Accessibility links

logo-print

საქართველო, შესაძლოა, ავღანეთში ნატოს სამხედრო ოპერაციაში ჩაერთოს


ნატოს წევრები მხარს უჭერენ საქართველოს ინტენსიურ დიალოგს

ნატოსთან და მოელიან, რომ ქვეყანაში კვლავაც გაგრძელდება პროგრესი რეფორმების ყველა მიმართულებით, - ნათქვამია რიგის სამიტის დასკვნით დეკლარაციაში, რომელიც ნატოს 26 ქვეყნის ლიდერებმა ერთხმად მიიღეს. თავის მხრივ, საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ მზად არის მიიღოს ეს გამოწვევა და სწრაფი ტემპებით განაგრძოს დემოკრატიული რეფორმები. რიგის სამიტის კულუარებში ითქვა ისიც, რომ საქართველო ემზადება თავისი წვლილი შეიტანოს ავღანეთში ნატოს ეგიდით მიმდინარე ”უსაფრთხოების მხარდამჭერ” ოპერაციაში, რასაც ალიანსის პრესტიჟისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს

რიგის სამიტის წინ ავღანეთის საკითხში კოალიციის წევრ სახელმწიფოთა შორის უთანხმოებამ გაზეთების ფურცლებზეც გამოჟონა. სააგენტო ”როიტერის” ცნობით, შეერთებული შტატებისა და კანადის მხრიდან კრიტიკის ობიექტები გახდნენ გერმანია და ესპანეთი, რომელთა სამხედრო ქვედანაყოფები ავღანეთის შედარებით მშვიდ რეგიონებში არიან განლაგებულნი და არ ჩქარობენ უფრო სახიფათო უბნებზე მოკავშირეების მხარდაჭერას. ეს უთანხმოება ნატოს სამიტმა ჩააცხრო, ხოლო ნატოს გენერალურმა მდივანმა იაპ დე ჰოოპ სხეფერმა ისიც თქვა, ნატოს ზოგიერთი წევრი ქვეყანა სულ მალე თავის სამხედრო წვლილს უფრო საგრძნობს გახდისო. ალიანსის პოტენციურ დონორებზე რიგაში არაფერი თქმულა, თუმცა კულისებში რამდენიმე ქვეყანა დასახელდა. მათ შორის - საქართველო. მე შესაძლებლობა მქონდა ამ საკითხზე პარლამენტის თავმჯდომარეს ნინო ბურჯანაძეს გავსაუბრებოდი:

[კობა ლიკლიკაძე] “ქალბატონო ნინო, ქვაკუთხედი ნატოსთვის არის, როგორც ჩანს, ავღანეთში მიმდინარე ოპერაცია. ხომ არ ნიშნავს ეს იმასაც, რომ საქართველო, იმისდა კვალობაზე, რაც უფრო დავწინაურდებით ნატოსთან ინტეგრაციის თვალსაზრისით, თავის წვლილს შეიტანს ავღანეთის ოპერაციაში, ისევე როგორც ეს ერაყში ხდება?”

[ნინო ბურჯანაძე] “იცით, რა, საქართველომ თავისი წვლილი ბევრი იმ მიმართულებით შეიტანა, - ავღანეთი, კოსოვო, ერაყი, - სადაც ზოგიერთი ნატოს წევრიც კი არ მონაწილეობდა და ამას, მინდა გითხრათ, საგანგებოდ აფასებენ ჩვენი მეგობარი სახელმწიფოები. იმიტომ რომ ეს კიდევ ერთხელ აღნიშნავს იმას, რომ საქართველო არ არის ქვეყანა, რომელიც მომხმარებლის პოზიციიდან უყურებს ნატოსთან ურთიერთობას, საქართველო არ არის ქვეყანა, რომელიც თვლის, რომ მხოლოდ მას უნდა დაეხმარონ, მას უნდა დაუდგნენ გვერდში და თვითონ ამისათვის არ უნდა გადადგას ნაბიჯები.”(სტილი დაცულია)

გაცილებით უფრო პირდაპირი პასუხი ჰქონდა ამ შეკითხვაზე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის წევრს, უმრავლესობის ერთ-ერთ ლიდერს, გიგა ბოკერიას. რადიო ”თავისუფლებასთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში პარლამენტის წევრმა განაცხადა, რომ საქართველო ემზადება ავღანეთში ნატოს ეგიდით წარმოებულ საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერ ოპერაციაში (ISAF) თავისი წვლილი შეიტანოს:

