Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

სახალხო დამცველის ოფისი არასრულწლოვან პატიმარს ექომაგება


სახალხო დამცველის ოფისი არასრულწლოვანი პატიმრის გათავისუფლებას და, მის ნაცვლად, მოსამართლის დასჯას ითხოვს.




საუბარია 17 წლის ვაჟზე, რომელსაც სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ, კანონის უხეში დარღვევით, 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა. გენერალური პროკურორის სახელზე სპეციალური წერილი უკვე გაგზავნილია და სახალხო დამცველის ოფისი სწრაფ და შედეგიან რეაგირებას ელოდება, მიუხედავად იმისა, რომ მსგავს ფაქტებთან დაკავშირებული წარსულის გამოცდილება მაინცდამაინც იმედისმომცემი არ არის.

17 წლის ალექსანდრე ლოპატინი სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს სამტრედიის წინასწარი მოთავსების იზოლატორში ნახეს და იქვე შეიტყვეს, რომ არასრულწლოვანს 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ალექსანდრე ლოპატინს, რომელიც 21 ნოემბერს სამტრედიაში, წერეთლის ქუჩაზე, დააკავეს, ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანის მოხმარება დაუდგინდა. ამგვარ ქმედებას კანონი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად, გადაცდომად, აფასებს და 18 წლამდე ასაკის პირებს ადმინისტრაციული პატიმრობისგან იცავს. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 32-ე მუხლის მე-3 ნაწილის ეს დირექტივა არ გაითვალისწინა სამტრედიის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ლუიზა ყუფარაძემ და 17 წლის არასრულწლოვანი გისოსებს მიღმა გაუშვა. სახალხო დამცველის აპარატის მართლმსაჯულებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსი გიგა გიორგაძე მოსამართლის მიერ კანონის უხეშ დარღვევაზე საუბრობს:

(გიგა გიორგაძის ხმა) ”გამოძიებამ შეიძლება სხვა რაიმე მისი ინტერესიც გამოკვეთოს, მაგრამ, ამ შემთხვევაში, ეს არის მინიმუმ სამსახურებრივი გულგრილობა: დაუდევრობით, კანონის უცოდინრობით თუ, არ ვიცი, რის გამო, მან თავისუფლება შეუზღუდა უკანონოდ ალექსანდრე ლოპატინს.” (სტილი დაცულია)

მოსამართლე ყუფარაძე ამგვარ გადაწყვეტილებას იმით ხსნის, რომ ალექსანდრე ლოპატინს უკვე ჰქონდა მისჯილი 3 წლით თავისუფლების აღკვეთა სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის (ქურდობისთვის), თუმცა მას პატიმრობა პირობითი სასჯელით ჰქონდა შეცვლილი. მოსამართლის ლოგიკას გიორგაძე მარტივ სამართლებრივ არითმეტიკას უპირისპირებს:

(გიგა გიორგაძის ხმა) ”ის თუ დანაშაულს ჩაიდენდა, მაშინ მას დაუმძიმდებოდა, შეიკრიბებოდა ეს სასჯელი, 177-ე (პირობითი), და დაემატებოდა ახალ სასჯელთან ერთად მარიხუანის მოხმარებისთვის. ანუ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის არ უნდა შეფარდებოდა ადმინისტრაციული პატიმრობა. ეს არის ”ორჯერ ორი ოთხი” იურისტებისათვის.” (სტილი დაცულია)

იმის დადასტურებას, რომ ორჯერ ორი ნამდვილად ოთხია, სახალხო დამცველის აპარატი გენერალურ პროკურატურას სთხოვს. წერილში, რომელიც გენერალური პროკურორის სახელზე გაიგზავნა, მოსამართლე ყუფარაძესთან დაკავშირებით წინასწარი გამოძიების დაწყებაა მოთხოვნილი. სახალხო დამცველის ოფისი იმედოვნებს, რომ გენერალური პროკურატურის რეაქცია არ დაიგვიანებს. მაგრამ ძნელი სათქმელია, როგორ განვითარდება მოვლენები, მით უმეტეს, თუკი წარსული გამოცდილებით ვიმსჯელებთ და ქუთაისელი არასრულწლოვანის, ზურაბ შალიკიანის, უკანონოდ დაპატიმრების მაგალითს გავიხსენებთ. სახალხო დამცველის ოფისი შალიკიანსაც აქტიურად გამოესარჩლა, გენერალურ პროკურატურასაც მიმართა და მოსამართლე ანა ღელეყვას მიმართ, თითქოს, წინასწარი გამოძიების დაწყებასაც მიაღწია. თუმცა, გიგა გიორგაძის თქმით, საქმე ბოლომდე მაინც ვერ მივიდა:

(გიგა გიორგაძის ხმა) ”გამოძიება დაიწყო, მაგრამ დასჯილი არ არის. ეს ნიშნავს, რომ რეაგირება, პრინციპში, არ მომხდარა ამ დანაშაულზე. ეს მოსამართლე თავის სამსახურს ისევ აგრძელებს და მას ისევ ვანდობთ ადამიანების ბედს. მე ვფიქრობ, ეს არის სერიოზული პრობლემა და ამაზე საპარლამენტო მოხსენებაშიც ექნება სახალხო დამცველს საუბარი.” (სტილი დაცულია)

როგორც გავარკვიეთ, ამ პრობლემასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის თანამოაზრეთა და თანამებრძოლთა გუნდში ირიცხება ელენე თევდორაძე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე:

(ელენე თევდორაძის ხმა) ”აბსოლუტურად მხარში დავუდგები სახალხო დამცველს ამ შემთხვევაში და, თუ იქნება საჭირო, მე ამასაც გავახმოვანებ და მოვითხოვ პროკურატურისგან - და არამხოლოდ პროკურატურისგან... ალბათ, იუსტიციის საბჭომ სერიოზულად უნდა იმსჯელოს ასეთ მოსამართლეებზე. იმიტომ რომ ისედაც დარღვეულია, აბსოლუტურად დარღვეულია სასამართლოების ავტორიტეტი ხალხში.” (სტილი დაცულია)

თევდორაძე დარწმუნებულია, რომ ვიდრე თავნება მოსამართლეები სამაგალითოდ არ დაისჯებიან, სასამართლო სისტემისადმი ხალხის ნდობის აღდგენაზე საუბარიც ზედმეტია.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG