Accessibility links

logo-print

რევოლუციის სამი წლისთავი: “ცენტრისკენული” პოლიტიკის მარცხი


მიხეილ სააკაშვილს უყვარს 23 ნოემბერი - დღე, როდესაც საქართველო გიორგობას და რევოლუციის მორიგ წლისთავს ზეიმობს.

ამ თარიღის პომპეზური აღნიშვნა ერთგვარი გამოწვევაა საზოგადოებისთვის, რომელსაც პრეზიდენტი - ნებსით თუ უნებლიეთ - სთავაზობს, ყოველ წელს კრიტიკულად შეაფასოს რევოლუციის შემდეგ განვლილი გზა. სწორედ ამას შეეცდება ია ანთაძე, რომელიც ბოლო სამი წლის შედეგებზე გესაუბრებათ.

ხელისუფლების სათავეში მოსულ მიხეილ სააკაშვილს ორი არსებითი ამოცანა დახვდა გადასაჭრელი. ერთი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა იყო, მეორე კი - რეალური დემოკრატიის დამკვიდრება. პრეზიდენტს უნდა აერჩია, რითი დაიწყებდა: კონფლიქტების მოგვარებით თუ დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებით. ამ არჩევანზე ბევრი რამ იყო დამოკიდებული. კონფლიქტების მოგვარების გზა მოითხოვდა ძალაუფლების კონცენტრირებას სააკაშვილის ირგვლივ და აღმასრულებელი ვერტიკალის გაძლიერებას დემოკრატიული ინსტიტუტების შეზღუდვის ხარჯზე. ეს გზა გააიოლებდა გადაწყვეტილებების მიღებას, ხელისშემშლელ ფაქტორებს შეამცირებდა და მიზნისკენ მიმავალ გზას დაამოკლებდა.

მეორე მხრივ, თუ პრეზიდენტი პირველი რიგის ამოცანად დემოკრატიის განვითარებას მიიჩნევდა, მას ხელი უნდა შეეწყო ძალაუფლების გადანაწილებისთვის, ადგილობრივი თვითმმართველობის გაძლიერებისთვის, საზოგადოების ჩართულობის გაზრდისთვის. რეალური პლურალიზმის პირობებში, მართალია, გადაწყვეტილებების მიღება გართულდებოდა, მაგრამ საზოგადოებაში დამკვიდრდებოდა სამართლიანობისა და ღირსების განცდა, რაც, სწორი მართვის პირობებში, შეუქცევადი წინსვლის საფუძველი გახდებოდა.

ორი სიტყვით თუ შევაჯამებთ, მიხეილ სააკაშვილს არჩევანი უნდა გაეკეთებინა “ცენტრისკენულ” და “ცენტრიდანულ” პოლიტიკას შორის. ცენტრისკენული პოლიტიკა ჯერ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე გადიოდა, შემდეგ - დემოკრატიაზე; ცენტრიდანულ პოლიტიკას კი დემოკრატიის “მაგნიტით” უნდა მოეზიდა კონფლიქტური რეგიონები.

როდესაც ხავერდოვანი, მაგრამ მაინც რევოლუციის გზით მოსულმა ხელისუფლებამ ძალისმიერი და ცენტრისკენული პოლიტიკა აირჩია, საზოგადოების დიდმა ნაწილმა ეს არჩევანი მოიწონა. არსებითი წინააღმდეგობა მიხეილ სააკაშვილს არც სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან შეხვედრია. პირველადი არჩევანის შესაბამისად, სამი წლის განმავლობაში დასუსტდა პარლამენტი, თვითმმართველობა, სასამართლო ხელისუფლება, მედია და ოპოზიცია; გაძლიერდა ძალისმიერი უწყებები და ჯარი; აღმასრულებელი ხელისუფლების ხელში საზოგადოების მხრიდან უკონტროლო ძალაუფლების თავმოყრამ - კერძოდ, ოპოზიციისა და მედიის სისუსტემ - გამოიწვია კონფლიქტის ეპიცენტრის გადატანა მთავრობაში და შიდა დაპირისპირება ძლიერ ძალოვან უწყებებს შორის.

გეგმის შესაბამისად, განსაკუთრებით გაძლიერდა თავდაცვის სამინისტრო. მაგრამ ოქრუაშვილის აგრესიულმა პოლიტიკამ კონფლიქტები არათუ აღმოფხვრა, პირიქით, კიდევ მეტად გაამწვავა. ცენტრისკენული პოლიტიკის პირველი სერიოზული მარცხი სწორედ ირაკლი ოქრუაშვილის ხელისუფლებიდან წასვლა აღმოჩნდა. ცხადი გახდა, რომ მინისტრი, რომლის ავტორიტეტი ძალისმიერ რიტორიკაზე დგას, შეუთავსებელია თანამედროვე ცივილიზებული სამყაროს მოთხოვნებთან. თუ საქართველო ევროპის პოლიტიკური სივრცის ნაწილი უნდა გახდეს, შეუძლებელია, მისი ყველაზე გავლენიანი მინისტრი “ომის პარტიას” ლიდერობდეს - ეს არის დასკვნა, რომელმაც ოქრუაშვილს სწავლის გაგრძელების საშუალება მისცა, პრეზიდენტი კი, შესაძლოა, ცენტრისკენული პოლიტიკის საფრთხეებზე დააფიქრა.

მთავარი საფრთხე, ალბათ, ის არის, რომ ამიერიდან განსაკუთრებით გაძლიერდება მეორე ძალოვანი უწყება - შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელმაც უკვე მოასწრო ჩუმი შიშის დანერგვა საზოგადოებაში. სატელეფონო ჩანაწერები, რომლებიც პერიოდულად ქვეყნდება, როგორც კომპრომატი ამა თუ იმ პირის მიმართ, ყველა დანარჩენისთვისაც პოტენციურ საფრთხედ აღიქმება.

მაგრამ მეტისმეტ ძალაუფლებაში ისევ მეტისმეტი საფრთხე იმალება. ხელისუფლებაში რჩება ერთი ბანაკი, რომელიც, თუ მის გარეთ რამე მნიშვნელოვანი არ მოხდა, მალე თავადაც გაიხლიჩება (ან დაიხლიჩება). ამის მიზეზი იქნება არა ვანო მერაბიშვილი, არამედ - თავად ცენტრისკენული პოლიტიკა, რომელიც კი არ კრავს, არამედ - ანაწევრებს. არადა, სერიოზული მიზნების მიღწევა, მათ შორის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, შეუძლებელია კონსოლიდაციის გარეშე.

პროფესიონალები ამბობენ, რომ ნამდვილი ლიდერი ყოველთვის გამცემია და არა მიმღები. ესე იგი, ნამდვილი ლიდერის პოლიტიკა შეიძლება იყოს მხოლოდ ცენტრიდანული - გაცემის - პოლიტიკა, რომელიც კრავს და ადუღაბებს. ამას, თუნდაც, “ვარდების რევოლუცია” და მისი ლიდერის გამოცდილება ადასტურებს. ამიტომ, საქართველოს მთავრობაში ბოლოხანს მომხდარი და ახლო მომავალში მოსახდენი ამბები, შესაძლებელია, ძველი პოლიტიკის ამოწურვის ნიშნებიც აღმოჩნდეს.
XS
SM
MD
LG