Accessibility links

logo-print

“ბრიტანეთის ავიახაზების” თვითმფრინავებში რადიაციას მიაკვლიეს


ერთი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც ლონდონში გარდაიცვალა რუსეთის ყოფილი ჯაშუში ალექსანდრ ლიტვინენკო და, ამ კვირის მანძილზე, ერთი ადამიანის სიკვდილის მიზეზების გამოძიებამ გაცილებით უფრო ფართო მასშტაბები მიიღო:

რადიაციის კვალის მიგნებამ ბრიტანული კომპანიის თვითმფრინავებში გააჩინა ეჭვი, რომ არსებობს კავშირი ამ რადიაციასა და ლიტვინენკოს სიკვდილის მიზეზს შორის. ამ მიზეზად კი გარდაცვლილის ორგანიზმში აღმოჩენილი იშვიათი რადიოაქტიური ნივთიერება ითვლება: პოლონიუმ-210.

გუშინდელმა ცნობამ ლიტვინენკოს სახელთან დაკავშირებულ საქმეს გლობალური განზომილება შესძინა: ნათელი გახადა საფრთხე, რომელიც შესაძლოა, საჰაერო მიმოსვლის უსაფრთხოებასა და საერთოდ, საჯარო უსაფრთხოებას ემუქრებოდეს. აი ეს ცნობაც - განცხადება, რომელიც ავიაკომპანია “ბრიტანეთის ავიახაზების” მაღალი რანგის წარმომადგენელმა, უილი უოლშმა გააკეთა:

[უოლშის ხმა] “’დღეს დილით დადასტურდა, რომ ჩვენი თვითმფრინავებიდან ორში - ორ “ბოინგ 767”-ში ოფიციალურმა უწყებამ მიაკვლია რადიოაქტიურ ნივთიერებებს. თავდაპირველად ლაპარაკი იყო სამ თვითმფრინავზე, სამ “ბოინგ 767”-ზე. მათგან ორი შეამოწმეს და ძალიან მცირე რაოდენობით რადიოაქტიური ნივთიერება აღმოაჩინეს”. ორივე თვითმფრინავი, რომლებშიც რადიოაქტიურ ნივთიერებებს მიაკვლიეს, ლონდონის ჰიტროს აეროპორტში იმყოფება, მესამე კი - მოსკოვის დომოდედოვოს აეროპორტშია და ჯერ კიდევ უნდა შემოწმდეს. უნდა ითქვას, რომ სამივე თვითმფრინავი დაფრინავდა ლონდონსა და მოსკოვს შორისაც.

ოფიციალური პირები უარს ამბობენ იმის დაკონკრეტებაზე, თვითმფრინავებში ნაპოვნი ნივთიერება არის თუ არა პოლონიუმ-210, თუმცა რომც არ იყოს, აშკარაა საფრთხე, რომელიც რადიოაქტიურმა ნივთიერებამ შეიძლება შეუქმნას მგზავრების ჯანმრთელობას. როგორც ბრიტანეთის ავიაკომპანიის წარმომადგენელი აღნიშნავს, ნოემბერში ზემოხსენებული სამი თვითმფრინავით ათიათასობით ადამიანმა ისარგებლა ევროპის, სულ ცოტა, 8 ქალაქში ჩასასვლელად:

[უოლშის ხმა] “სულ, ამ სამმა თვითმფრინავმა, 221 რეისი შეასრულა და, ჩვენი შეფასებით, 33 000 მგზავრი გადაიყვანა. ჩვენი იდენტიფიცირებული გვაქვს 221-ვე რეისი და მათ ჩვენს ვებსაიტზე გამოვაქვეყნებთ”.

“ბრიტანეთის ავიახაზების” შეფასებით, საფრთხე, რომელსაც თვითმფრინავებში მიკვლეული რადიაცია მგზავრებს უქმნის, მცირეა, თუმცა ავიაკომპანია მაინც ცდილობს, კონტაქტი დაამყაროს ყველასთან, ვინც კი სამ თვითმფრინავში მჯდარა. მათ შორის არის ანდრეი ლუგოვოი - კაგებეს ყოფილი აგენტი და ერთ-ერთი იმ პირებს შორის, ვინც ლიტვინენკოს შეხვდა მისი მოწამვლის დღეს - 1 ნოემბერს. ლუგოვოი და კიდევ ერთი რუსი - დმიტრი კოვტუნი, ლიტვინენკოს ლონდონის ცენტრში, სასტუმროში შეხვდნენ. ამასთან, ლუგოვოი, რომელიც, როგორც ირკვევა, თბილისშიც არაერთხელ არის ნამყოფი, რუსულ გაზეთ “კომერსანტთან” ინტერვიუში ამბობს, რომ ლონდონში ჩაფრინდა 3 ნოემბერს და არაფერი აქვს საერთო ლიტვინენკოს მოწამვლასთან.

ასეა თუ ისე, ბრიტანული ავიაკომპანია იუწყება, რომ ამასობაში 2500-ზე მეტმა ადამიანმა გამოთქვა შეშფოთება რადიაციით დაზარალების საფრთხის გამო. მათ ისარგებლეს ცხელი ხაზით, რომელიც ბრიტანეთშია შემოღებული საგანგებოდ, ალექსანდრ ლიტვინენკოს სიკვდილის გამოძიებასთან დაკავშირებით. პოლიცია არ ლაპარაკობს ლიტვინენკოს “მკვლელობაზე” თუმცა აღნიშნავს, რომ საქმე საეჭვო გარემოებებს ეხება. ლიტვინენკოს ახლობლები კი ირწმუნებიან, რომ ყოფილი ჯაშუში კარგად მომზადებული შეთქმულების მსხვერპლი გახდა: რუსეთის საიმდულო სამსახურის მსვხერპლი. მოსკოვი ყველა ბრალდებას უარყოფს.

ლიტვინენკოს მოწამვლის შემდეგ რადიოაქტიური ნივთირებები აღმოჩენილია სხვა ადგილებშიც: ლიტვინენკოს სახლში, მისი ნაცნობის, რუსეთიდან ემიგრირებულ მულტიმილიონერ ბორის ბერეზოვსკის ოფისში, იმ სასტუმროსა და რესტორანში, რომლებშიც ლიტვინენკო მოწამვლის დღეს იმყოფებოდა - სულ 12 ადგილას, როგორც დღეს ბრიტანეთის პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა ამ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯონ რიდმა. მისივე თქმით: [ჯონ რიდის ხმა] “პოლონიუმ-210-ის რადიაცია მოკლე მანძილზე ვრცელდება: მისი გავრცელების არე სანტიმეტრებით უფრო იზომება, ვიდრე მეტრებით. მეორეც, ნებისმიერ დაბრკოლება პოლონიუმ-210-ის რადიაციის წყაროსა და ადამიანს შორის (თითქმის ყველა დაბრკოლება) შეაჩერებს რადიაციის გავრცელებას. თუნდაც ეს დაბრკოლება სქელი ქაღალდი იყოს. ასე რომ, თუ ნივთიერება, მაგალითად, მინის ქილაშია, ის არ გავრცელდება”.
XS
SM
MD
LG