Accessibility links

logo-print

ახალი ევროპა


პოლონეთი ნატოსა და ევროკავშირის "ახალგაზრდა" წევრებს მიეკუთვნება.

ის ევროკავშირის წევრი 2,5 წელიწადიც კი არ არის, თუმცა ამ, შედარებით მოკრძალებული სტაჟის მიუხედავად, ვეტოს უფლებით ისარგებლა და გასულ კვირაში ჩაშალა ევროკავშირის მოლაპარაკება რუსეთთან ახალ სტრატეგიულ პარტნიორობაზე. ამ ვეტოს თავის მიზეზები ჰქონდა, ჰყავდა მომხრეებიც და მოწინააღმდეგეებიც, რის შესახებაც უკვე ბევრი ითქვა. დღეს შევეხებით პოზიციას, რომელსაც პოლონეთი ავლენს საქართველოს მიმართ: იქნება ეს რუსეთთან ურთიერთობის, თუ ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანებისაკენ მისწრაფების საკითხებში.

გასულ თვეში გერმანიაში გამოვიდა წიგნი, რომელმაც მაშინვე დიდი ინტერესი გამოიწვია. ეს მოსალოდნელიც იყო: წიგნის ავტორი ხომ გერჰარდ შრიოდერია - გერმანიის კანცლერი 1998-2005 წლებში - და წიგნში სათაურით “გადაწყვეტილებები” ის თავის შთამბეჭდავ პოლიტიკურ კარიერას იხსენებს. ისხენებს დეტალებში - 544 გვერდზე. მათზე საკმაოდ დიდი ადგილი ეთმობა რუსეთთან ურთიერთობის თემას: ცნობილია, რომ შრიოდერსა და პრეზიდენტ პუტინს პირადი მეგობრობაც აკავშირებთ. აი, ერთი ციტატა ტექსტის იმ მონაკვეთიდან, რომელშიც შრიოდერი ცდილობს დაასაბუთოს, რომ აუცილებელია გერმანია გაუფრთხილდეს რუსეთთან მჭიდრო ურთიერთობას:

[ციტატა შრიოდერის წიგნიდან “გადაწყვეტილებები”] “ვშიშობ, რომ გერმანია-რუსეთის ურთიერთობა, შესაძლოა, ისევ იდეოლოგიების ტყვეობაში აღმოჩნდეს და ანტირუსული სტერეოტიპები, რომლებიც უკვე თავიდან იქნა მოცილებული, ისევ გამოცოცხლდეს. სტერეოტიპები, რომელთაც ხელს უწყობს ბუშის ამერიკული საგარეო-პოლიტიკური ინტერესები და პოლონეთის ისტორიულად უარყოფითი დამოკიდებულება რუსი მეზობლის მიმართ”.

შრიოდერის ამ გაფრთხილების კონტექსტში საგულისხმოა, რომ გასულ კვირაში, პოლონეთის ვეტოს შემთხვევაში, საქმე არ ეხებოდა ისტორიით განპირობებულ უარყოფით დამოკიდებულებას რუსეთთან მიმართებაში. რუსეთს ემბარგო აქვს დაწესებული პოლონურ პროდუქტებზე და ვარშავა, რახან საქმე რუსეთთან ევროკავშირის მჭიდრო თანამშრომლობას ეხება, როგორც ევროკავშირის წევრი, ამ ემბარგოს მოხსნას მოითხოვს. ხოლო რახან ემბარგოს მოხსნას ამ ეტაპზე ვერ მიაღწია, ვეტო გამოიყენა.

პოლონეთი რუსეთთან მიმართებაში პრინციპულ პოზიციას ავლენს საქართველოს საკითხშიც: პრეზიდენტი ლეხ კაჩინსკი იყო ის მოღვაწე, რომელიც უკრაინელ და ლიტველ კოლეგებთან ერთად მაშინვე გამოეხმაურა საქართველოს მიერ ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი რუსი ოფიცრების გაძევებით გამოწვეულ კრიზისს, მხარი დაუჭირა თბილისს. გარდა ამისა, პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე პაველ ზალევსკის განცხადებით: [ზალევსკის ხმა]“პარლამენტის წარმომადგენლებმა, პოლონეთ-საქართველოს საპარლამენტთაშორისო ჯგუფის წევრებმა, რუსეთს მოუწოდეს პოლიტიკის შეცვლისაკენ, მოუწოდეს, შეწყვიტოს რუსეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისა თუ ეთნიკური ქართველების უფლებათა დარღვევა. ჩვენში დიდ შეშფოთებას იწვევს რუსეთის პოზიცია. შეშფოთებას იწვევს მუქარა, გამოთქმული საქართველოს მისამართით. განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს რუსეთის პოზიცია, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.”

