით, რუსეთს მოუწევს ორგანიზაციის წესდების ფუნდამენტური პრინციპების დაცვა:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] „თუ ჩვენ შორის იქნება ცივილიზებული სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობები, - მათ შორის იმ ლეგალურ სასაზღვრო გამშვებ პუნქტებსაც ვგულისხმობ, რომლებზეც შეთანხმებული ვიყავით, - ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში საქართველოს არავითარი პრეტენზია არ ექნება ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით და ჩვენ ხელოვნურ ბარიერებს არ შევქმნით.“
XS
SM
MD
LG