Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ბურჯანაძე: “საქართველოს მრავალი აქტიური და გულწრფელი მხარდამჭერი ჰყავს“


რიგაში ჩვენმა სპეციალურმა კორესპონდენტმა კობა ლიკლიკაძემ, რომელიც ნატოს სამიტზე აკრედიტებულ ჟურნალისტებს შორის იყო,

ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარესთან ნინო ბურჯანაძესთან.



რადიო “თავისუფლება“: “ქალბატონო ნინო, ძალიან თვალშისაცემი იყო ის, რომ თქვენ ერთადერთი ლიდერი ბრძანდებოდით, მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელე, ვინც პარტნიორ ქვეყნებიდან ესწრებოდა (რიგის სამიტს). ეს თქვენთვის სიურპრიზი იყო, წინასწარ იყო დაგეგმილი, თუ როგორ მოხვდით ამ სამიტზე, სადაც არ უნდა ყოფილიყო სხვა არავინ ნატოს წევრი ქვეყნის გარდა?

ნინო ბურჯანაძე: “მე მქონდა საგანგებო მოწვევა ლატვიის პრეზიდენტის სახელით - პირადი მოწვევა, რომელიც ქალბატონმა ფრაიბერგამ გამოაგზავნა და ეს იყო ძალიან დიდი პატივი ჩემთვის პირადადაც და, ბუნებრივია, უპირველეს ყოვლისა, როგორც საქართველოს წარმომადგენლისთვის. იმიტომ, რომ ეს მოწვევა, ჩემი აქ ყოფნა ნიშნავდა ჩემი ქვეყნის ძალიან დიდ მხარდაჭერას, საგანგებოდ ხაზგასმას იმისა, რომ საქართველოს ადგილი არის აქ, სადაც არიან დემოკრატიული სახელმწიფოები, სადაც არიან ნატოს წევრი ქვეყნები.”

რადიო “თავისუფლება“: “ქალბატონო ნინო, რიგის სამიტი უკვე ისტორიის კუთვნილებაა, არსებობს დეკლარაცია, არსებობს გარკვეული განცხადებები და მე ახლა წავიკითხე მთლიანად: ოთხჯერაა საქართველო ნახსენები. აი, ახლა მე გკითხავთ: ამ ოთხივე ხაზგასმაში იყო თუ არა ასახული ის მოლოდინი, რაც თქვენ გქონდათ, როგორც საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელს?”

ნინო ბურჯანაძე: “იცით, რა - რა თქმა უნდა, ჩვენ გვინდა, რაც შეიძლება სწრაფად მივიღოთ სამოქმედო გეგმა, რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ ნატოს წევრი სახელმწიფო, მაგრამ ის, რაც იყო ასახული დღევანდელ დოკუმენტში, ეს იყო, მართლაც, ამ რეალობებში მაქსიმუმი, რაც შეიძლებოდა საქართველოსთვის მიღწეული ყოფილიყო და ამავდროულად მინდა გითხრათ, რომ იყო ძალიან ბევრი მომენტი, რომელიც შეიძლება, ნამდვილად არ ჩამოუვარდებოდეს თავისი მნიშვნელობით კომუნიკეში ასახულ დებულებებს. ეს გახლდათ ის რეალობა და ის სულისკვეთება, რომელიც ტრიალებდა ნატოს სამიტის დროს, როდესაც, პრაქტიკულად, არ იყო არც ერთი ოფიციალური, ან არაოფიციალური შეხვედრა, როცა არ იყო თუნდაც არც ერთი ორმხრივი შეხვედრა, სადაც არ ყოფილიყო ძალიან აქტიური მსჯელობა საქართველოსთან დაკავშირებით, საქართველოს მომავალ გაწევრიანებასთან დაკავშირებით, უმაღლესი დონის გზავნილები, დაწყებული პრეზიდენტ ბუშიდან, ნატოს გენერალური მდივნიდან - ქალბატონ ფრაიბერგაზე აღარაფერს ვამბობ, იმდენად აქტიური მხარდამჭერია და გულწრფელი მხარდამჭერია ჩვენი - და ბევრი სხვა: ესტონეთის პრეზიდენტი, პოლონეთის პრეზიდენტი ... არც მინდა, ჩამოვთვალო, იმდენად დიდია მხარდაჭერა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი შემდგომი ნაბიჯები და ასეთი დიდი მხარდაჭერა ჩვენი მეგობრების მხრიდან ჩვენ, ბუნებრივია, კიდევ უფრო მეტს გვავალებს და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ რეფორმების პროცესი გაგრძელდეს და საქართველო ძალიან სწრაფად გახდეს კანდიდატი, ან, უფრო სწორად, წევრიც კი ამ ორგანიზაციის. მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, დღევანდელი რეალობა არის ისეთი, რომ ნატოს კართან, რომელიც, როგორც გვეუბნებიან (და ასეც არის), არის ღია, საქართველო არის ერთ-ერთი პირველი, რომელიც მზად არის ამ ზღურბლის გადასალახად.”

რადიო “თავისუფლება“: “ქალბატონო ნინო, ქვაკუთხედი ნატოსთვის არის, როგორც ჩანს, ავღანეთში მიმდინარე ოპერაცია, სადაც, აქაც გამოჩნდა, რომ სამხედროები და პოლიტიკოსები სხვანაირად უყურებენ რეალობას და, მათ შორის, ქვეყნების წვლილიც არათანაბარი ჩანს. ხომ არ ნიშნავს ეს იმასაც, რომ საქართველო იმისდა კვალობაზე, რაც უფრო დავწინაურდებით ნატოსთან ინტეგრაციის თვალსაზრისით, თავის წვლილს შეიტანს ავღანეთის ოპერაციაში, ისევე როგორც ეს ერაყში ხდება?”

ნინო ბურჯანაძე: “იცით, რა, საქართველომ თავისი წვლილი ბევრი იმ მიმართულებით შეიტანა - ავღანეთი, კოსოვო, ერაყი - სადაც ზოგიერთი ნატოს წევრიც კი არ მონაწილეობდა და ამას, მინდა გითხრათ, რომ საგანგებოდ აფასებენ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოები. იმიტომ, რომ ეს კიდევ ერთხელ აღნიშნავს იმას, რომ საქართველო არ არის ქვეყანა, რომელიც მომხმარებლის პოზიციიდან უყურებს ნატოსთან ურთიერთობას, საქართველო არ არის ქვეყანა, რომელიც თვლის, რომ მხოლოდ მას უნდა დაეხმარონ, მას უნდა დაუდგნენ გვერდში და თვითონ ამისათვის არ უნდა გადადგას ნაბიჯები. ის, რომ ჩვენმა ქვეყანამ გამოხატა თავისი მზადყოფნა, რომ თავისი წვლილი შეიტანოს საერთაშორისო მშვიდობის, საერთაშორისო სტაბილურობის დამყარებაში, ძალიან მაღალ დონეზე არის დაფასებული, ძალიან გულწრფელად არის დაფასებული და მე ნამდვილად მიხარია, რომ ამ ჩვენს წვლილს, რომელიც მართლაც არ არის პატარა, მაინც ძალიან აფასებენ ჩვენი მეგობრები. ანუ, პატარა არ არის, მაგრამ კიდევ უფრო ხაზს უსვამენ, ვიდრე შეიძლებოდა გაესვათ იმ შემთხვევაში, რომ ჩვენ ვყოფილიყავით ნატოს წევრი.”
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG