Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გრძელდება ლიტვინენკოს საქმის გამოძიება


ბრიტანეთში გრძელდება გამოძიება რუსეთის უშიშროების სამსახურის ყოფილი ოფიცრის, ალექსანდრ ლიტვინენკოს სიკვდილთან დაკავშირებით.

ბრიტანელი გამომძიებლები რუსეთში მიემგზავრებიან რამდენიმე მოწმის დასაკითხად. სკოტლანდ იარდის გამომძიებელთა მეორე ჯგუფი კი დამატებით ინფორმაციას შეერთებულ შტატებში მოიპოვებს.

ბრიტანელ გამომძიებლებს დაგეგმილი აქვთ შეხვედრა სამ ადამინთან, რომლებიც ლიტვინენკოს შეხვდნენ ლონდონში პირველ ნოემბერს - იმ დღეს, როცა იგი პირველად შეიქნა შეუძლოდ.

ანდრეი ლუგოვოი, დმიტრი კოვტუნი და ვიაჩესლავ სოკოლენკო უარყოფენ რადიოაქტიური ნივთიერებით ლიტვინენკოს მოწამვლასთან რაიმე კავშირს.

დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჯონ რიდმა ბრიუსელში გამოსვლისას განაცხადა, რომ ლიტვინენკოს საქმის გამოძიებაში მოსკოვის მხარდაჭერის იმედი აქვს:

[რიდის ხმა] "ბრიტანეთის პოლიციის წარმომადგენლები მიემგზავრებიან რუსეთში, რათა გააგრძელონ საქმის გამოძიება... ეს გამოძიება ჩვეულებრივ ჩატარდება და ყურადღება არ მიექცევა დიპლომატიურ თუ რაიმე სხვა სახის გარემოებებს."

ბრიტანელი გამომძიებლები დაკითხავენ აგრეთვე შეერთებულ შტატებში მცხოვრებ კაგებე-ს ყოფილ აგენტს იური შვეცს. როგორც ამ უკანასკნელმა უთხრა ჟურნალისტებს, მან ბრიტანეთის ხელისუფლებას აცნობა ვინაობა ადამიანისა, რომელიც, მისი თქმით, ლიტვინენკოს სიკვდილთან არის დაკავშირებული.

მეოთხე პირს, რომელსაც ლიტვინენკო შეხვდა პირველ ნოემბერს - იტალიელ მეცნიერ მარიო სკარამელას - აგრეთვე აღმოაჩნდა რადიაციით მოწამვლა. იგი აცხადებს, რომ სასიკვდილო დოზაზე ხუთჯერ მეტი დასხივება მიიღო, თუმცა ექიმები ამბობენ, რომ მას საფრთხე არ ემუქრება.

გამოძიება ჯერჯერობით სერიოზული წარმატებების გარეშე მიმდინარეობს. ლიტვინენკოს მეგობრები და ოჯახი დარწმუნებული არიან, რომ იგი კრემლის მიერ იქნა მოკლული.

43 წლის ლიტვინენკო 2000 წლიდან მოკიდებული ცხოვრობდა ინგლისში და დაუფარავად აკრიტიკებდა რუსეთის ხელისუფლებას. თავის უკანასკნელ წერილში იგი პირადად ვლადიმირ პუტინს სდებს ბრალს მის მოკვლაში.

რუსეთის ხელისუფლება კატეგორიულად უარყოფს ლიტვინენკოს სიკვდილთან რაიმე კავშირს. პუტინის თქმით, ეს საქმე დასავლეთის ანტირუსული ძალების მიერ არის ორგანიზებული.

გარდა ამისა, მოსკოვი აკრიტიკებს ბრიტანეთის ხელისუფლებას იმისთვის, რომ მან არ გამოაქვეყნა ლიტვინენკოს გვამის ავტოფსიის შედეგები.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი არც ლიტვინენკოს დაკრძალვის თარიღი. მამამისის, ვალტერ ლიტვინენკოს თანახმად, ალექსანდრ ლიტვინენკომ მუსულმანური წესით დაკრძალვა ითხოვა.

როგორც ადრე ჩეჩენ სეპარტისთა ვებგვერდი იტყობინებოდა, ლიტვინენკომ ისლამი მიიღო. მაგრამ გაზეთ "კომერსანტისთვის" მიცემულ ინტერვიუში ვალტერ ლიტვინენკომ უარყო ეს ცნობა.
XS
SM
MD
LG