Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვინ არიან დუხობორები და რა აწუხებთ მათ


დუხობორების სექტა 1740 წელს რუსეთში, ეკატერინოსლავის გუბერნიაში, წარმოიშვა. მართლმადიდებელი ეკლესიიდან გამოყოფილი დუხობორები არ ემორჩილებოდნენ

არც საერო და არც სასულიერო ხელისუფლებას, არ ცნობდნენ ქრისტიანულ საიდუმლოებებს, მათ შორის, ნათლობისა და ქორწინების საიდუმლოებებს. დუხობორები დევნას განიცდიდნენ ჯერ ეკატერინე მეორის, შემდეგ კი პავლე პირველის დროს. 1801 წელს ალექსანდრე პირველმა დუხობორები აზოვის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე გადაასახლა, საბოლოოდ კი მათი ადგილი საქართველოში მოიძებნა, სადაც „სულიწმინდასთან მებრძოლი“ დუხობორები 1841 წელს ჩამოასახლეს. როგორ ცხოვრობენ ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი რელიგიური სექტის მიმდევრები თანამედროვე საქართველოში? რა პრობლემები აწუხებთ მათ და რატომ შემცირდა დუხობორების რიცხვი უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში?

ფიოდორ გონჩაროვი ამ ნახევარი საუკუნის წინ ნინოწმინდის რაიონის სოფელ გორელოვკაში დაიბადა და დღემდე იქ ცხოვრობს. მისგან განსხვავებით, უკანასკნელი ათი-თხუთმეტი წლის განმავლობაში საქართველო არაერთმა დუხობორმა დატოვა და შორეულ რუსეთში გადასახლდა. დუხობორებიც რუსები ვართო, ამბობს ფიოდორ გონჩაროვი, თუმცა იქვე განსხვავებასაც უსვამს ხაზს:

[ფიოდორ გონჩაროვის ხმა] „ჩვენ არ ვინათლებით, არც ეკლესიაში დავდივართ და არც მღვდლისა გვჯერა, იმიტომ რომ ყველა ჩვენგანმა იცის ის, რასაც მღვდელი კითხულობს. და კიდევ: როგორც წინაპრებისგან ვიცით, ჩვენში ღმერთთან ურთიერთობა პირდაპირ, შუამავლების გარეშე ხორციელდება.“


ფიოდორ გონჩაროვის თქმით, ადრე, საბჭოთა კავშირის დაშლამდე, გორელოვკაში 3 ათასამდე დუხობორი ცხოვრობდა. ახლა მათი რაოდენობა 300-მდეა შემცირებული და ეს რიცხვი ,ალბათ, კიდევ უფრო შემცირდება, თუკი ხელისუფლება მიწის საკითხს სამართლიანად არ გადაწყვეტს. საქმე ის არის, რომ გორელოვკელი დუხობორების მთელ ქონებას, მათ შორის, 2 ათას 700 ჰექტარ სახნავ-სათეს მიწას, რომელიც კოოპერატივ „დუხობორეცის“ საკუთრებაშია, მიმდებარე სოფლებიდან ჩასახლებული გლეხები და ფერმერები ეპატრონებიან. არადა, კოოპერატივი, ყოფილი კოლმეურნეობის ბაზაზე, დუხობორების თემმა 1997 წელს დააფუძნა, თუმცა, როგორც “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ადვოკატი ირაკლი ცნობილაძე ამბობს, დაშვებული იქნა მთელი რიგი მნიშვნელოვანი შეცდომები:

[ირაკლი ცნობილაძის ხმა] „გამგეობის მიერ გაფორმებული იყო ხელშეკრულება, რეგისტრირებული არიან დუხობორები როგორც გადამხდელები საგადასახადო ინსპექციაში და, სინამდვილეში, მიწის გადაცემის და მიწის კომისიის ოქმი არ არსებობს, ანუ ის, რაც უნდა ყოფილიყო საფუძველი. ამის გამო კი პრობლემა იქმნება - საჯარო რეესტრში რეგისტრაციას ვერ ახორციელებენ, რის გამოც მონაწილეობას ვერ მიიღებენ პრივატიზაციაში და ვერ ისარგებლებენ პირდაპირი მიყიდვის წესით.“(სტილი დაცულია)

