Accessibility links

logo-print

რა სიგნალს უნდა ელოდეს საქართველო ნატოს რიგის სამიტისგან


27-28 ნოემბერს რიგაში გაიმართება ჩრდილოატლანტიკური კავშირის,

ნატოს, არაფორმალური სამიტი, რომელშიც 26 ქვეყნის ლიდერი და პარტნიორი სახელმწიფოების დელეგაციები მიიღებენ მონაწილეობას. რიგაში 2000-მდე ჟურნალისტია აკრედიტებული. მათ შორის ვიქნები მეც. იქამდე კი, ვიდრე ლატვიაში გავემგზავრებოდი, რამდენიმე დიპლომატსა და პოლიტოლოგს ვთხოვე აზრი გამოეთქვა საქართველოსთვის ნატოს მომავალი სამიტის მნიშვნელობაზე. გარდა ამის, სამხედრო პროგრამაში ”ჯარისკაცი და სახელმწიფო” იმ ადამიანურ ფაქტორზეც მექნება საუბარი, რომელიც საერთაშორისო მხარდაჭერაზე არანაკლებ ეხმარება საქართველოს გახდეს ნატოს წევრი.


საქართველოში ვისაც უნდა ჰკითხოთ, ყველა გიპასუხებთ, რომ ნატოში გაწევრიანების უმთავრესი პირობებია: ქვეყნის დემოკრატიული განვითარების შეუქცევადი კურსი, სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების მდგრადობა და გამჭვირვალობა, ეკონომიკის საბაზრო პრინციპებით მართვა, სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და, რა თქმა უნდა, ნატოს სტანდარტების შესაფერი შეიარაღებული ძალის შექმნა. ეს უკანასკნელი პირობა ამ პარადიგმაში, შესაძლოა, არცთუ უკანასკნელ ადგილზე იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი სამხედრო ქვედანაყოფი, როგორც მთლიანად ქვეყანა, კვლავ შორს არის საერთაშორისო სტანდარტებისაგან, ქართველი ჯარისკაცების გამოჩენამ ერაყში - მანამდე კი კოსოვოსა და ავღანეთში - დაარწმუნა ნატოს სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობა, რომ საქმე საიმედო პარტნიორთან აქვთ. ყოველ შემთხვევაში, ერაყში - ქალაქ ბაქუბაში -მყოფი ქართული ქვედანაყოფის შტაბის უფროსი მაიორი ზაზა მუშკუდიანი, რომელსაც რადიო ”თავისუფლება” ერაყში ცოტა ხნის წინ დაუკავშირდა, დარწმუნებულია, რომ კოალიციაში ყოფნით ქართველი ჯარისკაცები ნატოში ქვეყნის გაწევრიანებას აჩქარებენ:

[მაიორი ზაზა მუშკუდიანი] “დიახ, ახლა საქმე რაშია იცით? - ჩვენ ვიცით პოლიტიკური ასპექტი, თუ რისთვის ვართ აქ. ვიცით, რომ საქართველოს გულისთვის ვართ აქ, ჩვენი მომავლისთვის და ტერიტორიული მთლიანობისთვის. და ჩვენ აქ ჩვენი ძალებით, ალბათ, კოალიციას ბევრს ვერაფრით შევეშველებით (ეს დიდი მექანიზმია, რომელიც აქ მოქმედებს), მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, ვიცით, რასაც ვაკეთებთ და მაგ მოტივაციით ვართ, რომ ეს წაადგება საქართველოს, წაადგება ჩვენს ტერიტორიულ მთლიანობას, წაადგება ხვალინდელ ჩვენს ნაბიჯს, ნატოში გაწევრიანებისკენ მიმართულს, და ასე შემდეგ. მოკლედ, ეს ჩვენ, ოფიცრებსა და ჯარისკაცებს, გაცნობიერებული გვაქვს აქაც და ბაღდადშიც. იცით, რომ იქ ჩვენი მეორე ბატალიონი იმყოფება. ალბათ, ასე იქნება შემდეგი ბატალიონიც, რომელიც ჩამოვა.”(სტილი დაცულია)


