Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისში ტრამვაი-ტროლეიბუსის მოძრაობა აიკრძალა


თბილისის მთავრობამ.2006 წლის 10 ნოემბრის სხდომაზე მიიღო დადგენილება, რომელმაც წერტილი უნდა დაუსვას საქართველოს დედაქალაქის ქუჩებში ტრამვაის

მოძრაობის ერთსაუკუნოვან ისტორიას. საქმე ის არის, რომ, მერიის გადაწყვეტილებით, 4 დეკემბრიდან ისედაც დაკნინებულ მიწისზედა ელექტროტრანსპორტს - ტროლეიბუსსა და ტრამვაის - მთლიანად დიზელის საწვავზე მომუშავე ავტობუსები ჩაენაცვლება. მუნიციპალური ტრანსპორტის მესვეურები ტრამვაისა და ტროლეიბუსის ხაზების გაუქმებას ხარჯების დაზოგვისა და მგზავრთა მომსახურების გაუმჯობესების სურვილით ხსნიან, თუმცა, ამ კეთილშობილური განზრახვის მიუხედავად, მერიის ხელმძღვანელობას ბევრი თბილისელი აკრიტიკებს. რატომ?


ცხენებშებმული პირველი ვაგონები, ანუ ეგრეთ წოდებული ,,კონკები”, თბილისში შორეულ1882 წელს გამოჩნდა, ვიწროლიანდაგიანმა ელექტროტრამვაიმ კი თბილისის ქუჩებში პირველად 1904 წელს გაიხრიგინა.

[ისმის ტრამვაის ბორბლების ხმა]

ტრამვაი თბილისელებს მთელი ასი წლის განმავლობაში ერთგულად ემსახურებოდა, თუმცა, ავტობუსებისა და ტროლეიბუსების მოძალების შემდეგ, ტრამვაის ხაზის სიგრძე ერთიასად შემცირდა. ამჟამად ერთადერთი მოქმედი მარშრუტის - დიდუბის სადგური-კონიაკის დასახლების - სიგრძე სამ-ნახევარ კილომეტრს არ აღემატება, თუმცა, როგორც მერიის ტრანსპორტის სამმართველოს უფროსი ბესარიონ ჟღენტი ამბობს, 4 დეკემბრიდან ეს ხაზიც გაუქმდება, ვინაიდან აიკრძალება ყველა სახის მიწისზედა ელექტროტრანსპორტის მოძრაობა. რა არის ამის მიზეზი?

[ბესარიონ ჟღენტის ხმა] „სექტემბრიდან თითქმის 2,5-ჯერ გაიზარდა ტარიფი. აქედან გამომდინარე, კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში ჩავარდა ტრანსპორტი და, შესაბამისად, გაიზარდა ხარჯები, რასაც ქალაქი ვერ გასწვდება.“

ბესარიონ ჟღენტის თქმით, დენის საფასურის გაძვირების შემდეგ ტრამვაი-ტროლეიბუსის პარკის შესანახად მერიის ბიუჯეტი ყოველწლიურად ერთ მილიონ ლარს ხარჯავს. ჟღენტის თქმით, 4 დეკემბრიდან დედაქალაქის ქუჩებში, ტრამვაის პარალელურად, აღარც ტროლეიბუსი ივლის. არადა, ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ თბილისის მაშინდელი პრემიერი და ამჟამად საკრებულოს მდივანი თემურ ქურხული ირწმუნებოდა, რომ მერია არ აპირებდა ტროლეიბუსის ხაზების სრულ გაუქმებას:

[თემურ ქურხულის ხმა] „სრულად გაუქმებაზე არ არის საუბარი. ნაწილობრივ შემცირდება, ანუ არ იმოძრავებს რუსთაველისა და ჭავჭავაძის გამზირებზე. ტროლეიბუსი დარჩება არაცენტრალურ უბნებში.“


მაგრამ მერიის ხელმძღვანელობამ პოზიცია მალე შეიცვალა, თბილისელებს კი ელექტროტრანსპორტთან - განსაკუთრებით ტრამვაისთან - განშორება უჭირთ:

[მამაკაცის ხმა] „ეს ძველისძველი სატრანსპორტო საშუალებაა, ლამის რაც თბილისი დაარსდა, იმის მერე არის... მე მგონი, უნდა იაროს. ჩემი აზრი ასეთია, მაგრამ ყველას თავისი აზრი აქვს.“

[ქალბატონის ხმა] „იაფი ტრანსპორტი ასეთი პირობებისთვის აუცილებელია, მაგრამ თუ არ იმუშავებს ნორმალურად, აზრი ექნება?“


ტრამვაის ვაგონები ჯართში ჩასაბარებლად არც პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარეს ემეტება. ნიკო ლეკიშვილის აზრით, ტრამვაი თბილისისთვის მხოლოდ სატრანსპორტო საშუალება როდია:

[ნიკო ლეკიშვილის ხმა] „ტრამვაი არის ძველი თბილისის ფენომენი, თბილისი იყო ერთ-ერთი პირველი ქალაქი, სადაც ტრამვაიმ დაიწყო მოძრაობა. ჯერ იყო ცხენშებმული და მერე ელექტროტრამვაი. ახლაც, სადაც კი ვყოფილვარ, ყველგან არის... ამსტერდამში, როდერდამში, ბელგიაში... მე, მაგალითად, რაღაც მარშრუტებზე ტრამვაის არ გავაუქმებდი.“

თუმცა მერიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას ყველაზე მძაფრად ტროლეიბუსების მძღოლები აკრიტიკებენ. უმუშევრად დარჩენის საფრთხემ ისნის ტრამვაი-ტროლეიბუსების დეპოს თანამშრომლები ქუჩაში გამოიყვანა. მძღოლებს ყველაზე მეტად უმუშევრობის ეშინიათ:

[ტროლეიბუსის მძღოლის ხმა] „უმუშევრად ვრჩებით. არადა, ჩვენს უკან ოჯახები დგას. დასაქმების გარანტია ხომ უნდა იყოს, რაღაც საარსებო წყარო ხომ უნდა ჰქონდეს ადამიანს, რას გვიპირებენ, ხომ უნდა ვიცოდე?“

პასუხად ბესარიონ ჟღენტი - მერიის ტრანსპორტის სამმართველოს უფროსი -ამბობს, რომ ტროლეიბუსების მძღოლებს უმუშევრად დარჩენის საფრთხე არ ემუქრებათ. გადამზადებისა და სათანადო კატეგორიის მართვის მოწმობების მიღების შემთხვევაში, ისინი ჰოლანდიიდან ჩამოტანილ ავტობუსებზე დასაქმდებიან. თუმცა, ამის მიუხედავად, ელექტროტრანსპორტზე უარის თქმას უგუნურებად მიიჩნევენ მწვანეთა პარტიაში, რომლის თავმჯდომარე, გიორგი გაჩეჩილაძე, ტრამვაისა და ტროლეიბუსს 21-ე საუკუნის ტრანსპორტს უწოდებს:

[გიორგი გაჩეჩილაძის ხმა] „თბილისი არის ქვაბური, სადაც განიავება ძალიან ძნელად ხდება. ძალიან მაღალია ტოქსიკური ნივთიერებების შემცველობა ატმოსფეროში და 95 პროცენტი დაბინძურებისა მოდის ავტოტრანსპორტზე. აქედან გამომდინარე, ბუნებრივი იქნებოდა, თუკი თბილისის ხელმძღვანელობა იფიქრებდა შიდაწვის ძრავებზე მომუშავე ტრანსპორტის შემცირებაზე, მაგრამ ხდება პირიქით - ამცირებენ ეკოლოგიურად სუფთა ელექტროტრანსპორტს. ეს არის ჩამორჩენილობის მაგალითი.“

დაბოლოს, მცირე სტატისტიკა: თბილისის მერიის მონაცემებით, სულ დედაქალაქში ტრამვაის ერთი და ტროლეიბუსის ოთხი ხაზი მოქმედებს, მიწისზედა ელექტროტრანსპორტი უფასოდ ემსაუხერება სოციალურად დაუცველი მოსახლეობის რვა კატეგორიას, ხოლო მგზავრობის ღირებულება ათი თეთრია. თუმცა 4 დეკემბრიდან ტრამვაი-ტროლეიბუსს შეჩვეულ თბილისელებს მგზავრობის ალტერნატიული და გაცილებით ძვირი საშუალებების მოძებნა მოუწევთ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG