Accessibility links

logo-print

ევროკავშირის წევრ ქვეყნებში იცოდნენ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო ციხეების არსებობა


ამერიკის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს საიდუმლო საპატიმროების შესახებ სკანდალი კვლავ დღის წესრიგშია.

ევროპის პარლამენტის მიერ მომზადებული მოსხენების პროექტში ნათქვამია, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა იცოდნენ, რომ ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო მათ ტერიტორიებს იყენებდა ტერორიზმში ეჭვმიტანილთა დასაპატიმრებლად. სავარაუდოა, რომ ეს ანგარიში, რომლის ავტორია იტალიელი სოციალისტი დეპუტატი კლაუდიო ფავა, სიმწვავეს შემატებს ტრანსატლანტიკურ დაძაბულობას.

შარშან გაზეთ "ვაშინგტონ პოსტმა" და ადამიანის ულფებების დამცველმა ორგანიზაცია "ჰიუმენ რაიტს უოჩმა" პირველად გაახმაურეს სკანდალური ცნობა იმის თაობაზე, რომ ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს ევროპაში და სხვა ქვეყნებში საიდუმლო საპატიმროები ჰქონდა.

ამ ინფორმაციის თანახმად, ცენტრალური სადაზვერვო სამმართველო ხმარობდა შენიღბულ თვითმფრინავებს, რომლებითაც ამერიკიდან ევროპაში გადაჰყავდათ ტერორიზმში ეჭვმიტანილები და იქ, საიდუმლო საპატიმროებში, დაკითხვას უტარებდნენ.

ამ ცნობებმა ევროპის მრავალი პოლიტიკოსის აღშფოთება გამოიწვია და საქმე მივიდა ევროპის საბჭოს მიერ წარმოებულ გამოძიებამდე. ამ გამოძიებამ "ვაშინგტონ პოსტის" მიერ გამოთქმული მრავალი ეჭვი დაადასტურა.

სექტემბერში შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა აღიარა საიდუმლო საპატიმროების არსებობა, მაგრამ უარყო ბრალდება იქ ტერორიზმში ეჭვმიტანილების წამების შესახებ.

ევროპის პარლამენტის მოხსენების პროექტი, რომლის ავტორია იტალიელი პარლამენტარი კლაუდიო ფავა, ადასტურებს, რომ ევროპის კავშირის უმეტესმა ქვეყნებმა იცოდნენ, თუ რას ეხებოდა საქმე და დუმდნენ.

თუ ეს მართლა ასეა, გამოდის, რომ სკანდალის გახმაურების შემდეგ ევროპელ ლიდერთა აღშფოთება ფარისევლობა ყოფილა.

[ფავას ხმა] "ერთ-ერთი დასკვნა, რომელიც გამოვიტანეთ იმის გააზრებისას, რომ მრავალი მთავრობა აქტიურად თუ პასიურად თანამშრომლობდა სადაზვერვო სამმართველოსთან, ისაა, რომ ევროპის მთავრობებმა იცოდნენ, რომ ეჭვიტანილთა სხვა ტერიტორიებზე გაყვანის უკანონო პრაქტიკა ავტორიზებული და კონსოლიდირებული სისტემა იყო. სისტემა, რომელიც შეერთებული შტატების მთავრობამ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში ძირითად ელემენტად აქცია, ელემენტად, რომელიც, ჩვენი აზრით, არა მეორეხარისხოვანი, არამედ პირველადი მნიშვნელობის იყო ამ საქმისთვის."

ფავამ, რომელმაც სამშაბათს წარმოადგინა მოხსენების პროექტი, მწვავედ გააკრიტიკა ევროპელი ლიდერები მათი დუმილისთვის.

ფავას თქმით, ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოსთან ევროკავშირის 12 წევრი ქვეყანა - მათ შორის ბრიტანეთი, დანია, გერმანია, იტალია და ესპანეთი - აგეთვე ევროკავშირის გარეთ მყოფი ქვეყნები - რუმინეთი, ბოსნია, მაკედონია და თურქეთი - თანამშრომლობდნენ.

ფავამ ასევე გააკრიტიკა ევროკავშირის ხელმძღვანელობის წარმომადგენელი ხავიერ სოლანა იმისთვის, რომ მან არასწორი ჩვენებები მისცა ევროპის პარლამენტის წევრებს.

ფავამ ვერ დაადასტურა ევროპაში საიდუმლო ციხეების არსებობა, მაგრამ იგი გამოთქვამს ვარაუდს, რომ ასეთი ცენტრები მოიპოვებოდა რუმინეთსა და პოლონეთში.

ევროპის პარლამენტი მომავალ წელს უყრის კენჭს ამ მოხსენების პროექტს.
XS
SM
MD
LG