Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა გავლენას მოახდენს საქართველოს გაზმომარაგებაზე ჩრდილოეთ ოსეთში გაზსადენზე მომხდარი აფეთქება


საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, 24 ნოემბერს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე, ჩრდილოეთ ოსეთში, მაგისტრალური გაზსადენი აფეთქდა.


რუსეთის საგანგებო სიტუაციათა სამინისტროს ცნობით, აფეთქება ორი მაგისტრალური მილსადენიდან ერთ-ერთზე, 700 მილიმეტრიან გაზსადენზე, მოხდა. ბუნებრივი აირით საქართველო სწორედ ჩრდილოეთ ოსეთზე გამავალი მილსადენებიდან მარაგდება, თუმცა, როგორც ირკვევა, 700 მილიმეტრიანი გაზსადენი მხოლოდ სარეზერვოა. იქონიებს თუ არა გავლენას ეს აფეთქება საქართველოს გაზმომარაგებაზე?

ჩრდილოეთ ოსეთში 700 მილიმეტრიანი მაგისტრალური გაზსადენის აფეთქების შესახებ ინფორმაციის გავრცელებიდან რამდენიმე საათში საქართველოს ენერგეტიკის სამინისტრომ პრესკონფერენცია მოიწვია. მინისტრის მოადგილემ ალეკო ხეთაგურმა საქართველოს მოსახლეობა ანუგეშა, აფეთქებული გაზსადენით საქართველო არ სარგებლობდაო:

[ალეკო ხეთაგურის ხმა] ”ეს არის რუსეთის შიდამოხმარების მილსადენი. ისტორიულად, უბრალოდ, ამას მოზდოკი-თბილისი ერქვა. ეს არის მოზდოკის რაიონში, საზღვრიდან დაახლოებით 150-200 კილომეტრში. 2001 წლის შემდეგ ამ მილსადენით საქართველო გაზს აღარ იღებს. დღესდღეობით გაზის მიღება ხორციელდება 1200-იანი მილსადენით. პრობლემა არანაირი არ არის, წნევები ნორმალურია, რუსეთთან უკვე გვქონდა კავშირი და, შესაბამისად, გაზმომარაგებაში არანაირი პრობლემა არ არსებობს.”(სტილი დაცულია)

ამ მომენტში პრობლემები ნამდვილად არ არსებობს, მაგრამ ის შეიძლება პირველი იანვრის შემდეგ გაჩნდეს, მაშინ, როდესაც რუსეთთან დადებულ ხელშეკრულებათა მოქმედების ვადა ამოიწურება, - ვარაუდობენ ენერგოუსაფრთხოების ექსპერტები. ერთ-ერთი მათგანის, გია ხუხაშვილის, განცხადებით, გაზსადენის აფეთქებით რუსეთმა საქართველოს გამაფრთხილებელი სიგნალი მისცა:

[გია ხუხაშვილის ხმა] ”მან ჩართო ყველა მექანიზმი. ეს არის იმპორტ ექსპორტთან დაკავშირებული პრობლემები, სატრანსპორტო პრობლემები, მაგრამ მთავარი დამრტყმელი ძალა ეს არის ენერგეტიკა და ეცდებიან მაქსიმალური ეფექტი მიიღონ.”

გია ხუხაშვილს კიდევ ერთ სიგნალად რუსეთის მიერ აზერბაიჯანისთვის გაზის მიწოდების შემცირების განზრახვა მიაჩნია, რაც ბაქოს საშუალებას აღარ აძლევს საქართველოსთვის რუსეთის გაზის ალტერნატიულ მიმწოდებლად ჩამოყალიბდეს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრეზიდენტმა უარი განაცხადა რუსეთისგან 230 აშშ დოლარამდე გაძვირებული გაზი იყიდოს. ოფიციალური თბილისი ალტერნატივებს ეძებს. ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენიდან დამატებითი მოცულობის გაზის მისაღებად თბილისმა თურქეთის მთავრობას მიმართა თხოვნით. საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი და ენერგეტიკის მინისტრი ნიკა გილაური სტამბულში იმყოფებიან. აი, რა განაცხადა ნოღაიდელმა თავის თურქ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ:

[ნოღაიდელის ხმა] ”საქართველოში გაზი იანვარში აუცილებლად იქნება. ფასებსა და რაოდენობაზე ლაპარაკი ჯერჯერობით ნაადრევია, იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს რამდენიმე ვარიანტი, უნდა ავარჩიოთ საუკეთესო ვარიანტი და, როცა მივიღებთ გადაწყვეტილებას, ამას გაცნობებთ.”

ნოღაიდელის ოპტიმიზმს საპარლამენტო ოპოზიციაც იზიარებს, თუმცა კითხვის ქვეშ აყენებს ბუნებრივი აირის საფასურის საკითხს. დემოკრატიული ფრონტის ერთ-ერთ ლიდერს, კახა კუკავას, მოვუსმინოთ:

[კახა კუკავას ხმა] ”კრიზისი მოწოდების შეიძლება არ შეიქმნას. როგორც რუსეთი, ისე ირანი მზად არის მოგვაწოდოს გაზი. საუბარი არის ფასებზე.”

ენერგოუსაფრთხოების ექსპერტების აზრით კი, რუსეთს ხელთ უპყრია როგორც აზერბაიჯანული, ასევე ირანული გაზის ფასის რეგულირების ყველა ბერკეტი. აზერბაიჯანის შემთხვევაში ეს უკვე ნათლად გამოჩნდა. ირანული გაზის ფასი კი, ექსპერტ გია ხუხაშვილის განმარტებით, დამოკიდებულია მოსკოვის განწყობაზე და განპირობებულია გაეროში ირანის საწინააღმდეგო რეზოლუციების ბლოკირებით.
XS
SM
MD
LG