გარდა ამისა, კოოპერატივს მემკვიდრეობით მიღებულ დავალიანებაზე საურავების დარიცხვით 4 მილიონი ლარის დავალიანებაც დაუგროვდა, რაც ასევე ხელ-ფეხს უბორკავს გორელოვკელ დუხობორებს, რომლებიც თავს, ძირითადად, კოოპერატივის საშუალებით ირჩენენ. სამცხე-ჯავახეთში პრეზიდენტის რწმუნებული გოგა ხაჩიძე ვალის ჩამოწერის შესაძლებლობაზე ლაპარაკობს, თუმცა იქვე პრობლემის სხვა ასპექტზეც ამახვილებს ყურადღებას:

[გოგა ხაჩიძის ხმა] „მე მხარს დავუჭერ ვალის ჩამოწერასა და რესტრუქტურიზაციას, რათა შენარჩუნებული იყოს ეს თემი, თუმცა მთავარი თემა მაინც იქიდან გამომდინარეა, რომ უმცირესობათა ერთი ჯგუფის ინტერესების დაცვა არ უნდა მოხდეს სხვა ჯგუფის, იმავე სომხების, ინტერესების ხარჯზე. მოსაძებნია ოქროს შუალედი, რომ არ გავანაწყენოთ არც ერთი და არც მეორე მხარე.“(სტილი დაცულია)

განაწყენებას კი მიწის განაწილების მტკივნეული პროცესი იწვევს. ფიოდორ გონჩაროვის თქმით, 2 ათას 700 ჰექტარი მიწის ფართობიდან დუხობორები სულ რაღაც 600 ჰექტარსღა განკარგავენ. მიწას, ძირითადად, ნინოწმინდის რაიონში მცხოვრები ეთნიკური სომხები ითხოვენ.

[რაჯი ზოროღლიანის ხმა] „პრობლემაა მიწა! მარტო დუხაბორებს კი არა, სხვებსაც - სომხებსა და ქართველებსაც - უნდათ მიწა, მაგრამ რატომღაც მთავრობა არ იძლევა. სულ დუხაბორებს აქვთ მიწა, დანარჩენი ხალხად არ ითვლება!“(სტილი დაცულია)

ეს რაჯი ზოროღლიანია - 27 წლის ახალგაზრდა, რომელიც გორელოვკაში შვიდი წლის წინ ჩასახლდა და რომელიც რუსეთში გადასახლებული დუხობორების სახლში ცხოვრობს. სახალხო დამცველ სოზარ სუბარს კი გორელოვკელი დუხობორები არ ეთმობა:

[სოზარ სუბარის ხმა] „ხუთჯერ შემცირდა მათი რიცხვი ამ ათი წლის განმავლობაში და ძალიან ცოტანი დარჩნენ. საქართველოში მრავალფეროვნების შენარჩუნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ისინი იყვნენ და მოღვაწეობდნენ საქართველოში. იმიტომ რომ ძალიან საინტერესო შტრიხი შეაქვთ კულტურაში. კულტურული მემკვიდრეობა, რომელიც იქ არის დარჩენილი, მათი ტაძრების და სხვა შენობების სახით, უნიკალურია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ თვით რუსეთშიც კი აღარ არის ასეთი ძველი შენობები, რომლებიც თავის დროზე დუხობორებმა ააგეს. ეს არის ჩვენი სიმდიდრე და ეს უნდა იყოს შენარჩუნებული.“(სტილი დაცულია)

დუხობორების რელიგიურ-ეთნიკური ჯგუფის შენარჩუნების აუცილებლობაზეა ლაპარაკი უმცირესობათა საკითხების ევროპული ცენტრის სამუშაო მოხსენებაში, რომლის მიხედვითაც დუხობორთა ისტორიულ ძეგლებს უნდა მიენიჭოს კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი, ხოლო მთავრობამ ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ არ მოიშალოს დუხობორთა უკანასკნელი კომპაქტური დასახლება საქართველოში, სოფელ გორელოვკაში, რომელსაც ფიოდორ გონჩაროვი ასე აღწერს:

[ფიოდორ გონჩაროვის ხმა] „ზამთარი ჩვენთან ექვსი თვე გრძელდება. სტუმრებს უკვირთ, როგორ შეიძლება საქართველოში ასეთი ადგილი იყოსო. ჩვენ კი ვეუბნებით, შეიძლება, ყველაფერი შეიძლება, იმიტომ რომ ზღვის დონიდან 2 ათას 100 მეტრზე მდებარეობს.“
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG