Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მელბურნში, 50 წლის წინ


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი 50 წლის წინ, 1956 წლის ნოემბერ-დეკემბერში,

მელბურნში გაიმართა XVI ოლიმპიური თამაშები. მაშინდელ საბჭოთა ნაკრებში 10 ქართველი სპორტსმენი გამოდიოდა, რომელთაგან ორმა ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული მოიპოვა, ექვსი კი ბრინჯაოს მედალოსანი გახდა. იმდროინდელ ქართველ ოლიმპიელებთან ერთად მელბურნის თამაშებს იხსენებს ჩვენი სპორტული მიმომხილველი ელგუჯა ბერიშვილი.

შორეულ ავსტრალიაში 67 ქვეყნის 3 ათასამდე სპორტსმენი ჩავიდა, თუმცა, რამდენიმე გარემოება რომ არა, მონაწილეთა რაოდენობა გაცილებით მეტი იქნებოდა. ზოგიერთი ქვეყანა დიდმა მანძილმა და სატრანსპორტო ხარჯებმა დააფრთხო, ზოგმა კი ოლიმპიადას ბოიკოტი გამოუცხადა. ასეთთა შორის აღმოჩდნენ: ესპანეთი, ჰოლანდია, ეგვიპტე, ჩინეთი და შვეიცარია. ბოიკოტის ოფიციალურ მიზეზად დასახელდა სუეცის არხთან დაკავშირებული კრიზისი და საბჭოთა აგრესია უნგრეთში. როცა ბუდაპეშტში პირველი საბჭოთა ტანკები გამოჩდნენ, ოლიმპიადის დაწყებამდე 17 დღე რჩებოდა. მიუხედავად ამისა, საბჭოთა კავშირმა მელბურნში ყველაზე მრავალრიცხოვანი დელეგაცია მიავლინა. 283 საბჭოთა სპორტსმენს შორის საქართველოს 10 წარმომადგენელი იყო: ბერძნულ-რომაული და თავისუფალი სტილის მოჭიდავეები – გივი კარტოზია, მირიან ცალქალამანიძე, ვახტანგ ბალავაძე, გიორგი სხირტლაძე და რომან ძნელაძე, მძლეოსანი ნადეჟდა დვალიშვილი, წყალბურთელი ნოდარ გვახარია, მოცურავე ბორის ნიკიტინი, მოფარიკავეები – რევაზ ცირეკიძე და იური ოსიპოვი. მოფარიკავეთა გარდა, ყველამ მედალი მოიპოვა: კარტოზიამ და ცალქალამანიძემ - ოქროსი, დანარჩენებმა – ბრინჯაოსი.
ქართველ სპორტსმენთაგან მელბურნში პირველი გამარჯვება გივი კარტოზიამ იზეიმა. საშუალო წონაში მას ყველანი ფავორიტად მიიჩნევდნენ, მაგრამ პირველ წრეში შვედ იანსენთან დამარცხდა და ყველაფერი თავდაყირა დადგა. როგორც ვახტანგ ბალავაძე იხსენებს, იმ პირველმა წაგებამ ერთგვარი კატალიზატორის როლი შეასრულა, გივიმ მომდევნო ორი შეხვედრა წმინდად მოიგო, ფინალში კი ბულგარელ დობრევს აჯობა. თავად ბალავაძის ამბავი პირიქით იყო: მან სწორედ ბოლო ბრძოლა წააგო და ამის გამო მესამე ადგილზე აღმოჩნდა.

[ვახტანგ ბალავაძის ხმა] "მთავარი იყო ოლიმპიადა მომეგო. რა ვუყოთ, ყველაფერი ხდება... მეც ერთი წავაგე და სხვებმაც, მაგრამ ზოგი ჩემპიონი გახდა, მე მესამეზე დავრჩი".

მესამე ადგილზე დარჩა რომან ძნელაძეც, რომელსაც მელბურნში მეტად საინტერესო ამბავი შეემთხვა. იმდროინდელი უცნაური წესების გამო ქვემსუბუქ წონაში პარადოქსული სატურნირო სიტუაცია შეიქმნა: ძნელაძე ბოლო წრეში უნგრელ პოიაკს ხვდებოდა და გამარჯვების შემთხვევაში მეორე ადგილზე გადიოდა, წმინდად თუ წააგებდა ასევე ვერცხლის მედალს მიიღებდა, ქულებით წაგება კი მესამე ადგილზე გადაისროდა. პოიაკი მეტად ძლიერი იყო, თავიდანვე დაწინაურდა, მაგრამ ძნელაძემ წმინდა დამარცხებას და ასე მოგებულ ვერცხლის მედალს ბრძოლის გაგრძელება ამჯობინა. ამ ამბავს ადასტურებს კიდევ ერთი ოლიმპიური პრიზიორი გიორგი სხირტლაძე, ძნელაძისა და პოიაკის ბრძოლის უშუალო მოწმე:

[გიორგი სხირტლაძის ხმა] "რომან ძნელაძე ხვდებოდა ფინალში... დამავიწყდა რა გვარი იყო. თუ წააგებდა სუფთად, მეორეზე გადიოდა, თუ წააგებდა ქულებით – მესამეზე. ეუბნებოდნენ დაწექი, დაწექიო, მაგრამ არაფრით არ დაწვა."

სხვა ამოცანის წინაშე იდგა მირიან ცალქალამანიძე, რომელიც სამ მეტოქეს იოლად გაუმკლავდა, მაგრამ მეოთხე წრეში თურქ ჰუსეინ აკბასთან დამარცხდა. მერე თავად აკბას მოეცარა ხელი და მირიანს კვლავ გაუჩნდა ჩემპიონობის შანსი, რაც მან წარმატებით გამოიყენა.
მართალია, ჩვენი მოჭიდავეები საერთაშორისო სარბიელზე ახალი გასულები იყვნენ, მაგრამ უკვე მოესწროთ სახელის მოპოვება. ქართველებს მელბურნში ყველანი რიდით ეპყრობოდნენ და ამის მიზეზიც ჰქონდათ, – ამბობს გიორგი სხირტლაძე და საბუთად იმავე ოლიმპიადაზე მოპოვებული შედეგი მოაქვს: ავსტრალიიდან უმედლოდ არავინ წამოსულა. ბატონი გიორგი იმ ქართველებსაც იხსენებს, რომლებიც სხვადასხვა მიზეზით ოლიმპიურ გუნდში ვერ მოხვდნენ, თუმცა ამას სხვებზე მეტად იმსახურებდნენ. ერთ-ერთი მათგანია წინა ოლიმპიადის ჩემპიონი არსენ მეკოკიშვილი:
[გიორგი სხირტლაძის ხმა] "არსენას ამბავი ხომ იცით, ეგ იყო პირველი ნომერი. მელბურნშიც გახდებოდა ოლიმპიური ჩემპიონი. სტალინის კულტობის ამბავზე რაღაც მოხდა ტაშკენტში. პარკში ვიღაც რუსმა სტალინის ბიუსტს მოატეხა თავი. ადგა არსენა და ლენინს მოატეხა თავი. ჰოდა, მაგის გულისთვის დატუქსეს და გამოაბრუნეს უკან."

საბჭოთა დელეგაცია სწორედ ტაშკენტის გავლით გაემგზავრა ავსტრალიაში. მერე იყო სინგაპური, დარვინი და, ბოლოს, მელბურნი. უკან გემ "გრუზიათი" მობრუნებულან და გზაში თვე-ნახევარი დაუყვიათ.
XS
SM
MD
LG