პოლონეთის სეიმის წევრი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე იმასაც აღნიშნავს, რომ მიუღებელია კოსოვოს პრეცედენტის მისადაგება საქართველოს კონფლიქტურ რეგიონებთან და დასძენს:
[ზალევსკის ხმა] “საქართველო ჩვენთვის პრიორიტეტული ქვეყანაა - განვითარების ხელშეწყობას რაც შეეხება. ასეთ ქვეყნებად საგარეო საქმეთა სამინისტროს სულ რამდენმე ჰყავს შერჩეული და მათს შორისაა საქართველოც. მეორე მხრივ, მხარს ვუჭერთ საქართველოს მისწრაფებას ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისაკენ. ევროკავშირი, გერმანიის წინადადების შესაბამისად, მიიღებს კონცეფციას, რომელიც აღმოსავლეთისადმი დამოკიდებულებას ეხება. ეს აღმოსავლური პოლიტიკა მოიცავს სამხრეთ კავკასიის ქვეყნებთან ურთიერთობასაც. გვსურს, რომ წინადადებები, რომლებიც საქართველოსთვისაც იქნება განკუთვნილი, ძალიან კონკრეტული ხასიათის იყოს (...) - ფინანსური თვალსაზრისითაც. გარდა ამისა, საქართველოს მხარდაჭერას ვუცხადებთ ხოლმე სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმზე, რადგან გვჯერა, რომ საქართველო, თავისი დემოკრატიული მისწრაფებებით, ძალიან მნიშვნელოვანი პარტნიორია პოლონეთისთვის”.

პოლონეთი რომ საქართველოს მნიშვნელოვან პარტნიორად მიიჩნევს, როგორც ამას პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე პაველ ზალევსკი აღნიშნავს, თუნდაც იმით ჩანს, რომ პოლონეთიც შედის საქართველოს მეგობარი ქვეყნების ჯგუფში, რომელიც ხელს უწყობს ქვეყნის დაახლოებას ევროატლანტიკურ სტრუქტურებთან. თუმცა, პოლონელების კეთილგანწყობას საქართველოს მიმართ მარტო აქტუალური პოლიტიკური ინტერესები, თუ პრაგმატული მოსაზრებები არ განაპირობებს. ქართველი ჟურნალისტები, რომელთაც ამას წინათ მოგვეცა პოლონეთში შეხვედრების გამართვის საშუალება, ბევრჯერ დავრწმუნდით საქართველოსადმი პოლონელების კეთილგანწყობაში, ემოციურ დამოკიდებულებაში.

როცა ავტორიტეტიანი კვლევითი ცენტრის, ნატოლინის ინსტიტუტის პოლიტოლოგ მარეკ ჩიხოცკის ვკითხეთ, რა არის ამ სიმპათიის მიზეზი - მან ჯერ ისტორია გაიხსენა: [ჩიხოცკის ხმა] “პოლონელებს ახსოვთ ის ფაქტი, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც გამოხატა დაინტერესება პოლონეთის კონსტიტუციით - 1791 წლის 3 მაისის კონსტიტუციით. ჯერ კიდევ ბაგრატიონებმა გამოაგზავნეს საგანგებო დელეგაცია, რათა გაცნობოდნენ კონსტიტუციას. და დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ, პოლონელი ემიგრანტები დასავლეთში, პარიზსა და ლონდონში, დაკავებული იყვნენ საქართველოს საკითხითაც - ანტირუსული ასპექტით. იყო ასეთი გამოცემა “The Portfolio” ინგლისური, ფრანგული პუბლიკაციებით, ზოგჯერ ქართული ტექსტებიც იყო.”

ამდენად, ინტერესს, საქართველოსადმი პოლონელების კეთილგანწყობას ხანგრძლივი ისტორია აქვს და დღემდე ვლინდება. ქვეყანაში, რომელიც აშშ-ის ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა, დონალ რამსფელდმა თავის დროზე “ახალ ევროპად” მოიხსენია, არა მარტო მხარს უჭერენ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში საქართველოს გაწევრიანებას, არამედ სჯერათ, რომ საქართველო მიაღწევს კიდეც ამ მიზანს.

[ზალევსკის ხმა] “ეჭვი არ მეპარება იმაში, რომ ევროკავშირისთვის საქართველო არის მნიშვნელოვანი ქვეყანა, მაქვს იმედი, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი. დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ევროკავშირი საქართველოსთან განავითარებს ძალიან მჭიდრო ურთიერთობას - კიდევ უფრო მჭიდროს და უკეთესს უკვე მომავალი წლიდან”.

პოლონეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე პაველ ზალევსკის ამ დამაიმედებელ განცხადებას მარტო იმას დავამატებ, რომ ამ დღეებში გაცილებით მეტ ინტერესს იწვევს ნატოსთან საქართველოს ურთიერთობა. რუსეთი გადაჭრით ეწინააღმდეგება მათს დაახლოებას - ისევე როგორც, თავის დროზე, გადაჭრით ეწინააღმდეგებოდა ნატოში პოლონეთის გაწევრიანებას. ამაოდ: 1999 წელს პოლონეთი ნატოში მიიღეს. შეიძლება, ეს ფაქტი განსაკუთრებით დამაიმედებლად ჟღერდეს ახლა, რიგაში ნატოს სამიტის ფონზე.
XS
SM
MD
LG