Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უნდა იჯდეს თუ არა ციხეში 12 წლის დამნაშავე?


სისხლის სამართლის მოქმედი კოდექსის მე-80 მუხლის მიხედვით, სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისას ან მისგან გათავისუფლებისას არასრულწლოვნად ითვლება ის,

ვისაც დანაშაულის ჩადენამდე შეუსრულდა თოთხმეტი წელი, მაგრამ არ შესრულებია თვრამეტი, თუმცა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მომზადებული ცვლილების მიღების შემთხვევაში, დანაშაულის ჩამდენ მოზარდებს სისხლის სამართლის პასუხისგებლობა უკვე 12 წლის ასაკიდან დაეკისრებათ. რა მიზანს ისახავს დეპუტატთა ეს ინიციატივა და რას ფიქრობენ თბილისელები 12 წლის დამნაშავე მოზარდების ციხეში ჩასმის პერსპექტივაზე?

სტატისტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მონაცემებით, საქართველოში 14-დან 19 წლამდე ასაკის 340 ათასი მოზარდი ცხოვრობს. დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, სისხლის სამართლის კოდექსი ამ ასაკის მოქალაქეებს, ანუ არასრულწლოვანებს, სამართლებრივი ზემოქმედების
ღონისძიების სახით, პატიმრობას ან აღმზრდელობითი ზემოქმედების სხვა იძულებით ღონისძიებას უნიშნავს, თუმცა, ამის მიუხედავად, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს არასრულწლოვანთა ინსპექციის უფროსი ინსპექტორი ანზორ შიოშვილი ამბობს, დამნაშავეთა რიცხვი არ მცირდება:

[ანზორ შიოშვილის ხმა] „ზრდა არის ქონებრივი დანაშაულისა. ეს არის, ძირითადად, ქურდობები. ყველა დანაშაულის უკან დგას მოზარდი და, ამდენად, ეს პრობლემა აწუხებს საზოგადოებას და ჩვენ ვალდებულები ვართ ვიბრძოლოთ ბოლომდე.“

ძნელი სათქმელია, აპირებს თუ არა ბოლომდე ბრძოლას პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტიც. ყოველ შემთხვევაში, ცვლილება, რომელიც დანაშაულთან ბრძოლის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად და რომლის მიხედვითაც, არასრულწნოვნად ჩაითვლება ის მოზარდი, ვისაც დანაშაულის ჩადენამდე 12 წელი შეუსრულდა, სწორედ რომ კომიტეტშია მომზადებული, თუმცა კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილს რატომღაც ამ თემაზე ლაპარაკი არ სურს:

[ლევან ბეჟაშვილის ხმა] „არ მინდა, არ მინდა ამ თემაზე საუბარი, ჯერ არ ვარ ჩამოყალიბებული.“

იმას, რაზეც ლევან ბეჟაშვილს ლაპარაკი არ სურს, ანუ არასრულწლოვანთა ასაკის 14-დან 12 წლამდე შემცირებას, შეცდომად მიიჩნევენ სპეციალისტები. ფსიქოლოგი თეონა ქემაშვილი ამბობს, რომ 12 წლის მოზარდის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა საღ, ანუ მეცნიერულ, აზრსაა მოკლებული:

[თეონა ქემაშვილის ხმა] „12 წლამდე მთლიანად მისი განვითარების ფსიქიკა ბავშვის სფეროს არ სცილდება, კანონი მის ცნობიერებაში არ მოდის წინა პლანზე. წინა პლანზე მოდის „მინდა“ - მშია, მწყურია, მცივა... მისი პირადი სურვილები და გრძნობები გაცილებით უფრო ძლიერია და წინა პლანზეა წამოწეული (ნერვიული სისტემიდან გამომდინარე, იმიტომ რომ ჩამოუყალიბებელია უბნები მთლიანად), ვიდრე ის, რომ არსებობს კანონი, რომლის გადახვევა არ შეიძლება.“ (სტილი დაცულია)

სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებას იწუნებენ მესამე სექტორის წარმომადგენლებიც. დავით მანაგაძის, „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ცენტრის“ იურისტის, კომენტარი:

