Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად მზად არიან რომის პაპი და თურქეთის საზოგადოება ერთმანეთთან შესახვედრად?


რომის პაპის ბენედიქტე მე-16-ის მომავალ ვიზიტს თურქეთში მიმომხილველები "ისტორიულად" აფასებენ. მიზეზი ნათელია: მაჰმადიანურ ქვეყანაში ქრისტიანი სასულიერო ლიდერის სტუმრობა

ხომ ისედაც განსაკუთრებული მოვლენაა, დღეს კი მას - სარწმუნოებათა რადიკალიზაციის ფონზე - ორმაგი დატვირთვა ენიჭება. რომის კათოლიკური ეკლესიის მეთაურის ვიზიტი დიდ ვნებათაღელვას იწვევს. დედაქალაქ ანკარასა და რამდენიმე სხვა ქალაქში უკვე გაიმართა საპროტესტო აქციები. როგორ უყურებენ პაპის სტუმრობას თურქი ახალგაზრდები?

სექტემბერში მუსლიმანური სამყაროს აღშფოთება გამოიწვია ბენედიქტე მე-16-ის ერთმა გამოსვლამ. იმ გამოსვლაში რომის პაპმა მოიყვანა ციტატა შუა საუკუნეების ტექსტიდან, სადაც ბიზანტიის იმპერატორი დამამცირებლად საუბრობს ისლამის სისასტიკეზე. მოგვიანებით, რომის პაპი ვატიკანში აკრედიტებულ მსოფლიოს 22 წამყვანი მუსლიმანური ქვეყნის ელჩებს შეხვდა და სცადა, აეხსნა მათთვის, რომ ციტატა მოიყვანა მხოლოდ და მხოლოდ დიალოგის გამოწვევის სურვილით, და არა მუსლიმებზე თავდასხმის მიზნით.

ისლამისტ კონსერვატორებსა და თურქ ნაციონალისტებზე ამ ახსნა-განმარტებამ დიდი ეფექტი ვერ მოახდინა; მაგრამ ახალგაზრდების ნაწილი, როგორც ჩანს, დააკმაყოფილა. ყოველ შემთხვევაში, როგორც რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტი სტამბოლიდან იუწყება, თურქ ახალგაზრდებს შორის პაპის სტუმრობას ბევრი მიესალმება.

[ოზლემ კარჩის ხმა] "მართალია, თურქეთი ძირითადად მაჰმადიანებით დასახლებული ქვეყანაა, მაგრამ არა მგონია, რომ პაპს აქ ჩამოსვლა უნდა ეშინოდეს. პირიქით, ჩვენი ქვეყანა მრავალი რელიგიის აკვანია და უპრიანი იქნებოდა, მშვიდობის ნობათი მსოფლიოს სწორედ აქედან გაეგზავნოს."

ეს სტამბოლის უნივერსიტეტის სტუდენტი ოზლემ კარჩი იყო. კარჩის მოსაზრებას იზიარებს მისი თანატოლი და ასევე სტუდენტი მარალ გიუნეში, რომლის თქმით, თურქეთში თვით რომის პაპის სტუმრობის ფაქტი ამ ქვეყნის პროგრესულობაზე მიანიშნებს.

[მარალ გიუნეშის ხმა] "ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანია როგორც ქრისტიანული, ისე მაჰმადიანური სამყაროსთვის. დღეს პაპი ვერც ერთ სხვა მაჰმადიანურ ქვეყანაში ვერ ჩავა. თურქეთის გარდა, პაპის ვიზიტისთვის არც ერთი სხვა მაჰმადიანური სახელმწიფო არ არის მზად. ამდენად, ეს თურქეთის წარმატებად შეიძლება ჩაითვალოს. მაგრამ მეორე მხრივ, პაპი გარკვეულწილად დანის პირზე დადის: მაჰმადიანებზე საუბრისას მას ზოგჯერ უადგილო სიტყვები წამოსცდება ხოლმე. მიჭირს თქმა, რამდენად მზად არიან ამ შეხვედრისთვის თავად ისიც და მისი მასპინძელი ქვეყანაც."

რამდენად მზად არიან შესახვედრად რომის პაპი და მისი მასპინძლები, უახლოეს დღეებში შევიტყობთ. მანამდე კი ისიც უნდა ვთქვათ, რომ პაპის ამასწინანდელი გამონათქვამები ერთადერთი საკითხი არ არის, მრავალი თურქის შეშფოთებას რომ იწვევს. ბევრი შიშობს, რომ კონსტანტინეპოლის მართლმადიდებელი პატრიარქი ბართლომე პირველი ერთ მშვენიერ დღეს - ვატიკანის დარად - სახელმწიფოს სახელმწიფოში შექმნის. ხოლო შემდეგ ამას მოჰყვება სხვა რელიგიური თუ ეთნიკური უმცირესობების - უწინარესად კი ქურთების - გააქტიურება.

ჩვენს კორესპონდენტს, ელიფ ილდიზ არლის, ამ საკითხზე ესაუბრა ჩაგრი გიოქსელი, სტამბოლის ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტი.

[ჩაგრი გიოქსელის ხმა] "ჩემი აზრით, პაპის ვიზიტი პოლიტიკურ მიზანს ისახავს: სოფიის ტაძარში ხელისუფლების მინიჭებას კონსტანტინეპოლის პატრიარქისთვის. ჟურნალისტთა მხოლოდ გარკვეული ჯგუფის დაპატიჟება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ისინი ისე მოქმედებენ, როგორც სახელმწიფო სახელმწიფოში. პაპის გამონათქვამები ისლამზე და უარი, თავისი სიტყვები უკან წაეღო, შემდეგ კი დაჟინებული სურვილი, თურქეთში ჩამოვიდეს, მაფიქრებინებს, რომ ყოველივე ამის უკან ბნელი ზრახვები დგას."

კიდევ ერთი თემა, რომელსაც პაპის მომავალი ვიზიტის კონტექსტში ახსენებენ, ევროპის კავშირში გაწევრიანებისკენ თურქეთის სწრაფვაა. ვიდრე პაპი გახდებოდა, კარდინალმა იოზეფ რაცინგერმა საფრანგეთის გაზეთ "მონდს" მისცა ინტერვიუ, რომელშიც ევროკავშირში თურქეთის მიღების წინააღმდეგ გაილაშქრა. იმ ინტერვიუს გამოქვეყნებიდან სამი წელი გავიდა. არც ისე ბევრი საიმისოდ, რომ თურქებს იგი დაევიწყებინათ.
XS
SM
MD
LG