Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ალექსანდრ ლიტვინენკოს გარდაცვალების მიზეზად რადიაციას ასახელებენ


ალექსანდრ ლიტვინენკო
ალექსანდრ ლიტვინენკო

გუშინ ლონდონის უნივერსიტეტის კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი აგენტი ალექსანდრ ლიტვინენკო,

რომელიც ბოლო წლებში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თავგამოდებული კრიტიკოსი იყო. 6 წლის წინ მან თავშესაფარი ითხოვა დიდ ბრიტანეთში. 1 ნოემბერს, ლონდონის ერთ-ერთ რესტორანში სადილობისას, ის შეუძლოდ შეიქნა. ექსპერტთა დიდი ნაწილის ვარაუდით, ლიტვინენკო კრემლის განკარგულებით მოწამლეს. თუმცა, ზოგიერთი ფიქრობს, რომ საფუძვლიანი გამოძიების დასრულებამდე დასკვნების გამოტანა ნაადრევია. თავად კრემლი მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებას უარყოფს.

ალექსანდრ ლიტვინენკოს გარდაცვალების ამბავი ლონდონის უნივერსიტეტის კლინიკური საავადმყოფოს წარმომადგენელმა ჯიმ დაუნმა დღეს დილით გამოაცხადა:

[ჯიმ დაუნის ხმა]

1 ნოემბრიდან მოყოლებული, ლიტვინენკოს ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უარესდებოდა და 17 ნოემბერს იგი უკვე ლონდონის ხსენებულ საავადმყოფოში მოათავსეს. თავიდან ტოქსიკოლოგები ფიქრობდნენ, რომ ლიტვინენკო მოწამლული იყო თალიუმით - მეტად ძლიერი ტოქსინით, რომელიც შინაგან ორგანოებსა და ცენტრალურ ნერვულ სისტემას აზიანებს, – მაგრამ ბოლო გამოკვლევებმა ეს ვერსია უკუაგდო. როგორც დღეს დილით განაცხადა იმავე ჯიმ დაუნმა, გამოძიება გრძელდება და მასში – ექიმებთან ერთად – "სკოტლანდ იარდიც" აქტიურად არის ჩაბმული.

საღამოს გავრცელდა ცნობები, რომ ლიტვინენკოს ორგანიზმში აღმოაჩინეს ძლიერ ტოქსიკური იზოტოპი - ”პოლონიუმ 210”. საღამოსვე ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ რადიაციიის კვალი იპოვეს ადგილებში, სადაც ლიტვინენკო იმყოფებოდა იმ დღეს, როცა ავად გახდა - კერძოდ, ერთ-ერთ იაპონურ რესტორანში და სასტუმროში. კვალი ლიტვინენკოს ბინაშიც აღმოჩნდა.

რაც უნდა იყოს ლიტვინენკოს გარდაცვალების მიზეზი, მის ახლობლებსა და ოჯახის წევრებს ეჭვი არ ეპარებათ, რომ მკვლელობა კრემლის განკარგულებით განხორციელდა. ასეთთა შორის არის ოლეგ გორდიევსკი, თავადაც რუსეთის სპეცსამსახურების ყოფილი აგენტი, რომელმაც ჯერ კიდევ 80-იან წლებში შეაქცია ზურგი მაშინდელ საბჭოთა კავშირს და დიდ ბრიტანეთში მოითხოვა თავშესაფარი.

რადიო "თავისუფლებასთან" ინტერვიუში გორდიევსკიმ თქვა, რომ ლიტვინენკოს მოწამვლა მხოლოდ მორიგი ეტაპია კრემლის კამპანიისა, რომელიც ოპონენტების თანდათანობით ლიკვიდაციას ისახავს მიზნად.

[ოლეგ გორდიევსკის ხმა]: "ანა პოლიტკოვსკაია მოკლეს, ჩეჩნეთის ყოფილი პრეზიდენტი უცხოეთში მოკლეს, შჩეკოჩიხინი მოწამლეს… ეჭვგარეშეა, რომ ეს დისიდენტების წინააღმდეგ მიმართული კამპანიაა."

ასეთ მოსაზრებას ყველა როდი იზიარებს. "კრემლის დაკვეთის ვერსიისა" არ სჯერა ბორის კაგარლიცკის, ყოფილ დისიდენტსა და პუბლიცისტს, რომელმაც 70-იან წლებში, საბჭოთა ციხის სიმკაცრე საკუთარ "ტყავზე" გამოსცადა. მისი არგუმენტი ასეთია:

[ბორის კაგარლიცკის ხმა]: "პირადად მე არა მგონია, ამ სახის გადაწყვეტილებებს მაღალ დონეზე იღებდნენ. ამჟამად რუსეთის ხელისუფლებისთვის ლიტვინენკოს მკვლელობას გაცილებით მეტი ზიანი მოაქვს, ვიდრე სარგებელი. ეს იმდენად აშკარაა, რომ არა მგონია, რუსეთის ხელისუფლება ან, თუნდაც, სპეცსამსახურების ხელმძღვანელები იმდენად არაკომპეტენტურნი იყვნენ, რომ ამდენი არ ესმოდეთ. ეს ყველაფერი ხომ მთელი ევროპის თვალწინ ხდება და, რბილად რომ ვთქვათ, ხელს არ უწყობს რუსეთისა და მისი დღევანდელი მმართველების რეპუტაციის გაუმჯობესებას."

კრემლი, როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ყველა ბრალდებას უარყოფს. რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივნის მოადგილემ დმიტრი პესკოვმა ბრალდებებს "სრული ნონსენსი" უწოდა.

[დმიტრი პესკოვის ხმა]: "რუსეთის წინააღმდეგ ამ საქმესთან დაკავშირებით გამოთქმული ბრალდებები სრული ნონსენსია. ნონსენსია და მეტი არაფერი! იმდენად დიდი სისულელეა, იმდენად დაუჯერებელია, რომ არც კი ღირს ოფიციალური პირების კომენტარად."

ამავე შინაარსის კომენტარებს გაიგონებთ დღეს რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურიდანაც. ამ უწყების პრეს-მდივანმა სერგეი ივანოვმა ისიც კი თქვა, მოსკოვი სულაც არ არის დაინტერესებული ბრიტანეთთან ურთიერთობის გაუარესებითო. ბრალდება უარყო პრეზიდენტმა პუტინმაც, რომლის თქმით, ლიტვინენკოს სიკვდილი ”პოლიტიკური პროვოკაციის” მიზნით არ უნდა გამოიყენონ.

თავად ლიტვინენკომ, სამშაბათს, გონების დაკარგვამდე სულ რამდენიმე საათით ადრე, თავის მეგობარს, კინორეჟისორ ანდრეი ნეკრასოვს უთხრა, კრემლმა გამაჩუმაო. თუმცა, როგორც ლიტვინენკოს კიდევ ერთმა მეგობარმა ალექსანდრ გოლდფარბმა განუცხადა ლონდონში შეკრებილ ჟურნალისტებს, ერთი კაცის გაჩუმებით მოსკოვი მიზანს ვერ მიაღწევს.

[ალექსანდრ გოლდფარბის ხმა]: "ერთი კაცის გაჩუმება შეიძლება შეძლოთ; მაგრამ მთელი მსოფლიოდან წამოსული საპროტესტო შეძახილების ექო მთელი დარჩენილი ცხოვრების მანძილზე თან გაგყვებათ, ბატონო პუტინ!"

ლონდონშივე, ჟურნალისტებს შეხვდა გარდაცვლილის მამა ვალტერ ლიტვინენკო. კორესპონდენტებისთვის მისი ნათქვამი დასავლეთის საზოგადოებებისა და მთავრობებისადმი მოწოდებად უფრო ჟღერდა:

[ვალტერ ლიტვინენკოს ხმა]: "ნუ დაუჯერებთ ამ რეჟიმს! მოსკოვის რეჟიმი მთელი მსოფლიოსთვის მომაკვდინებელი რეჟიმია. ნუ დაუჯერებთ მას! საშა მას ებრძოდა, მას ეს ესმოდა."

XS
SM
MD
LG