Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აფერხებს თუ არა საგადასახადო კანონმდებლობა საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას


საქართველოს ეკონომიკა ყოველწლიურად დაახლოებით 7-8 პროცენტით იზრდება. იზრდება საბიუჯეტო შემოსავლებიც და ხარჯებიც, შემცირდა გადასახადების მოცულობა

და მათი რაოდენობა. მაგრამ ყველაფერ ამას ჯერჯერობით თან არ ახლავს შესაბამისი სამეწარმეო და ბიზნეს აქტივობა, განსაკუთრებით კი მცირე და საშუალო ბიზნესის სფეროში. უფრო მეტიც, მცირე მეწარმეები შემოსავლების კლებასაც კი უჩივიან. რა არის ამის მიზეზი - გადასახადების მოცულობა, საგადასახადო კანონმდებლობა თუ საგადასახადო ორგანოების საქმიანობა?

2007 წლის საქართველოს ბიუჯეტის კანონპროექტის მიხედვით, დაახლოებით 300 მილიონი ლარითაა გაზრდილი საგადასახადო შემოსავლების მოცულობა. ექსპერტთა შეფასებით, ეს იმას ნიშნავს, რომ გადასახადის გადამხდელთა რაოდენობის ზრდასთან ერთად იზრდება მეწარმეთა და ბიზნესმენთა შემოსავლები და მოგება. თუმცა მათ შორის ნაკლებად არიან მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლები, ძირითადად, ინდმეწარმეები.

[ნანა ვაშაყმაძის ხმა] ”ჩვენ, რახან ინდმეწარმე ვართ, ვიხდით მხოლოდ მოგების გადასახადს - 12 პროცენტს...”

ეს არის ინდმეწარმე ნანა ვაშაყმაძე, რომელსაც მცირე ზომის მაღაზია აქვს თბილისის ერთ-ერთ ცენტრალურ უბანში. მისი ნათქვამიდანაც ჩანს, თუ რა მოცულობის გადასახადის გადახდა უწევთ მცირე ბიზნესით დაკავებულ ქართველებს. საქართველოში გადასახადები რომ მცირეა და დაბალი მოცულობის, ამას მმართველი პოლიტიკური ძალის ოპოზიციაც აღიარებს. “ახალი მემარჯვენეების” ერთ-ერთ ლიდერს, ირაკლი იაშვილს, მოვუსმინოთ:

[ირაკლი იაშვილის ხმა] ”მაგას ვერ იტყვი, რომ დიდია. საბაჟო გადასახადი საერთოდ უქმდება...”

გადასახადების მოცულობა და მეწარმეების მიერ მათი გადახდა რომ მთავარი პრობლემა არ არის, ამას უმრავლესობის წევრი, ყოფილი მეწარმე ზურაბ ცქიტიშვილიც ადასტურებს:

[ზურაბ ცქიტიშვილის ხმა] ” ჩვენ ჯერ კიდევ არ გვაქვს ძლიერი ბაზარი...”

მოსახლეობის მსყიდველობით უნარიანობას ასახელებს თავისი ბიზნესის განვითარების მთავარ პრობლემად ინდმეწარმე ნანა ვაშაყმაძეც:

[ნანა ვაშაყმაძის ხმა] ”არა, გადასახადები არ გვიშლის. უბრალოდ, ფასებმა რომ მოიმატა, ეს მოქმედებს ხალხზე და მოიკლო ვაჭრობამ...”

მცირე და საშუალო მოცულობის ბიზნესის სწრაფი ზრდის სხვა მიზეზებზე საუბრობს დეპუტატი ირაკლი იაშვილი. მისი აზრით, ყველაზე მთავარი, რაც საქართველოში ბიზნესაქტივობას აფერხებს, ამ სფეროს მიმართ ხელისუფლების დამოკიდებულებაა:

[ირაკლი იაშვილის ხმა] ”ახლა რომ ვიხილავთ შემოსავლების სამსახურის შესახებ კანონს...”

ბიზნესისადმი ხელისუფლების დამოკიდებულების მაგალითად კომპანია ”ბადაგონის” გახმაურებული შემთხვევაც გამოდგება. შეგახსენებთ, რომ ფინანსურმა პოლიციამ, სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად, “ბადაგონის” ღვინო კანალიზაციაში ჩაღვარა, თითქოსდა, ღვინის დაბალი ხარისხის გამო. ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა გოცირიძე ამბობს, რომ “ბადაგონის” შემთხვევაში ფინანსური პოლიცია კანონის ფარგლებში მოქმედებდა. ის ბიზნესთან ურთიერთობის გაუმჯობესების მცდელობას სამი უწყების გაერთიანებასა და ახალი ფინანსური სამსახურის შექმნაში ხედავს:

[ლაშა გოცირიძის ხმა] ”კეთილსინდისიერ ბიზნესთან ურთიერთობა ექნება...”

სტრუქტურული რეფორმები და გადასახადების ადმინისტრირების გამარტივება, ხელისუფლების სხვა წარმომადგენელთა აზრითაც, მეწარმეობის განვითარების ერთ-ერთი მთავარი ხელშემწყობი პირობაა. ოპოზიცია და ეკონომიკის როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ექსპერტები კი ბიზნესის განვითარების მთავარ ხელშემწყობ ფაქტორად სასამართლო ხელისუფლების რეფორმირებას მიიჩნევენ.
XS
SM
MD
LG