ერაყიდან კოალიციის ჯარების გამოყვანაზე ახლა სულ უფრო ხშირად საუბრობენ ვაშინგტონშიც და ლონდონშიც, მაგრამ 800 ქართველი ჯარისკაცის სამწლიანი მისია მსოფლიოს ცხელ წერტილში ძლიერი არგუმენტია სტრატეგიული პარტნიორებისათვის, რომ საქართველოს ნატოში გაწევრიანება დაჩქარებით მოხდეს. ”ლობისტების” სიაში შედიან: შეერთებული შტატები, პოლონეთი, ჩეხეთი და ბალტიისპირეთის სამივე ქვეყანა. 19 ნოემბერს ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა მიიღო საგანგებო აქტი, რომლითაც სრულ მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს, მაკედონიის, ხორვატიისა და ალბანეთის ნატოში გაწევრიანებას. ამ მიზნის მისაღწევად, დახმარების სახით, ამერიკის სენატმა დაამტკიცა 20 მილიონი დოლარი, საიდანაც საქართველოს 10 მილიონი ხვდა წილად. ამას მოჰყვა ნატოს საპარლამენტო ასამბლეის ანალოგიური შინაარსის მიმართვა ალიანსის ყველა წევრი სახელმწიფოს ლიდერების მიმართ. მაგრამ ვინაიდან საქართველო მხოლოდ ”ინტენსიური დიალოგის” წევრია და ისიც მხოლოდ სექტემბრიდან, იბადება კითხვა: რამდენად რეალურია საქართველოს დაჩქარებული წესით ჩართვა გაწევრიანების სამოქმედო გეგმაში? 20 ნოემბერს ქართველი ჟურნალისტების შეკითხვას ვაშინგტონიდან სახელმწიფო მდივნის მოადგილემ კურტ ვოლკერმა ასე უპასუხა:

[ კურტ ვოლკერი] ”ნატო გადაწყვეტილებას კონსენსუსით იღებს, რაც ნიშნავს, რომ ნატოს ყველა წევრმა უნდა დაუჭიროს მხარი ასეთ ნაბიჯს. თუმცა ჩვენთვის სენატის რეზოლუცია ძლიერი მხარდაჭერაა საიმისოდ, რომ შემდგომი გადაწყვეტილების მისაღებად ალიანსის ყველა წევრთან ვიმუშაოთ. და მინდა ვთქვა, რომ შეერთებული შტატები ამის ინიციატორი იქნება ნატოს შიგნით. ჩვენ დიდი მხარდამჭერები ვიყავით იმისა, რომ საქართველოს ”ინტენსიური დიალოგი” სექტემბერში მიეღო. ასევე მხარს ვუჭერდით უკრაინას, რომელიც ”ინტენსიურ დიალოგში” 2005 წელს ჩაება. და ჩვენ კიდევაც განვაგრძობთ მუშაობას იმისათვის, რომ ეს პროცესი გაფართოვდეს. მე შემიძლია წინასწარვე გითხრათ, რომ მხარს დავუჭერთ ”გაწევრიანების სამოქმედო გეგმაში” საქართველოს ვადაზე ადრე ჩართვას. მაგრამ, ვიდრე ასეთ გადაწყვეტილებას მივიღებდეთ, საქართველომ ბევრი რამ უნდა გაააკეთოს ”ინტენსიურ დიალოგში”.


გავრცელებული აზრით, რიგის არაფორმალური სამიტი არ იქნება გაფართოების სამიტი, ანუ მასზე არ იქნება მიღებული გადაწყვეტილება ახალი წევრების მიღების თაობაზე. მაგრამ ქართველი და უცხოელი ექსპერტები დარწმუნებულნი არიან, რომ ლატვიაში იქნება გარკვეული სიგნალი მომავალი ალიანსის პოტენციური წევრების მისამართით. რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში ამგვარი სიგნალის ადრესატად საქართველოც დაასახელა საქართველოში ლატვიის რესპუბლიკის საელჩოს დროებითმა რწმუნებულმა, ელჩმა ეგონს ნეიმანისმა:

[ეგონს ნეიმანისი] ”მე ვფიქრობ, რომ ეს სამიტი ნამდვილად დააახლოებს საქართველოს ნატოში ინტეგრაციასთან, რადგან მსგავსი დიდი ღონისძიებები ყოველთვის არის მთავარი მიზნისკენ გადადგმული მცირე ნაბიჯი და ეს სამიტიც ასეთ ნაბიჯად იქცევა.”

რეალობაში იქცევა თუ არა ასეთ წინ გადადგმულ ნაბიჯად რიგის სამიტი საქართველოსათვის, ამას გავიგებთ სულ მალე, 28-29 ნოემბერს, როდესაც რიგაში, ”ოლიმპიური სპორტის ცენტრში”, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის 26 ქვეყნის სახელმწიფოთა და მთავრობათა მეთაურები შეიკრიბებიან.
XS
SM
MD
LG