Accessibility links

როგორ მიმდინარეობს საკონსტიტუციო ცვლილებათა პროექტის საჯარო განხილვა


საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის მიხედვით, რომლის განხილვაც პარლამენტში 29 ნოემბერს გაიმართა,

პრეზიდენტის უფლებამოსილებები საგრძნობლად მცირდება. მიუხედავად ამისა, ცვლილებათა პაკეტის ზოგიერთი მუხლი მაინც გახდა ოპოზიციის მწვავე კრიტიკის მიზეზი. ლაპარაკია 2008 წელს საპრეზიდენტო, საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ერთდროულად ჩატარების განზრახვაზე.

საქართველოს პარლამენტში სპეციალურად შეიქმნა კომისია, რომელიც ორგანიზებას უწევს კონსტიტუციაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის საჯარო განხილვის პროცესს. კომისიის სხდომაზე როგორც საპარლამენტო პარტიებმა, ასევე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა თავიანთი შენიშვნები და რეკომენდაციები წარმოადგინეს.

[ისმის განხილვის ხმა] ”...ძალიან კარგი, შენიშვნა გათვალისწინებულია. - მე კიდევ ბევრჯერ განგაცვიფრებთ, ბატონო კახა თქვენ...”

აი, ასეთი დამთმობი და კონსტრუქციული იყო როგორც ოპოზიცია, ასევე საპარლამენტო უმრავლესობა. ცვლილებები ელჩების დანიშვნისა და გათავისუფლების წესის შესახებ ოპოზიციამ თითქმის კამათის გარეშე გაიზიარა. კამათი არც მოსამართლეთა დანიშვნის წესის განხილვას მოჰყოლია. სწორედ ამ ცვლილებებს უწოდებს მმართველი პოლიტიკური ძალა პრეზიდენტის უფლებამოსილების შეკვეცას. მათ შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი, პავლე კუბლაშვილი, გვესაუბრება:

[პავლე კუბლაშვილის ხმა] ”უფლებამოსილებები პრეზიდენტისა პარლამენტის მიმართ უნდა გადასინჯულიყო, ეს იყო 2004 წელს განხორციელებული ცვლილებების დროს აღებული ვალდებულება. აქედან გამომდინარე, მოხდა პრეზიდენტის უფლებამოსილების სხვაგვარად განსაზღვრა. პირველი, პრეზიდენტს აღარ ექნება მოსამართლეების დანიშვნის უფლება; მეორე, პრეზიდენტს აღარ ექნება პარლამენტის 2-ზე მეტჯერ დათხოვნის საშუალება.”

პრეზიდენტის მიერ წარმოდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებებში მთავარ საკამათო საკითხს საპრეზიდენტო, საპარლამენტო და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნების ერთდროულად გამართვის საკითხი წარმოადგენს. ოპოზიციისთვის მიუღებელია 2008 წლის მიწურულს სამი არჩევნების ერთდროულად ჩატარება. დემოკრატიული ფრონტის ერთ-ერთი ლიდერის, კახა კუკავას, კომენტარი:

[კახა კუკავას ხმა] ”პრეზიდენტს ძალიან არ უნდა, რომ ირაკლი ოქრუაშვილი არ იყოს საპრეზიდენტო კანდიდატი. ამიტომ ის უარს ამბობს დღესვე განსაზღვროს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი. არაფერი პრობლემა არ არის, რომ ეს საკითხი ჩვენს კონსტიტუციაშიც იყოს მოწესრიგებული.”

ოპოზიცია ასევე კითხვის ქვეშ აყენებს მოქმედი პარლამენტის ლეგიტიმურობის საკითხს იმ შემთხვევაში, თუ სამი არჩევნები ერთდროულად 2008 წლის მიწურულს ჩატარდება, რადგან საკანონმდებლო ორგანოს უფლებამოსილების ვადა 2008 წლის პირველ ნახევარში იწურება. მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლის დეპუტატ ნინო კალანდაძის განცხადებით, ლეგიტიმურად ჩაითვლება ყველაფერი ის, რაც კონსტიტუციაში ჩაიწერება:

[ნინო კალანდაძის ხმა] ”სურვილი არსებობს ასეთი, რომ საქართველოს მოსახლეობა არ იმყოფებოდეს მუდმივი არჩევნების ეიფორიაში. აქ არის საუბარი ერთჯერად მექანიზმზე, რომ ეს არჩევნები ასე ჩატარდეს მხოლოდ გარდამავალ პერიოდში.”(სტილი დაცულია)

პოლიტიკურ ბრძოლაში ჩაბმული ძალებისგან განსხვავებული შენიშვნები აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს. ფონდ “ღია საზოგადოება-საქართველოს” დირექტორის დავით დარჩიაშვილის კომენტარი:

[დავით დარჩიაშვილის ხმა] ”ჩემი აზრით, ეს ქმნის რაღაც უხერხულობებს იმ მხრივ, რომ პარლამენტის უფლებამოსილება იზრდება, პრეზიდენტის მცირდება და ძნელი სათქმელია, როგორ დააბალანსებს ეს ორი ინსტიტუტი ერთმანეთს. კონსტიტუციის ხშირი ცვლილებები არ არის მისასალმებელი, მაგრამ საქართველოს კონსტიტუცია დასახვეწია.”

ეს და სხვა შენიშვნები საორგანიზაციო კომისიაში წერილობითი ფორმით შეგროვდება და პროექტთან ერთად ვენეციის კომისიაში გაიგზავნება. კონსტიტუციის ცვლილებათა პროექტს ევროპელი ექსპერტები ერთი თვის მანძილზე შეისწავლიან და მხოლოდ ამის შემდეგ შევა ის პარლამენტში საბოლოო განხილვისა და კენჭისყრისათვის.
XS
SM
MD
LG