Accessibility links

logo-print

მეცნიერები ლიტვინენკოს გვამის გაკვეთას ატარებენ - რუსეთის ყოფილი აგენტის სიკვდილის საქმის გამოძიება გრძელდება


ლონდონში მეცნიერები რუსეთის ყოფილი აგენტის ალექსანდრ ლიტვინენკოს გვამის გაკვეთას ატარებენ.

გამოძიებას იმედი აქვს, რომ გაკვეთის შედეგად გაირკვევა, კონკრეტულად რა ვითარებაში და რა ფორმით მიიღო ლიტვინენკომ რადიაქტიური ნივთიერება პოლონიუმ 210. გაკვეთის პარალელურად, გამომძიებლები განაგრძობენ იმ ადგილების შესწავლას, სადაც რადიაციის კვალი იქნა აღმოჩენილი.


ამბავი, რომელიც ჯაშუშთა თემაზე ცივი ომის პერიოდში შექმნილი თრილერივით დაიწყო, თანდათან ფართომასშტაბიან სკანდალში გადაიზარდა.

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯონ რიდმა ხუთშაბათს პარლამენტარებს შემდეგი განცხადებით მიმართა:

[რიდის ხმა] ”ჯერჯერობით გამოკვლევა 24 ადგილს ჩაუტარდა, და ექსპერტებმა [რადიაციული] დაბინძურების კვალს აქედან 12 ადგილზე მიაგნეს.”

გავრცელებული ცნობებით, მთავრობის მიერ ამუშავებულ ცხელ ხაზზე დაახლოებით 1700-მა შეშფოთებულმა ადამიანმა დარეკა განცხადებით, რომ უკანასკნელ დღეებში რომელიმე იმ ადგილას იმყოფებოდა, რომლებსაც ალექსანდრ ლიტვინენკო ავად გახდომის დღეს სტუმრობდა.

ამოუცნობი რადიაქტიური ნივთიერების კვალი რამდენიმე სამგზავრო თვითმფრინავშიც აღმოაჩინეს. ბრიტანეთის ავიახაზების კუთვნილი ორი თვითმფრინავი, რომლებსაც ახლა იკვლევენ, ლონდონსა და მოსკოვს შორის ასრულებდა რეისს. რადიაციის კვალზე ანალიზი უნდა ჩაუტარდეს ამავე ავიაკომპანიის კუთვნილ კიდევ ერთ თვითმფრინავს, რომელიც მოსკოვიდან ლონდონში პარასკევს ჩაფრინდება.

ბრიტანეთის ავიახაზების ცნობით, რადიაქტიურ ნივთიერებასთან შეხება დაახლოებით 33 ათას ადამიანს შეიძლება ჰქონოდა. მგზავრებს, რომლებსაც პოტენციური საფრთხე ემუქრებათ, მოწამვლის პირველივე სიმპტომების გამოვლენისას სთხოვენ დაუყოვნებლივ მივიდნენ საავადმყოფოში.

გამოძიება იმედოვნებს, რომ ლიტვინენკოს გვამის გაკვეთის
შედეგად გაირკვევა, კონკრეტულად რა ვითარებაში და რა ფორმით მიიღო ლიტვინენკომ რადიაქტიური ნივთიერება პოლონიუმ 210.

რუსეთის ბირთვული ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელი სერგეი კირიენკო აცხადებს, რომ ამ ნივთიერების კანონიერი გზით მოპოვება რუსეთში შეუძლებელია.

ალექსანდრ ლიტვინენკო 23 ნოემბერს გარდაიცვალა. რუსეთის ყოფილ აგენტს ბრიტანეთის მოქალაქეობა ჰქონდა მიღებული და ბევრი მას კრემლის და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის თავგამოდებულ კრიტიკოსად იცნობდა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ლიტვინენკომ სწორედ პუტინს დასდო ბრალი მის მოკვლაში.

როგორც კრემლი, ისე რუსეთის უშიშროება ლიტვინენკოს სიკვდილთან კავშირს უარყოფს.

სიკვდილამდე რამდენიმე კვირით ადრე ლიტვინენკო ლონდონის ჟურნალისტთა კლუბში სიტყვით გამოვიდა და პუტინი ცნობილი რუსი ჟურნალისტის ანა პოლიტკოვსკაიას მკვლელობის შეკვეთაში დაადანაშაულა:




[ლიტვინენკოს ხმა] ”მე ძალიან კარგად ვიცი, რომ რუსეთში ანა პოლიტკოვსკაიას დონის ჟურნალისტის მოკვლა ერთადერთ ადამიანს შეუძლია - ეს არის პუტინი და სხვა არავინ.”

ლიტვინენკოს საქმის გამოძიების პარალელურად, კიდევ ერთი ადამიანი გახდა ავად, სავარაუდოდ, მოწამვლის შედეგად. საუბარია წარსულში რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ იგორ გაიდარზე. ის 24 ნოემბერს გახდა ცუდად დუბლინში, სადაც კონფერენციას ესწრებოდა. ირლანდიის პოლიციამ უკვე აღძრა საქმე გაიდარის ავადმყოფობის გამომწვევი მიზეზების დასადგენად.

გაიდარი მოსკოვის ერთ-ერთ საავადმყოფოშია მოთავსებული. ექიმებმა ვერ დაადგინეს მისი ავადმყოფობის გამომწვევი ბუნებრივი მიზეზი.

გაიდარის ქალიშვილის თქმით, მისი მამა თავს უკეთ გრძნობს და შეიძლება საავადმყოფოდან უკვე მომავალ კვირაში გაწერონ.









XS
SM
MD
LG