Accessibility links

logo-print

ქართული პრესის მიმოხილვა


დღევანდელი ქართული პრესა დაგეგმილი სამიტების შესაძლო შედეგების განჭვრეტას ცდილობს.

გთავაზობთ ამ და სხვა საკითხებზე გამოქვეყნებული ზოგიერთი პუბლიკაციის მიმოხილვას.

“წამახალისებელი სიგნალის მოლოდინში”, - ასე აღწერს “24 საათი” საქართველოს განწყობას ნატოს სამიტის მიმართ. “როგორც ადრე ნატოს გენერალური მდივანი აცხადებდა, ალიანსმა გაწევრიანების მსურველებს, რომლებშიც, ალბანეთის, ხორვატიისა და მაკედონიის გარდა, საქართველოც მოიაზრება, “წამახალისებელი სიგნალი სწორედ რიგის სამიტიდან უნდა გაუგზავნოს”, - წერს გაზეთი.

“რეზონანსი” კი იმავე ნატოს სამიტის შესახებ წერს, რომ, “ქართველი ექსპერტების შეფასებით, ბოლო რამდენიმე დღის მოვლენები იმაზე მიანიშნებს, რომ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანება არა მხოლოდ შეუქცევადი პროცესი გახდა, არამედ, შესაძლოა, გაწევრიანება მეტად დაჩქარებული ტემპებით მოხდეს.”

“რეზონანსი” ცდილობს ახსნას რამ შეიძლება შეუშალოს ხელი რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტების პირისპირ შეხვედრას. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე გაზეთის კორესპონდენტთან საუბარში ასეთ მოსაზრებას გამოთქვამს: “ლოგიკა არის იმაში, რომ შეხვედრა შედგეს. ჩემი აზრით, თავად პუტინის ინტერესშია, რომ ეს შეხვედრა შედგეს. რა თქმა უნდა, თუკი მოახერხა პუტინმა და თავისი ინტერესები გაიტანა. რუსულ პოლიტიკურ პრესას თუ დავაკვირდებით, ამ ბოლო მკვლელობებთან დაკავშირებით სულ უფრო ხშირად გაისმის ერთი ვერსია, რომ არის გარკვეული ჯგუფი რუსულ პოლიტიკურ ელიტაში, რომელიც, ერთი მხრივ, დაკავშირებულია სამხედროებთან და, მეორე მხრივ, იბრძვის ხელისუფლებისთვის. სწორედ ეს პოლიტიკური ჯგუფი ცდილობს, რომ პუტინი რაც შეიძლება რთულ მდგომარეობაში ჩააყენოს, რომ მერე თავისი თამაშის პირობები უკარნახოს”, - მიიჩნევს პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე.

“ამერიკა ირანული გაზის ექსპორტს გვიკრძალავს”, - ასეთი სათაურით აქვეყნებს პუბლიკაციას “ახალი თაობა” და, ბუნებრივია, გაზის “იმპორტს” გულისხმობს. საქმე კვლავ ჯონ ტეფტის, საქართველოში შეერთებული შტატების ელჩის, გუშინდელ პრესაში გამოქვეყნებულ ინტერვიუს ეხება, სადაც ის საქართველო-ირანს შორის ხანგრძლივ ურთიერთობას შტატებისთვის მიუღებლად მიიჩნევს. “ახალი თაობის” კორესპონდენტი წერს: “სამწუხაროდ, საქმე სულაც არ არის სასაცილოდ. თუ ირანული იმპორტი არ შედგება, მაშინ რჩება ორი გამოსავალი - ან სიცივესა და სიბნელეში ჯდომა, ან ხელისუფლების მხრიდან “ფურთხის მეორედ ალოკვა” და ღიად ან ჩუმად “გაზპრომის გაზის იმპორტი 230 დოლარად. რა ურჩევნია მოსახლეობას?” - კითხულობს “ახალი თაობა”.

დასასრულ, ერთ საინტერესო ამბავზე: “ალია” გვაუწყებს, რომ შეერთებულ შტატებში პოლიტდევნილის სტატუსით მცხოვრები, “აღორძინების” პარტიის ყოფილი აქტივისტი, ცოტნე ბაკურია თბილისში მალე ჰოლივუდის ცნობილ ვარსკვლავ კევინ კოსტნერთან ერთად ჩამოვა. გაზეთი აქვეყნებს ცოტნე ბაკურიასთან ინტერვიუს, საიდანაც შეიტყობთ, რომ ჰოლივუდში იღებენ ფილმს, რომლის სცენარის თანახმადაც მთავარი გმირი, კევინ კოსტნერის შესრულებით, ბედნიერების საძებნელად უცხო ქვეყნებში იწყებს მოგზაურობას და საქართველოში რევოლუციის დღეებში მოხვდება. ინტერვიუდან ირკვევა, რომ ფილმში ქართველი ტაქსის მძღოლის როლი ცოტნე ბაკურიასთვის შეუთავაზებიათ. “ალიას” ცნობით, ფილმის გადაღება მომავალი წლის თებერვალში დაიწყება. თბილისში ჩამოსასვლელად კი ცოტნე ბაკურია საქართველოს ხელისუფლებას ხელშეუხებლობის გარანტიას სთხოვს.
XS
SM
MD
LG