Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰელსინკიში ევროკავშირსა და რუსეთს შორის სამიტს ჩრდილი მიაყენა პოლონეთის ვეტომ


ჰელსინკიში დღეს გამართულ სამიტზე ევროკავშირისა და რუსეთის ლიდერებმა სტრატეგიული პარტნიორობის ახალ შეთანხმებაზე მოლაპარაკება ვერ გამართეს.


ამის მიზეზი მოლაპარაკებაზე პოლონეთის მხრიდან დადებული ვეტო იყო. ოფიციალურ განცხადებებში ლიდერები შეეცადნენ აღენიშნათ, რომ ამ მოლაპარაკების ჩაშლა ძალიან მნიშვნელოვანი არ ყოფილა და რომ საუბარი სხვა მნიშვნელოვან საკითხებს შეეხო. სამიტის შემდეგ პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც თავდაჯერებულმა რუსეთის პრეზიდენტმა ევროპის მხრიდან გამოთქმული თითქმის ყველა კრიტიკული შეფასება თავიდან აირიდა.

ევროკავშირსა და რუსეთს შორის მე-18 სამიტი რთულად დაიწყო. შეხვედრის წინა დღეს საბოლოოდ გაირკვა, რომ სამიტზე ვერ მოხერხდებოდა მთავარი საკითხის - სტრატეგიული პარტნიორობის ახალი შეთანხმების - განხილვა. ამ საკითხზე მოლაპარაკებას ვეტო პოლონეთმა დაადო და ბოლომდე უარი თქვა პოზიციის შეცვლაზე. ვეტოს მიზეზი რუსეთის მიერ პოლონური წარმოების ზოგიერთი პროდუქტის იმპორტის აკრძალვა იყო.

სამიტზე პოლონეთი ოფიციალურად არავის დაუდანაშაულებია. ევროკომისიის პრეზიდენტმა ხოსე მანუელ ბაროზუმ ორივე მხარისათვის მისაღები განცხადებების გაკეთება სცადა. მან რუსეთის მიერ დაწესებულ აკრძალვას ”გადაჭარბებული” ზომა უწოდა, თუმცა, ამავე დროს, აღნიშნა, რომ ვარშავაში წარგზავნილმა ევროკავშირის ექსპერტებმა, მართლაც, აღმოაჩინეს ”გარკვეული პრობლემები”.

რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ამ საკითხით შეშფოთებული არ ჩანდა. მეტიც, მან ევროკავშირს რჩევაც კი მისცა იმის შესახებ, თუ როგორ არის შესაძლებელი პოლონეთის წინააღმდეგობისთვის გვერდის ავლა:

[პუტინის ხმა] ”ევროკომისიას ჩვენთან იმპორტზე მოლაპარაკების წარმოების მანდატი აქვს. ამ შემთხვევაში ევროკავშირი ერთიან პოზიციაზე დგას. ექსპორტის თაობაზე კი ამგვარი მანდატი არ არსებობს. ჩვენ უკვე დიდი ხანია გეუბნებით - ევროკავშირში ექსპორტის საერთო სერტიფიკატის შემუშავებაა საჭირო. ამით მსგავსი პრობლემების გადაჭრა გაგვიადვილდებოდა. მაგრამ ევროკავშირის შიგნით ჯერჯერობით ამ საკითზე საერთო შეხედულება არ არსებობს. ჩვენ დავიცდით.”

ევროკავშირის მორიგე პრეზიდენტი ქვეყნის - ფინეთის -პრემიერ-მინისტრმა მატი ვანჰანენმა განაცხადა, რომ კვლავაც გააგრძელებს შექმნილი პრობლემის გადასაჭრელად გზების ძიებას და იმედოვნებს, პოლონეთის წინააღმდეგობა წლის ბოლომდე იქნება დაძლეული.

რუსეთს ნათქვამი აქვს, რომ სურს, პარტნიორობის ახალი შეთანხმებით, ამჟამინდელზე უფრო თანასწორ პოზიციაზე დადგეს ევროკავშირის მიმართ. ევროკავშირს კი 1997 წელს მიღებული შეთანხმების გადახედვა დღევანდელი პრობლემატიკის ასახვის მიზნით უნდა - ეს განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობას ეხება.

თუმცა რუსეთი და ევროკავშირი თანხმდებიან, რომ თუ ახალი შეთანხმება ვერ შემუშავდა, მოქმედი დოკუმენტის ვადის გაგრძელება შესაძლებელია.

როგორც სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე გამოცხადდა, შეხვედრაზე არაერთი სხვა საკითხი განიხილეს - მათ შორის, რუსეთსა და ევროკავშირს შორის ენერგეტიკულ სფეროში თანამშრომლობა და საერთაშორისო საკითხები. ევროკომისიის პრეზიდენტმა ხოსე მანუელ ბაროზუმ თემების ჩამოთვლისას საქართველოც დაასახელა, თუმცა პრესკონფერენციაზე არ დაუზუსტებიათ, კონკრეტულად რა ითქვა სამიტზე:

[სოლანას ხმა] ”საუბარი შეეხო ირანს, ახლო აღმოსავლეთს, მოლდავეთისა და დნესტრისპირეთის საკითხის გადაჭრას; ვილაპარაკეთ საქართველოზე, კოსოვოზე და ყველა სხვა საკითხზე, რომელსაც როგორც ევროკავშირისთვის, ისე რუსეთისთვის მნიშვნელოვნად მივიჩნევთ. ჩვენ ამ საკითხების მოგვარება მეგობრობით, თანამშრომლობით გვსურს.”

ფინეთის პრემიერ-მინისტრის მატი ვანჰანენის თქმით, ევროკავშირის ლიდერებს პუტინთან ”ნაყოფიერი და გულწრფელი” საუბარი ჰქონდათ - განიხილეს რუსეთში არსებული ვითარება ადამიანის უფლებების, დემოკრატიული სტანდარტებისა და კანონის უზენაესობის დაცვის კუთხით. სამიტის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ვლადიმირ პუტინი თავდაჯერებული და შემტევი ჩანდა. მან თავი აარიდა ევროკავშირის მხრიდან გამოთქმულ თითქმის ყველა კრიტიკულ მოსაზრებას. რუსი ჟურნალისტის ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის საქმის ირგვლივ საუბრისას, პუტინმა კიდევ ერთხელ დაგმო ეს მკვლელობა და განაცხადა:

[პუტინის ხმა] ” უნდა გვახსოვდეს არა მხოლოდ რუსეთში, არამედ ევროპის ქვეყნებში ჩადენილი მსგავსი დანაშაულებანი. არსებობს ჯერ კიდევ გაუხსნელი, გახმაურებული პოლიტიკური მკვლელობები. ეს ჩვენი საერთო პრობლემაა. და თუკი ვნახავთ, რა მდგომარეობაა ევროკავშირის ზოგიერთ წევრ ქვეყანაში მაფიასთან დაკავშირებით - მაფიასთან, რომელიც ცალკეულ შემთხვევებში კი არა, მუდმივად კლავს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, მოსამართლეებს, პროკურორებს, გამომძიებლებს, ჟურნალისტებს, პოლიტიკურ მოღვაწეებს... ევროპის ქვეყნებში ასეთ მაფიოზებს ათწლეულების განმავლობაში ეძებენ ხოლმე.”
  • 16x9 Image

    სალომე ასათიანი

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2004 წლიდან. მუშაობს კულტურისა და პოლიტიკის თემებზე. არის ავტორი პოდკასტისა "ასათიანის კუთხე“, რომელიც ეხება ლიტერატურას, კინოს, მუსიკას, კულტურის ისტორიას, ფსიქოანალიზს, ფემინიზმის საკითხებს და იდეების ისტორიას.

XS
SM
MD
LG