Accessibility links

logo-print

კულტურული მიმოხილვა, 26 ნოემბერი


ვინ დაითვლის, რამდენჯერ უმღერიათ

სადღესასწაულო კონცერტებზე ”დამისხი, დამალევინე” - საბჭოთა ეპოქაში, პოსტსაბჭოთა, ე.ი. ჯერ გამსახურდიას, შემდეგ შევარდნაძის, ეპოქაში და მერეც, ”ვარდების რევოლუციის” წლისთავებზე... არ უმღერიათ მხოლოდ “ვარდების რევოლუციის” დასრულების შემდეგ, 3 წლის წინ, როცა რევოლუციონერები გამარჯვებას ზეიმობდნენ - იმ საღამოს, რუსთაველზე,
”წვიმის მუსიკოსებმა” იმღერეს... თანაც, ძალიან უბრალო სცენაზე, განათებისა და გამართული აპარატურის გარეშე.

მაგრამ ეს უბრალოება, ერთგვარი ”ჰორიზონტალური წესრიგი”, რომელსაც ხალხი მაშინ თავად იცავდა, ნელ-ნელა ვერტიკალით შეიცვალა - საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, ინაუგურაცია უკვე გამოკვეთილ გეომეტრიულ ფორმებზე აიგო. მერე ”ვარდების რევოლუციის” პირველი წლისთავის აღსანიშნავი კონცერტიც მოეწყო, საგანგებოდ აშენებული სცენით თავისუფლების მოედანზე და, რა თქმა უნდა, ”დამისხი, დამალევინეს” თანხლებით. სადღესასწაულო კონცერტებზე ფონოგრამაზე დაკვრამ არ გაამართლა - ორკესტრი, რომელიც ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონიას ”სხვის დაკრულზე” ასრულებდა, ”გამოიჭირეს”, დიდი სკანდალი ატყდა. ამიტომ ”ვარდების რევოლუციის” 3 წლისთავის აღსანიშნავი კონცერტის ორგანიზატორებმა ოპერის ორკესტრს ამჯერად მუსიკის ცოცხალი შესრულება მოსთხოვეს. რეპერტუარი გამარტივდა, მაგრამ სიცივეში დაკვრა მუსიკოსებს ძალიან გაუჭირდათ.

[ხმა. კონცერტი]

აქ მთავარი, რა თქმა უნდა, შესრულების ხარისხი არ რის... მთავარი მელოდიაა, საზეიმო განწყობილება, ამაღლებულობის განცდა, რომელიც წელს სცენაზე აღმართული ობელისკებითაც უნდა შექმნილიყო. ერთსაათიანი კონცერტის დროს მხოლოდ ერთხელ შეიქმნა საკრალური ვერტიკალის დანგრევის საშიშროება - ნინო სურგულაძემ კარმენის შესრულება გადაწყვიტა - კარმენისა, ვარდით ხელში.

[ხმა. ნინო სურგულაძე]

ჩეხოვის თოფისა არ იყოს, პუბლიკა ელოდა, რომ ”ხაბანერას” დასრულებისთანავე კარმენი-სურგულაძე აუცილებლად ესროდა ვარდს საქართველოს პრეზიდენტს (როგორც ამას კარმენი აკეთებს ოპერაში), მაგრამ მომღერალმა თავი შეიკავა, უფრო სწორად, არ დაარღვია კონცერტის ეს ობესლისკურ-ვერტიკალური სტილი... ერთია ფრანგულად მომღერალი კარმენი - ახლად გახსნილი წმინდა გიორგის ქანდაკება-ობელისკის წინ და მეორეა კარმენის ექსცენტრიული საქციელი... ამას რევოლუციის მესამე წლისთავზე ჩამოყალიბებული ”მორჩილი კულტურა” უკვე ნამდვილად ვერ აიტანდა.

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”ქარიშხალს ყოველთვის მოჰყვება სიმშვიდე, წვიმას - კარგი ამინდი, ღრუბლებში ყოველთვის გაანათებს მზე.”

სტილის ეს გრძნობა პრეზიდენტის სიტყვაშიც გამოჩნდა. ქართულ საზოგადოებას ”ცაში ყურებისა” და წმინდა გიორგის იმედით ცხოვრებისკენ მოუწოდეს. 23 ნოემბერს თავისუფლების მოედანზე მობრძანებულ საზოგადოებას ძალიან მაღლა მოგვიხდა თავის აწევა, რათა წერეთლის სვეტზე წმინდა გიორგის ცხენოსანი ქანდაკება დაგვენახა. წინა ღამეს, ე.ი. 22 ნოემბერს, საქართველოს საზოგადოებრივმა არხმა, გარკვეული თვალსაზრისით, მოგვამზადა სასწაულის ხილვისთვის... ზურაბ წერეთლის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ ფილმში საავტორო ტექსტი და ტექსტის კითხვის მანერა აუცილებლად გაგახსენებდათ იმ დროს, როცა აქ, ამავე არხზე, სასწაულმოქმედი შრომის გმირების კინოპორტრეტებს უჩვენებდნენ, როცა ხელისუფლება და ხელოვანი (უფრო სწორად, ”ინტელიგენციის წარმომადგენელი”) ჰარმონიულად, ხმაშეწყობით უმღეროდნენ საბჭოთა სასწაულს - ჩვენი ქვეყნის ბედნიერ მომავალს, ამტკიცებდნენ, რომ ძალიან ცოტაა დარჩენილი იმისათვის, რომ ამაყი და დიდებული საბჭოთა ადამიანი (რუსულად - ”ჩელოვეკ ს ბოლშოი ბუკვი”) თავად ცას მისწვდეს და პლანეტების მბრძანებელი გახდეს.

[ხმა. ფილმი ”ზურაბ წერეთელი”] ”მოსკოვის მერმა იური ლუჟკოვმა ზურაბ წერეთელი სახალხო მხატვრად მოიხსენია...”

თუკი ამ ეპოქას არ მოსწრებიხართ ან აღარ გახსოვთ, შეხედეთ, ისწავლეთ, - გვითხრეს ზურაბ წერეთლის ”კინოპანეგირიკის” შემქმნელებმა. - თქვენ, ”წვიმის მუსიკოსებო”, კაკაფონიით რომ გააყრუეთ ხალხი სამი წლის წინ, თქვენ, რამდენიმე ცინიკოსმა მოქალაქემ, გასულ წელს აქცია რომ მოაწყვეთ წმინდა გიორგის ჯერ გაუხსნელ ქანდაკებასთან, აი, როგორი უნდა იყოს ჰარმონია - წერეთლის რუსეთში დადგმული ძეგლები - ჩაიკოვსკის მუსიკით უნდა გავაფორმოთ, საფრანგეთში გახსნილი სკულპტურა - ფრანგული მუსიკით, წერეთლის დაჯილდოების რიტუალები კი... ე.ი. მოქანდაკის თავბრუდამხვევი წარმატებები... - შტრაუსის ვალსებით.

[ხმა. ფილმი ”ზურაბ წერეთელი”] ”მოსკოვის 850-ე წლისთავის აღნიშვნისას...”

გათენდა და ასეთი - საბჭოთა - ესთეტიკა მეორე დღეს უკვე 23 ნოემბრისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში წარმოჩნდა - ამაღლებულობამ, ”ცაში მზერამ” უკვე ხელისუფლების რიტორიკაზეც იმოქმედა. ქალაქის მერი გიგი უგულავა, რომელიც 3 წლის წინ ”კმარას” გაჰყვიროდა, ”ცნობიერების რევოლუციას” მოითხოვდა, წელს, ქაქუცა ჩოლოყაშვილის მემორიალის გახსნაზე, ლამის ძველქართულად ალაპარაკდა:




[გიგი უგულავას ხმა] ”ქაქუცა არის ქართული სულის სიმბოლო, მოუდრეკელი სულის სიმბოლო და ქაქუცასნაირი გმირები დღეს ჩვენს ქვეყანაში მრავლად არიან, ხალხი, რომელსაც, საჭიროების შემთხვევაში, შეუძლია სული თვისი დადოს ქვეყნისთვის.”

სწორედ ამ დროს იმ ორგანიზაციის მესვეურებს, რომელსაც ”თანასწორობის ინსტიტუტი” ჰქვია, ”თავისუფლების ინსტიტუტი” გაახსენდათ და პერფომენსი მოაწყვეს თავისუფლების მოედნიდან შორს, გრიბოედოვის ქუჩაზე.

[ზურაბ რთველიაშვილის ხმა] ”ვიგინდარები იწერდნენ პირჯვარს... დააკანონე ვარდი.”

ეს პოეტი ზურაბ რთველიაშვილია - ”თანასწორობის ინსტიტუტის” აქტივისტი, რომელიც 3 წლის წინ ”ვარდების რევოლუციას” თანაუგრძნობდა, მერე კი ციხეში ჩაჯდა, რადგანაც მეტისმეტად ექსცენტრიკულად მოიქცა... ექსცენტრიკა კულტურული წესრიგის ეპოქაში კანონის დარღვევას ნიშნავს... კაცმა რომ თქვას, ”კულტურული წესრიგი” მაინცდამაინც არც თანასწორობას ცნობს. ვერტიკალზე აგებული კულტურისათვის, რომელიც მოითხოვს, ძალიან მაღლა აიხედო ცაში, რათა იქ იმედი და თავისუფლება დაინახო, თანასწორობა არაფერს ნიშნავს. თავისუფლებისმოყვარულ კარმენს შეუძლია იმღეროს თავისი ხაბანერა, ვარდით ხელში... ოღონდ უნდა ახსოვდეს, რომ ძველი ოინები არ გაუვა - კანონმორჩილ კულტურას თავგზას ვეღარ აურევს. ასეთ ვითარებაში ოდნავ განსხვავებულად აღიქმება ”დამისხი, დამალევინეს” ტექსტიც: ”ეგება წაღმა ვიფიქრო სოფლის უკუღმა ტრიალი”; მერე კი ასე: ”თქვენთან ძაღლურად სიცოცხლეს, სიკვდილი მიჯობს ცდაშია.”
XS
SM
MD
LG