Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რას აკეთებს საქართველოს ხელისუფლება გაზის გარანტირებული მომარაგებისთვის


27 ნოემბერს ქართულ პრესაში გავრცელდა საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ჯონ ტეფტის ინტერვიუს ფრაგმენტი,

რომელიც ირანიდან საქართველოს ბუნებრივი აირით მომარაგების საკითხს შეეხება. ტეფტის თქმით, აშშ-თვის მიუღებელია ენერგეტიკულ საკითხებში საქართველოსა და ირანის სტრატეგიული პარტნიორობა. ცნობილია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სიტყვებიც, რომ საქართველო რუსეთისგან ბუნებრივ აირს 230 დოლარად არ შეიძენს. ასეთ ვითარებაში რას აკეთებს საქართველოს მთავრობა სხვა ალტერნატივების მოსაძიებლად და გაზის გარანტირებული მოწოდების უზრუნველსაყოფად?

გასულ კვირაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი და, საერთოდ, მთავრობა ირწმუნებოდა, გაზის მომწოდებლები მრავლად არიან, ჩვენ ახლა მხოლოდ გაზის ხელსაყრელ ფასად შეძენაზე ვმუშაობთო. მოგვიანებით გაირკვა, რომ, ბაქოზე მოსკოვის ზეწოლის გამო, აზერბაიჯანიდან იაფფასიანი გაზის შეძენის შანსი ძალიან მცირეა. მცირეა იმის შანსიც, რომ თურქეთმა ბაქო-თბილისი-ერზერუმის გაზსადენიდან, რომელიც მწყობრში ჯერ არ შესულა, გაზის კუთვნილი წილი საქართველოს დაუთმოს, გაზის მცირე მოცულობისა და აზერბაიჯანში არსებული პრობლემების გამო.

ასეთ პირობებში რუსეთის თითქმის ერთადერთ ალტერნატივად ირანი რჩება. ირანმა საქართველოს გაზი ერთხელ უკვე მიაწოდა, როდესაც 2006 წლის იანვარში რუსეთის გაზსადენი აფეთქდა და საქართველო ცივ ზამთარში 2 კვირის მანძილზე ბუნებრივი აირის გარეშე დარჩა.

ირანთან თანამშრომლობის პერსპექტივებზე ოფიციალური თბილისი თამამად მას შემდეგ ალაპარაკდა, რაც 10 დღის წინ საქართველოში ვიზიტად მყოფმა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილემ მეთიუ ბრაიზამ შემდეგი შინაარსის განცხადება გააკეთა:

[მეთიუ ბრაიზას ხმა] ”მიუხედავად იმისა, რომ შეერთებულ შტატებს გარკვეული პოლიტიკა აქვს ირანის მიმართ, ჩვენ ნამდვილად არ გვინდა, რომ საქართველო, სომხეთი ან რომელიმე სხვა ქვეყანა ზამთარში ენერგიის გარეშე დარჩეს.”

ბრაიზას ამ სიტყვებს მოჰყვა საქართველოში აშშ-ის ელჩის ჯონ ტეფტის განმარტება, რომელიც მან გაზეთ ”კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ექსკლუზიურ ინტერვიუში გააკეთა. ტეფტის თქმით, როდესაც 2006 წლის ზამთარში, ფორსმაჟორულ სიტუაციაში, საქართველომ მცირე მოცულობის გაზი ირანიდან მიიღო, ამ ამბავს ამერიკის ადმინისტრაცია გაგებით მოეკიდა. მაგრამ საქართველოსა და ირანის გრძელვადიანი თანამშრომლობა ამ საკითხებში შეერთებული შტატებისთვის მიუღებელია.

არადა, სწორედ ასეთი თანამშრომლობის კონტურები გამოჩნდა საქართველოს ხელისუფლების ქმედებებში. სამაგალითოდ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის მიერ რიგაში ნატოს სამიტის წინ გაკეთებული ეს განცხადებაც გამოდგება:

[ნინო ბურჯანაძის ხმა] ”რუსეთს 230-ს არ გადავუხდით, მაშინ ვიყიდით სხვა გაზს სხვა ქვეყნიდან - თუ იგივე ფასი უნდა გადავიხადოთ, მაშინ სხვას გადავუხდით.”

“სხვაში”, ბუნებრივია, ირანი იგულისხმება, რადგან საქართველოს გაზის მიღება, რუსეთისა და აზერბაიჯანის გარდა, მხოლოდ ირანიდან შეუძლია. უფრო მეტიც, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა ისიც განაცხადა, ირანთან თანამშრომლობა ელექტროენერგეტიკის სფეროშიც იწყებაო.

ექსპერტი ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხებში გია ხუხაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს დასავლელი პარტნიორებისთვის რუსეთთან თანამშრომლობა უფრო მისაღებია, ვიდრე ირანთან:

[გია ხუხაშვილის ხმა] ”რუსეთი რაც არის, ეს მარტო ჩვენ კი არა, მთელმა მსოფლიომ იცის. ეს არის შეჩვეული ჭირი და ახლა ჩვენ შეჩვეულ ჭირს თავი გავანებოთ და იმავე ფასად ვიყიდოთ რომელიღაც მხარისგან, რომლითაც ახალ რისკებს გავაჩენთ ქვეყნისთვის, ეს არის აბსოლუტურად წარმოუდგენელი განცხადება პარლამენტის თავმჯდომარისგან.”

სამხრეთ კავკასიასა და ევროპაში გაზის მიწოდების დივერსიფიკაციაზე საუბრისას რუსეთთან თანამშრომლობის აუცილებლობაზე მიანიშნებდა მეთიუ ბრაიზაც:

[მეთიუ ბრაიზას ხმა] ”ჩვენ არა მხოლოდ სრულიად ვიზიარებთ საქართველოს, აზერბაიჯანის, თურქეთისა თუ მთელი ევროატლანტიკური თანამეგობრობის მიზნებს ენერგიის წყაროების დივერსიფიკაციის თაობაზე, არამედ უკვე ათწლეულზე მეტია ვმუშაობთ ამ საკითხზე. ამ პროცესში ჩვენი მიზანი არ არის ურთიერთწამგებიან თამაშში მონაწილეობა რუსეთთან, ან რომელიმე სხვა ქვეყანასთან. მივესალმებით ფაქტს, რომ “გაზპრომი” ათწლეულების მანძილზე ევროპისთვის ბუნებრივი აირის სანდო მიმწოდებელი იყო. ჩვენ არ გვსურს ამ ტენდენციის შეჩერება, ჩვენ გვსურს, რომ ასევე გაგრძელდეს. ”

ამ გამოწვევების წინაშე მდგარი საქართველოს ხელისუფლება კი ზოგადი და ოპტიმისტური განცხადებებით აიმედებს ქვეყნის მოსახლეობას. საქართველოს პრემიერ-მინისტრ ზურაბ ნოღაიდელს მოვუსმინოთ:

[ზურაბ ნოღაიდელის ხმა] ”წლის ბოლომდე დავამთავრებთ ამ მოლაპარაკებებს და წლის ბოლოდან აუცილებლად იქნება საქართველოში გაზი.”
XS
SM
MD
LG