Accessibility links

logo-print

ტომას ჰენდრიკ ილვესი – „მე ქართველი ვარ“


პარლამენტის საგანგებო სხდომას დღეს 124 დეპუტატი, ანუ სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი, ესწრებოდა. სხდომაში მონაწილეობაზე უარი თქვეს ახალმა მემარჯვენეებმა. მათ არჩიეს პარლამენტის გარეთ გიორგობის დღესასწაული აღენიშნათ.

დარბაზში იმყოფებოდნენ ფრაქციების - „მრეწველთა“ და „დემოკრატიული ფრონტის“ წევრებიც. დღევანდელ საზეიმო სხდომას უკრაინისა და ესტონეთის პრეზიდენტები და პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარე ესწრებოდნენ, რომლებსაც დარბაზში საქართველოს პრეზიდენტი შეუძღვა. მე დღეს პარლამენტში ვიმყოფებოდი და ახლა სტუმართა გამოსვლებიდან ყველაზე მნიშვნელოვან მონაკვეთებს გაგაცნობთ:

ვიდრე სხდომა დაიწყებოდა, იქ მყოფები პარლამენტის დერეფანში გამოფენილ ფოტოებს ვათვალიერებდით. ამ ფოტოებზე იმ ადამიანთაგან, ვინც რევოლუციის დღეებში აქტიურობდა, დღეს კი ოპოზიციაშია, ხალხში მსხვილი პლანით მოჩანს მხოლოდ პრეზიდენტთან ახლოს მდგომი ირაკლი ბათიაშვილი. თუ კარგად დააკვირდებით, პარლამენტის დარბაზში შესვლის მასობრივ კადრში ირაკლი ოქრუაშვილსაც დაინახავთ. დანარჩენ ფოტოებზე მიხეილ სააკაშვილის გამოსვლები და ხალხის მსვლელობაა ასახული.

საზეიმო სხდომაზე ორი დეპუტატი – კახაბერ ოქრიაშვილი და კახაბერ შენგელია - ჩოხაში გამოწყობილი მოვიდა. საქართველოს დროშის სიმბოლიკიანი რევოლუციისდროინდელი ქუდით გამოცხადდა გია ნაცვლიშვილი.

საპატიო სტუმართაგან პირველმა უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ მიმართა დეპუტატებს. გამოსვლა მან ქართულ ენაზე დაიწყო:

[იუშჩენკოს ხმა]
„უკრაინელი ერის სახელით, ვულოცავ საქართველოს და ძმურ ქართველ ერს ვარდების რევოლუციის მესამე წლისთავს.“

უკრაინის პრეზიდენტი თავის გამოსვლაში, ვარდებისა და ნარინჯისფერი რევოლუციების მნიშვნელობის გარდა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში არსებულ პრობლემებსაც შეეხო და მათ მოგვარებაში მხარეებს უკრაინის დახმარება შესთავაზა:

[იუშჩენკოს ხმა]
„ვიტყვი რუსეთთან ურთიერთობაზე. უკრაინა არ დატოვებს თქვენს ურთიერთობას ყურადღების გარეშე. ჩვენ უნდა ვიმოქმედოთ როგორც თანაბარუფლებიანმა და მჭიდრო პარტნიორებმა, ემოციის გარეშე, თუმცა იმის გაგებით, რომ ჩვენ, უკრაინა და საქართველო, ერთად ვდგავართ. უკრაინა კიდევ ერთხელ სთავაზობს რუსეთსაც და საქართველოსაც თავის სამსახურს კონფლიქტის მოგვარებაში, მესამე მხარის სტატუსით - საერთაშორისო მანდატით, რომელიც მისაღები იქნებოდა კონფლიქტის ორივე მხარისთვის.“

რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში შუამავლობისთვის მზადყოფნას გამოთქვამს პოლონეთიც. პოლონეთის პარლამენტის თავმჯდომარემ მარეკ იურეკმა განაცხადა:

[იურეკის ხმა]
„ვიმედოვნებთ, რომ რუსეთი კონსტრუქციულად მიუდგება საქართველოს პრეზიდენტის შეთავაზებას ორ ქვეყანას შორის დავის შეწყვეტის თაობაზე. ყველას გვჭირდება, რომ რუსეთი იყოს ძლიერი, დემოკრატიული და მდიდარი ქვეყანა და კარგი ურთიერთობა ჰქონდეს ყველასთან, განსაკუთრებით - მეზობლებთან. ასეთი ტიპის თანამშრომლობა ყველას მოუტანს სარგებლობას, კონფრონტაცია კი ყველას აზარალებს. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოში არსებული კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვით, რის შესახებაც ითქვა ოქტომბერში პოლონეთის, უკრაინისა და ლიტვის პრეზიდენტების ერთობლივ განცხადებაში. ყველა კონფლიქტი შეიძლება მოგვარდეს მოლაპარაკებების გზით და პოლონეთი ყოველთვის მზად არის შუამავლის როლის შესასრულებლად.“

პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე აღსანიშნავი იყო გამოსვლა ესტონეთის პრეზიდენტის, რომელმაც საქართველოს მიმართ განსაკუთრებული მხარდაჭერის ნიშნად განაცხადა, რომ ის ქართველია:

[ილვესის ხმა]
„45 წლის წინ უდიდესი დემოკრატიული ქვეყნის პრეზიდენტი ჯონ ეფ. კენედი მაშინდელი ევროპის თავისუფლების ფორპოსტს – ბერლინს - ეწვია და თავისი სოლიდარობა შემდეგი სიტყვებით გამოხატა: „მე ბერლინელი ვარ“. დღეს თბილისში დემოკრატიის მცირე ქვეყანა თავისუფლებისა და ევროპული ფასეულობების სხვა პლაცდარმს ეწვია და ამბობს: „ჩვენ თქვენთან ვართ. მე თქვენთან ვარ.“ და დღეს აქ, დემოკრატიის ამ დიდებულ სასახლეში მე შემიძლია ვთქვა: „მე ქართველი ვარ“.

თუმცა ამ ემოციურ განცხადებაზე უფრო მნიშვნელოვანი ესტონეთის პრეზიდენტის გამოსვლის სხვა ნაწილი გახლდათ:

[ილვესის ხმა]
„ქალბატონებო და ბატონებო, საქართველოს ნატოშიც ჰყავს ძლიერი და თავდადებული მხარდამჭერი. ჩვენ მხარს ვუჭერთ თქვენს გაწევრიანებას ამ დიდებულ ორგანიზაციაში. ახლახან შევხვდი ნატოს გენერალურ მდივანს იაპ დე ჰოოპ სხეფერს და მოვუწოდე მას, რაც შეიძლება ძლიერი იყოს საქართველოს შესახებ ჩანაწერი საბოლოო კომუნიკეში, რომელსაც მომავალ კვირაში რიგის სამიტზე მივიღებთ. სამშაბათს ტალინში ვხვდები პრეზიდენტ ბუშს და მე მას იმავე თხოვნით მივმართავ, რაც შეიძლება ძლიერი მხარდაჭერა გამოხატოს საქართველოს მიმართ.“
XS
SM
MD
LG