[დავით მანაგაძის ხმა] „დასჯის მუქარა ან საფრთხე არ განაპირობებს დანაშაულთა რაოდენობის შემცირებას. უნდა გამოარკვიონ, რატომ სჩადის ეს ხალხი დანაშაულს, რომელ სოციალურ ჯგუფს განეკუთვნება, რა არის დანაშაულის ჩადენის მოტივი და ამის შემდეგ აღმოფხვრან მოტივები. ასაკის დაწევა არაფერს მისცემს. ერთადერთი შედეგი იქნება ის, რომ კოლონიაში იჯდებიან არა 14 წლის, არამედ 12 წლის ბავშვები.“ (სტილი დაცულია)

ცვლილებას, რომლის მიხედვითაც ციხეში შეიძლება 12 წლის ბავშვები მოხვდნენ, მხარს არ დაუჭერს საპარლამენტო ოპოზიცია. „ახალი მემარჯვენეების“ წევრი მამუკა კაციტაძე ამბობს, რომ ხელისუფლება საკითხს ზერელედ უდგება:

[მამუკა კაციტაძის ხმა] „ბავშვისა და ბავშვის ასაკის განსაზღვრა პირდაპირ არის მიბმული სოციალურ გარანტიებთან მთელ რიგ ქვეყნებში, თუნდაც ბავშვთა უფლებების დაცვის კონვენცია ვნახოთ... ასე რომ, ვიღაცას მოეხასიათა და 12 წლის ბავშვის დაჭერა უნდა, ეს ასე მარტივად არ წყდება. ამიტომ მე მაინტერესებს ეს ყველაფერი,მაინტერესებს პაკეტი, რით არის ნაკარნახევი, რომელი სოციალური გარანტიების შესრულების ან შეუსრულებლობის გამო ხდება ასაკის 12 წლამდე დაწევა, თუ ეს ყველაფერი აიხსნება ერთადერთი რამით: ციხეები უფრო მეტად გავავსოთ ბავშვებით.“(სტილი დაცულია)

სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებას აკრიტიკებენ უმრავლესობის წარმომადგენლებიც. პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიგი წერეთელი არ აპირებს კოლეგებს მხარი უპირიბოდ დაუჭიროს:

[გიგი წერეთლის ხმა] „რაღაც ტიპის დანაშაულზე შესაძლებელია სასჯელის გამკაცრება. სხვა ქვეყნებში უფრო დაბალი ზღვარიც არის, მაგრამ ზოგადად ამის გაკეთება, ჩემი აზრით, არასწორი იქნება. ანუ არასწორი იქნება, თუკი 12 წლის ასაკიდან ყველა სახის დანაშაულზე მოზარდებს დაეკისრებათ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა. ასეთ ცვლილებას მე პირადად მხარს არ დავუჭერ.“

საინტერესოა, რას ფიქრობენ რევოლუციური ცვლილების შესახებ ის თბილისელები, რომლებსაც მე პარლამენტის შენობის წინ გამოველაპარაკე.

[ქალბატონის ხმა] „არ მგონია, ეს ცვლილება წაადგეს ხალხს. 12 წლის ბავშვი არ არის გათვითცნობიერებული საკუთარ მოქმედებაში, არ ესმის რას აკეთებს.“

[მამაკაცის ხმა] „გააჩნია დანაშაულს. კაცი თუ მოკლა, ხომ უნდა აგოს პასუხი. ისე, ხულიგნობაზე და გაწევ-გამოწევაზე რომ გაასამართლო ბავშვი, არ მიმაჩნია სწორად.“


თუმცა იმას, რა არის სწორი და რა - არა, უახლოეს მომავალში პარლამენტი გადაწყვეტს. თუ იუსტიციის სამინისტროს დავუჯერებთ, სისხლის სამართლის მოქმედი კოდექსის პირობებში საქართველოს ციხეებში სასჯელს 225 არასრულწლოვანი იხდის. არავინ დავობს იმაზე, რომ კოდექსში ცვლილების შეტანის შემდეგ ეს რიცხვი მნიშვნელოვნად გაიზრდება.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG