Accessibility links

logo-print

ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებამ მერაბ ანთაძესთან შეხვედრაზე უარი თქვა


პარასკევს ალტერნატიულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებული დიმიტრი სანაკოევის ინაუგურაციას




ცხინვალმა მკაცრი პროტესტით უპასუხა და 2 დეკემბერს უარი თქვა კონფლიქტების მოწესრიგების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრ მერაბ ანთაძესთან შეხვედრაზე. დემარშის ოფიციალურ მიზეზად დასახელდა ანთაძის მონაწილეობა დიმიტრი სანაკოევის გუშინდელ ინაუგურაციაში და თბილისის მიერ განცხადებული ოფიციალური პოზიცია, რომლის თანახმად, ამიერიდან კონფლიქტის მოწესრიგების ოთხმხრივი შერეული საკონტროლო კომისიის მუშაობაში მეხუთე წევრიც, სოფელ ქურთაში მოქმედი სამხრეთ ოსეთის ე.წ. ალტერნატიული მთავრობის წარმომადგენელიც, უნდა ღებულობდეს მონაწილეობას.


საქართველოს ოფიციალური ხელისუფლება სიტყვით არც ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლებას აღიარებს და არც მის ალტერნატიულ მთავრობას, რომელიც სოფელ ქურთაში პირველი დეკემბრიდან შეუდგა მოღვაწეობას. მაგრამ ცხინვალის ხელისუფლებას მხედველობიდან არ გამორჩენია ის ფაქტი, რომ ოფიციალური თბილისის წარმომადგენელი, კონფლიქტის მოწესრიგების საკითხებში სახელმწიფო მინისტრ მერაბ ანთაძის სახით, დიმიტრი სანაკოევის ინაუგურაციას ესწრებოდა, მაშინ როცა 2 კვირის წინ ედუარდ კოკოითის ინაუგურაციაზე ცხინვალში საქართველოს ხელისუფლების მხრიდან არავინ გამოჩენილა. ოფიციალური თბილისის ამ ნაბიჯს დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებამ პირველი პროტესტით 2 დეკემბერს უპასუხა: ცხინვალის მხრიდან შერეული საკონტროლო კომისიის თანათავმჯდომარემ ბორის ჩოჩიევმა უარი თქვა მერაბ ანთაძესთან შეხვედრაზე, რომელიც შაბათს უნდა გამართულიყო. მერაბ ანთაძემ კი საგანგებო პრესკონფერენცია მოიწვია და ცხინვალის გასაგონად განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებაც და საერთაშორისო საზოგადოებაც ვალდებულია შეეგუოს ახალ რეალობას, რაც სამხრეთ ოსეთში ალტერნატიული არჩევნების შემდეგ შეიქმნა:

[მერაბ ანთაძის ხმა] ”ბუნებრივია, ჩვენი ვალია და არა მხოლოდ ქართული მხარის, არამედ კონფლიქტში მონაწილე ყველა მხარის, დაინტერესდეს, რა გავლენა აქვს ამ ძალას. [ჩვენი ვალია] ნებისმიერ ძალასთან, რომელიც ამ შემთხვევაში იქნება წარმოდგენილი და რომელიც გამოხატავს იქ მცხოვრები მოსახლეობის ინტერესებს, ვაწარმოოთ დიალოგი. და, მე ვფიქრობ, ამაში ძალიან აქტიურად უნდა ჩაერთოს საერთაშორისო თანამეგობრობაც.”

საერთაშორისო თანამეგობრობა ჯერჯერობით თავის პოზიციას მხოლოდ იმ მხრივ აფიქსირებს მკაფიოდ, რომ არ ცნობს არანაირი რეფერენდუმისა და არჩევნების შედეგებს, მაშინ როცა თბილისში სულ უფრო ხშირად გაისმის ხმები, რომ ქართულ-ოსური კონფლიქტის მოწესრიგების ოთხმხრივ შერეულ-საკონტროლო კომისიაში აუცილებელია წარმოდგენილ იქნეს ცხინვალის ალტერნატიული სამხრეთ ოსეთის მთავრობის მიერ უფლებამოსილი პირი. და ამ მოთხოვნას არა მხოლოდ საქართველოს ხელისუფლება, არამედ ოპიზიციური პარტიების არაერთი წევრიც იზიარებს, - განაცხადა შაბათს საპარლამენტო პარტია ”მრეწველების” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ცაგარეიშვილმა:

[გიორგი ცაგარეიშვილის ხმა] ”ოსური მოსახლეობის ძალიან დიდმა ნაწილმა იმ ტერიტორიაზე, რომელსაც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება აკონტროლებს, დააფიქსირა თავისი ნება და გადაწყვიტა, რომ პრეზიდენტი სამხრეთ ოსეთის უნდა ყოფილიყო ბატონი სანაკოევი. რა თქმა უნდა, ზოგადად, დე ფაქტო, ამ ხალხის ნებასაც აქვს არსებობის უფლება.”

გავრცელებული ინფორმაციით, შერეული საკონტროლო კომისიის მუშაობაში მონაწილეობისათვის ემზადება ქურთაში მოქმედი სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა ახლად დანიშნული მინისტრი მაია ჩიგოევა-ცაბაშვილი. მის დანიშვნას 2 დეკემბერს ხელი პრემიერ-მინისტრმა ურუზმაგ ქარქუსოვმა მოაწერა. თუმცა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ცხინვალი და მოსკოვი არ დასთანხმდებიან კომისიაში ახალი წევრის ჩართვას, რის გამოც კონფლიქტის მოწესრიგების ოთხმხრივი ფორმატი მალე აზრს დაკარგავს.
XS
SM
MD
LG