Accessibility links

logo-print

რუსული პრესის მიმოხილვა


თამარ ჩიქოვანი, თბილისი დღეს, 28 ნოემბერს, მინსკში დსთ-ს წევრი სახელმწიფოების საიუბილეო სამიტი დაიწყო.

თუმცა, რუსეთის მედიის პუბლიკაციებით თუ ვიმსჯელებთ, ამ ორგანიზაციის არსებობის მე-15 წლისთავზე მისი ეფექტურობის თითქმის არავის სჯერა. რას ელიან რუსეთში მინსკის სამიტისგან? - ამ საკითხთან დაკავშირებით რუსეთის პრესაში გამოქვეყნებულ რამდენიმე სტატიას გაგაცნობთ.

რატომ იმართება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საიუბილეო სამიტი ახლა და არა თვე-ნახევრის წინ, როგორც დაგეგმილი იყო? - ამ კითხვაზე რუსეთის პრესაში ორი განსხვავებული პასუხი არსებობს. თუ დღევანდელი ”როსიისკაია გაზეტას” ვერსიით, სამიტის გადადება წინასწარ იყო გადაწყვეტილი და ის სპეციალურად დაამთხვიეს დღესვე რიგაში დაწყებულ ნატოს სამიტს, ინტერნეტგამოცემა ”გაზეტა” სხვა არგუმენტზე საუბრობს. კერძოდ: ამ თვე-ნახევრის წინ რუსეთ-საქართველოს დაპირისპირება ყველაზე ცხელ სტადიაში იყო; შესაბამისად, სამიტის მონაწილე პრეზიდენტებს თავისი დამოკიდებულება უნდა გამოეხატათ - ან საქართველოსთვის დაეჭირათ მხარი და ან რუსეთისთვის. ასეთი არჩევანის თავიდან აცილების მიზნით, რუსეთის მხარის ინიციატივით, სამიტი ნოემბრის ბოლოსთვის გადაიდო, - წერს “გაზეტა”.

27 ნოემბრის გაზეთი ”ვრემია ნოვოსტეი” აქვეყნებს ინტერვიუს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი დენისოვთან, რომლის განცხადებითაც, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის რეფორმირება დროის საქმეა. კითხვაზე, როგორ მოქმედებს რუსეთ-საქართველოს გამწვავებული ურთიერთობა თანამეგობრობაში არსებულ ატმოსფეროზე, ანდრეი დენისოვი პასუხობს:”რუსეთ-საქართველოს ურთიერთობას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში არსებულ სიტუაციას არ დავუკავშირებდი. თანამეგობრობას თავისი დღის წესრიგი აქვს. არ დაგიმალავთ, რომ ქართველი კოლეგები ცდილობენ, შეხვედრებისას ყურადღება ორმხრივ ურთიერთობებზე გაამახვილონ, მაგრამ რუსეთისა და თანამეგობრობის წევრ სახელმწიფოთა უმრავლესობის პრაგმატული მიდგომა გაერთიანებაში ვითარების დაძაბვის პირობებს არ ქმნის.”

27 ნოემბრის ”ნეზავისიმაია გაზეტას” ვარაუდით, გამორიცხული არ არის, მინსკის სამიტი საქართველოსთვის ბოლო აღმოჩნდეს - მიხეილ სააკაშვილი არ მალავს, რომ მინსკში მხოლოდ პრეზიდენტ პუტინთან შესახვედრად მიდის. ”კულუარებში ამბობენ, რომ საქართველო მზად არის მნიშვნელოვან დათმობებზე წავიდეს. თუმცა საკითხი ამჯერად სხვაგვარად დგას - მოინდომებს კი პუტინი თავის ქართველ კოლეგასთან შეხვედრას?” - წერს ”ნეზავისიმაია გაზეტა” და მკითხველს შეახსენებს, რომ ცოტა ხნის წინ რუსეთ-საქართველოს გართულებულ ურთიერთობებზე ამერიკისა და რუსეთის პრეზიდენტებმაც ისაუბრეს.” პრეზიდენტმა პუტინმა პრეზიდენტ ბუშს განუმარტა, რომ ქართველ კოლეგასთან დიალოგი შეუძლებელია. ამერიკული მხარე ამ განმარტებას გაგებით მოეკიდა,” - წერს 27 ნოემბრის ”ნეზავისიმაია გაზეტა”.

და კიდევ ერთი თემა, რომელიც თითქოს რუსეთის მედიაში მივიწყებული იყო, მაგრამ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის სამიტის წინ კვლავ ამოტივტივდა: 27 ნოემბრის ”ვრემია ნოვოსტეის” ინფორმაციით, რამდენიმე დღის წინ ხასავიურტში მოკლული აბუ ხავსა - ტერორისტულ ორგანიზაცია ”ალ ყაიდას” წარმომადგენელი რუსეთში - კარგა ხანს თავს საქართველოს აფარებდა და იქიდან ხელმძღვანელობდა ტერორისტულ აქტებს. კერძოდ, რუსეთის დაზვერვის სამსახურის მონაცემებით, ის 2005 წლის თებერვალში პანკისის ხეობაში ცხოვრობდა და ჩეჩნეთშიც პანკისიდან ჩავიდა.
XS
SM
MD
LG