Accessibility links

რატომ აინტერესებს დასავლეთს სამხრეთ კავკასიის ინტეგრაცია


17 ნოემბერს სან-მარინოში, ევროსაბჭოს მუდმივი კომიტეტის სხდომაზე, სხვა საკითხებს შორის განიხილეს დოკუმენტის პროექტი -“სტაბილურობის პაქტი სამხრეთ კავკასიისთვის”.

რას ითვალისწინებს ეს კონცეფცია და გააჩნია თუ არა მას რეალური საფუძველი ან განხორციელების პერსპექტივა?

სამხრეთ კავკასიის ერთიან რეგიონად აღქმისკენ ლტოლვას დასავლეთი სისტემატურად ავლენს. არაერთხელ ყოფილა მოწოდება სამხრეთ კავკასიის რეგიონის ლიდერებისადმი გადაედგათ ნაბიჯი შიდარეგიონული ინტეგრაციისკენ, რასაც მოჰყვა კიდეც რეგიონის ლიდერთაAრამდენიმე უშედეგო მცდელობა, იმავე “მშვიდობიანი კავკასიის” ინიციატივის სახით. რეგიონული თანამშრომლობის ხელისშემშლელი ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტები გახლავთ.

17 ნოემბერს სან-მარინოში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუდმივი კომიტეტის სხდომაზე, რუმინელმა დეპუტატმა ადრიან სევერინმა წარმოადგინა დოკუმენტის პროექტი - “სტაბილურობის პაქტი სამხრეთ კავკასიისთვის”, რომლის არსიც არის ის, რომ უნდა მოხდეს სამხრეთ კავკასიის ქვეყნების თანამშრომლობის გაღრმავება ინტეგრაციის ისეთ დონემდე, რომელიც ევროკავშირის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მოდელს მიუახლოვდებოდა, ანუ შედეგად მოგვცემდა სამხრეთ კავკასიას, როგორც რეგიონულ ერთეულს, რაც, თავის მხრივ, უზრუნველყოფდა რეგიონის უსაფრთხოებასა და განვითარებას. დოკუმენტი, რომელიც ერთდროულად ანგარიშიც გახლავთ და რეზოლუციისა და რეკომენდაციების ნაწილებსაც შეიცავს, ევროსაბჭოს მუდმივმა კომიტეტმა მოიწონა.

პოლიტოლოგ არჩილ გეგეშიძეს მიაჩნია, რომ ევროპა სათანადოდ სერიოზულად არ უდგება სამხრეთ კავკასიის ინტეგრაციის საკითხს და განმარტავს:

[გეგეშიძის ხმა]
“ინტეგრაცია ხელწამოსაკრავი სიტყვა არ გახლავთ და უბრალოდ მისაღწევი ეტაპი არ არის ეკონომიკურ თანამშრომლობაში. ინტეგრაცია ეს არის თანამშრომლობის საკმაოდ მაღალი დონე, რომელიც აუცილებლად უნდა ეფუძნებოდეს ერთიანად ხედვას საერთო მიზნებისა რეგიონზე, ერთიანი პასუხისმგებლობის განცდას უნდა ეფუძნებოდეს და, ხშირ შემთხვევაში, რეგიონული ინტერესების საკუთარ ნაციონალურ ინტერესებზე უფრო მაღლა დაყენებასაც მოითხოვს ხოლმე ხანდახან, როდესაც ინტეგრაციაზეა საუბარი, იმიტომ რომ ინტეგრაციის დროს სუვერენიტეტის გარკვეულ დოზას თმობ, იქნება ეს პოლიტიკური თუ ეკონომიკური სუვერენიტეტი. და ახლა, რის სუვერენიტეტზეა საუბარი, როდესაც ორი ქვეყანა ოფიციალურად საომარ მდგომარეობაშია ერთმანეთთან – აზერბაიჯანი და სომხეთი და სამხრეთ კავკასიაში დიდი ხანია უკვე ისმება კითხვა იმის თაობაზე, თუ რა უნდა მოხდეს პირველად – ეკონომიკური თანამშრომლობით იქნებ მივაღწიოთ არსებული პრობლემების პოლიტიკურად მოგვარებას და პოლიტიკურ ფორმულას მივაგნოთ, თუ, პირიქით, ჯერ მოვაგვაროთ ეს კონფლიქტები და შემდგომ ვითანამშრომლოთ როგორც საჭიროა,ხო.”(სტილი დაცულია)

არჩილ გეგეშიძეს მიაჩნია, რომ მხოლოდ და მხოლოდ კონფლიქტების მოგვარების შემდეგ შეიძლება იყოს საუბარი სერიოზულ თანამშრომლობაზე - ასეთი დასკვნის საფუძველს მას უახლესი ისტორია აძლევს.

21-22 ნოემბერს რუსეთ-საქართველოს ურთიერთობაში გასარკვევად თბილისში იმყოფებოდნენ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები მატიაშ ერში და ლუკ ვან დენ ბრანდე. მანამდე ორივე მონაწილეობდა სან- მარინოში გამართულ შეხვედრაშიც, რომელზეც “სამხრეთ კავკასიის სტაბილურობის პაქტი” განიხილეს. ვისარგებლე შემთხვევით და ევროპელ დეპუტატებს ვკითხე, რა ედო საფუძვლად პაქტის კონცეფციას. ლუკ ვან დენ ბრანდეს პასუხი ასეთი გახლდათ:

[ბრანდეს ხმა]
“ანგარიშის - ისევე როგორც რეკომენდაციების შესახებ რეზოლუციის -შინაარსი ის არის, რომ მხედველობაში მივიღოთ კავკასიის რეგიონში არსებული პრობლემები, რაც ფაქტების ნაწილშია ასახული. მეორე – რეზოლუციის მიზანი არ არის, რომ ეს პაქტი დარჩეს თეორიად, არამედ ის უნდა იქცეს ახალი – კოალიციური - თანამშრომლობის საფუძვლად და დასახოს გზები და საშუალებები რეგიონში ვითარების გაუმჯობესებისთვის. რეზოლუციაში არის არაერთი წინადადება და მოსაზრება, რომელთაც მხარი დაუჭირეს სან-მარინოს შეხვედრის მონაწილეებმა. ახლა უნდა განვსაზღვროთ, როგორ შეიძლება მათი განხორციელება. რეკომენდაციის ერთ-ერთი მიზანი ის გახლავთ, რომ მინისტრთა კომიტეტმა განსაზღვროს, როგორ შეიძლება კავკასიის სტაბილურობის პაქტის მხარდაჭერა.”

დოკუმენტში კი, რომელიც 17 ნოემბერს განიხილეს, აღნიშნულია, რომ სტაბილურობის პაქტის მიღებას მისი ყველა მონაწილის შეთანხმება სჭირდება და ისიც არის ნათქვამი, რომ ამგვარი თანხმობა დღეს არ არსებობს. თუმცა საჭიროდ არის მიჩნეული პაქტის პრინციპების საგანგებო საერთაშორისო კონფერენციაზე განხილვა. სან-მარინოში განხილულ დოკუმენტში წერია: “პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივის ბუნდოვანებამ შეიძლება აიძულოს კიდეც სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ერთადერთი არსებული ალტერნატივა ამ ქვეყნების “სატელიტიზაციის” წინააღმდეგ რეგიონული ინტეგრაცია იქნება.”

ქართველ ექსპერტს მიაჩნია, რომ ამგვარ კონცეფციაზე მუშაობის საბაბი არის ის, რომ საერთაშორისო თანამეგობრობას სურს სამხრეთ კავკასიაში არსებული პრობლემების მოგვარებაში მოჩვენებითი აქტიურობის შთაბეჭდილება შექმნას და ევროსაბჭოსაც სურს თავისი ნიშა მოძებნოს ამ პროცესში. არჩილ გეგეშიძის ამ მოსაზრებას, ფაქტობრივად, ამყარებს ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ბულგარელი წევრის მატიაშ ერშის პასუხი ჩემს კითხვაზე, რატომ გახდა საჭირო “სამხრეთ კავკასიის სტაბილურობის პაქტის” განხილვა:

[ერშის ხმა]
“დღეს სხვადასხვა სახელისუფლებო წყაროებიდან გვესმის: ევროპას აქვს სტრატეგია ბალკანეთზე, ხმელთაშუაზღვისპირეთზე და რატომ არა აქვს ევროკავშირს სტრატეგია კავკასიაზეო? ასე რომ, ევროსაბჭო ცდილობს აიღოს ინიციატივა და შეიმუშაოს ყოვლისმომცველი პოლიტიკა. მაგრამ გთხოვთ არასწორად ნუ გაიგებთ ამ პოლიტიკურ დოკუმენტს, რადგან როცა ვმსჯელობთ ხმელთაშუაზღვისპირეთზე, არ ვაყენებთ ერთი ქოლგის ქვეშ ალჟირსა და მაროკოს. ასე რომ, სულაც არ ვიხილავთ თანაბარ ასპექტში საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს. თუმცა არსებობს საჭიროება არსებობდეს ყოვლისმომცველი პოლიტიკა რეგიონების მიმართაც. სწორედ ეს არის ჩვენი გარჯის მიზანი. აქვე ვიტყვი, რომ თუკი ეს პოლიტიკური დოკუმენტი არ ვარგა, ნიშნავს, რომ ცუდად გვიმუშავია და ის ხორცს ვერ შეისხამს. თუკი ჩვენ კარგ დოკუმენტს შევიმუშავებთ, ის სასარგებლო იქნება ყველა ქვეყნისთვის.”

დასასრულ, დასკვნის სახით, კვლავ არჩილ გეგეშიძის მოსაზრებას შემოგთავაზებთ. მას მიაჩნია, რომ სტაბილურობის პაქტის დანიშნულება, ისე როგორც ამას ადგილი ჰქონდა სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის მაგალითზე, იყო პოსტკონფლიქტური რეაბილიტაციის, აღმშენებლობის პროცესების ხელშეწყობა. რაც შეეხება სამხრეთ კავკასიას, სადაც ჯერ კონფლიქტები მოგვარებული არ არის და მოსაძებნია კონფლიქტების მოგვარების ფორმულა, პაქტი ვერ იმუშავებს:

[გეგეშიძის ხმა]
“პაქტი კონფლიქტის მოგვარების ფორმულისთვის არ არსებობს. პაქტი არის უკვე გარკვეულ ბაზისზე, გარკვეული თანამშრომლობის საფუძველზე შექმნილი განვითარებისა და ინტეგრაციის პირობები. აი, ეს ბაზისია შესაქმნელი და სხვა რესურსები, სხვა სტრატეგიები, სხვა ძალისხმევა და სხვანაირი მიდგომებია საჭირო იმისათვის, რომ ჯერ მოძებნილი იქნეს კონფლიქტების მოგვარების ფორმულა და შემდგომ უკვე ვიფიქროთ პაქტის მსგავსი თანამშრომლობის სხვადასხვა მექანიზმებსა და მათ განვითარებაზე.”

XS
SM
MD
LG