[გიგა ბოკერიას ხმა] ”ამ შემთხვევაში მე არა ვარ ის პოლიტიკური ფიგურა, ვინც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ, პოლიტიკური გადაწყვეტილების სახით, ჩვენ ვაპირებთ, რომ, ისევე როგორც ერაყში, ავღანეთშიც კონტრიბუცია - და თანაც სერიოზული - მოვახდინოთ. იმიტომ რომ, ეს, ჯერ ერთი, შედის ჩვენი მოკავშირეების ინტერესებში და, მეორე, ეს შედის ცივილიზებული კაცობრიობის ინტერესებში. ამიტომ საქართველო ყოველთვის დგას ცივილიზაციის გვერდზე, მით უმეტეს, როდესაც ის უპირისპირდება ველურობას.”(სტილი დაცულია)

ღირს აღინიშნოს, რომ ქართველი მშვიდობისდამცველი ჯარისკაცები ავღანეთის ტერიტორიაზე ორი წლის წინ გამოჩნდნენ. 60 ჯარისკაცი საჩხერის ნომერ მე-16 ბატალიონიდან 6 თვის განმავლობაში იმყოფებოდა გერმანიის ბრიგადის შემადგენლობაში და, მრავალათასიან კონტინგენტთან ერთად, 2004 წლის ოქტომბერში ავღანეთის პირველი დემოკრატიული არჩევნების მშვიდობიან ჩატარებას უზრუნველყოფდა. ეროვნული გვარდიის მაშინდელმა სარდალმა გენერალმა სოსო ქუთათელაძემ რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რომ ქართველი ჯარისკაცების მოქმედებას ავღანეთში სარდლობამ მაღალი შეფასება მისცა:

[სოსო ქუთათელაძის ხმა] ”ჯერ გერმანიაში ჩავიდნენ, იქ გაიარეს მომზადება. გერმანელების ეგიდით, აი, იმ არჩევნებთან დაკავშირებით იყვნენ ჩასულები[ავღანეთში]. თუ არ ვცდები, ექვსი თვე იყვნენ. ბიჭები დააჯილდოეს და ისე გამოუშვეს.”[სტილი დაცულია]

საქართველოს საზღვრებს გარეთ ნებისმიერი რაოდენობის სამხედრო დანაყოფის გაგზავნას საკანონმდებლო ორგანოს მიერ გადაწყვეტილების რატიფიცირება სჭირდება. მიუხედავად იმისა, რომ მთავრობას ამგვარი პროექტი არ მიუღია, წინასწარ შეიძლება ითქვას, რომ ავღანეთში (ISAF) სამშვიდობო დანაყოფის გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილებას
საქართველოს პარლამენტში თითქმის ერთსულოვანი მხარდაჭერა ექნება. მომხრეთა შორის იქნება ოპოზიციური პარტია ”მემარჯვენეები”, რომლის” ლიდერმა დავით გამყრელიძემ რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში განაცხადა, რომ ასეთ სამშვიდობო მისიას დიდი მნიშვნელობა ექნება ნატოში საქართველოს გაწევრიანებისთვის:

[დავით გამყრელიძის ხმა] ”ამ ოპერაციაში საქართველოს ჩართვა, თუნდაც 20 კაციანი, თუ უფრო მეტი რაოდენობით, ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ, დავაზუსტოთ, ერაყი ეს არ არის ნატოს ეგიდით წარმოებული ოპერაცია, ხოლო [ავღანეთი არის] ნატოს ეგიდით. თუ ჩვენ გვინდა ნატოში გაწევრიანება, ძალიან მნიშვნელოვანია მივიღოთ და ჩავერთოთ ამ პროცესში.” [სტილი დაცულია]

აღსანიშნავია, რომ ქართველ სამხედროებს ნატოს ეგიდით კოსოვოში მოქმედ სამშვიდობო ოპერაციაში (KFOR) ხანგრძლივი, 7 წლიანი, გამოცდილება აქვთ მიღებული. ქართული ქვედანაყოფი ამჯერადაც იმყოფება თურქებით დასახლებულ სოფელ მამუშში. მაგრამ, კოსოვოსგან განსხვავებით, საერთაშორისო უსაფრთხოების მხარდამჭერი ოპერაცია ავღანეთში (ISAF) ითვლება ნატოს წევრი ქვეყნების ალიანსის ფარგლებს გარეთ მიმდინარე პირველ სამხედრო ოპერაციად, რომლის შედეგზეც, ექსპერტების აზრით, დიდად იქნება დამოკიდებული როგორც ნატოს, ისე საერთაშორისო უსაფრთხოებისა და, აქედან გამომდინარე, საქართველოს მომავალიც.
XS
SM
MD
LG