Accessibility links

დოდო ჭიჭინაძე – 80


საქართველოს სახალხო არტისტი დოდო ჭიჭინაძე იუბილარია.

თავის ასაკს არ მალავს – 28 დეკემბერს 80 წელი შეუსრულდება. თბილისში, ფაქტობრივად, არ ტარდება კულტურის მოღვაწეთა შეკრება, დოდო ჭიჭინაძე რომ არ დაესწროს. ასაკს არავინ ეკითხება, მაგრამ ქათინაურები მისთვის არ ენანებათ: “რა ლამაზი ხართ!” – ეს სიტყვები მას განუწყვეტლივ ესმის. დოდო ჭიჭინაძის ათასობით თაყვანისმცემელი ამტკიცებს, რომ ქართული კინოს ეს ვარსკვლავი ისევ ძველებურად ანათებს. როგორ იქცა “ვარსკვლავად” მსახიობი, რომელსაც სულ რამდენიმე როლი აქვს შესრულებული კინოში?

დოდო ჭიჭინაძის თაყვანისმცემელთა უმრავლესობამ არ იცის ან არ ახსოვს, რომ ომის დროს მომავალი მსახიობი თბილისის სამედიცინო ინსტიტუტში სწავლობდა. იშვიათია, როცა ექიმი მსახიობი ხდება ხოლმე... და თუ გახდა, არტისტის ბიოგრაფიის ეს ფაქტი, როგორც წესი, არ აღიბეჭდება მის შემოქმედებაში.

მოგვიანებით ლია ელიავა იტყვის, დოდო ჭიჭინაძეს ყველა ქალი ბაძავდაო, ყველა ცდილობდა მასავით ლამაზი ყოფილიყოო... ყველა ამბობდა, ქუჩაში როცა ვხედავდით, სარკეში ჩახედვის სურვილი გვიჩნდებოდაო... ეს სილამაზე არავის თრგუნავდა, ეს სილამაზე დახვეწილობისკენ გვიბიძგებდა... განა ეს - “მკურნალობა” არ არისო?

დოდო ჭიჭინაძის გარეგნობის ეს, მართლაც რომ, “მაგიური ძალა” ქართველმა რეჟისორებმაც შეამჩნიეს. სანამ, 1947 წელს, მედიცინას თავს დაანებებდა და თბილისის კინომსახიობთა სკოლაში დაიწყებდა სწავლას, მას უკვე იღებენ კინოში. ომის შემდეგ, როცა თბილისის ეკრანებზე ეგრეთ წოდებული “ნადავლი ფილმები” გამოვიდა, ქართველმა მაყურებელმაც შეიგრძნო კინოვარსკვლავის ზემოქმედების ძალა... დინა დურბინსა და ჯანეტ მაკდონალდს მთელი საქართველოს ქალები ბაძავდნენ... ხალხს ჯერ არ ენახა მარლენ დიტრიხი, მოგვიანებით - მერლინ მონრო, ბრიჯიტ ბარდო... მერე ნახეს, მაგრამ ასეთი ტიპის ქალებზე მოდა თითქმის არასდროს დამკვიდრებულა ქართულ-საბჭოთა სინამდვილეში. საქართველოში ყოველთვის “უმანკო ქალის” სახე იყო მოდაში...

მაგრამ დოდო ჭიჭინაძემ ჰოლივუდის ვარსკვლავების მიბაძვა არ დაიწყო. მისი პარტნიორების თქმით, ომის შემდეგ მარჯანიშვილის თეატრში განსახიერებული როლები: ივდითი - “ურიელ აკოსტაში”, ლედი ანა - შექსპირის “რიჩარდ მესამეში”, მზევინარი - ვაჟა-ფშაველას “მოკვეთილში”, მედეა - ევრიპიდეს “მედეაში” იმით გამოირჩეოდა, რომ დოდო ჭიჭინაძე თითქოს საერთოდ არ თამაშობდა – ისეთი იყო სცენაზე, როგორიც გარეთ, ქუჩაში. რეჟისორები დარწმუნებულები იყვნენ, რომ ამ “უმანკო სილამაზესთან” ზიარება უკვე საკმარისი იყო იმისთვის, რომ მაყურებელი დოდო ჭიჭინაძის სანახავად მოსულიყო თეატრში.

ამას ამბობს კინომცოდნე ლელა ოჩიაური, რომელიც დოდო ჭიჭინაძის ხელოვნების ღირსებად გასაოცარ ბუნებრიობას მიიჩნევს – ბუნებრიობას იმ დროს, როცა სიყალბეს ქართული კულტურა ძალიან ძნელად უმკლავდება. ლელა ოჩიაურის აზრით, შესაძლებელია, სწორედ ამიტომ მოიწვიეს დოდო ჭიჭინაძე კინოში გადასაღებად ეგრეთ წოდებული “მცირეფილმიანობის პერიოდში”... მიუხედავად იმისა, რომ “ზევიდან” ნაკარნახევ შტამპებზე უარი ვერ თქვეს, “დავით გურამიშვილის”, “ბედნიერი შეხვედრის”, “შეწყვეტილი სიმღერის” ავტორებმა მაინც მოახერხეს რაღაც ბუნებრივით, ადამიანურით გაეცოცხლებინათ ეს ფილმები. ბუნებრივის “მისია” კი ქართველმა მსახიობებმა იტვირთეს, მათ შორის - დოდო ჭიჭინაძემ.

“არამიწიერი სილამაზე” – ასე ახასიათებს კინომცოდნე ლელა ოჩიაური დოდო ჭიჭინაძის გარეგნობას და, ამავე დროს, ხაზს უსვამს, რომ ეს სახე არ იქმნება მხოლოდ და მხოლოდ გარეგნობით. “ვარსკვლავის” ამოცანაა ეს სახე, ეს სილამაზე მაყურებლამდე მოიტანოს, არ დათრგუნოს პუბლიკა, მაყურებლის თანასწორი დარჩეს. ლელა ოჩიაური შეგვახსენებს ქართულ კინოზღაპარს “ცისკარა”, რომელშიც დოდო ჭიჭინაძემ მზეთუნახავის როლი შეასრულა... მზეთუნახავი ჩვენ თვალწინ ცოცხლდება და ჩვენ გვჯერა ამის... ასეთივე ეფექტს აღწევს დოდო ჭიჭინაძე “ბაში- აჩუკში”... დღეს მისი თამაშის მანერა, მისი მეტყველება, პლასტიკა, ცხადია, მოძველებულია... მაგრამ ეს გულუბრყვილობა ისევ თავისუფალია სიყალბისგან. ამიტომაცაა, რომ, ლელა ოჩიაურის თქმით, დოდო ჭიჭინაძეს დღეს ახალგაზრდა მსახიობებიც კი ბაძავენ:

[ლელა ოჩიაურის ხმა] “ვარსკვლავობა კერპობასაც ნიშნავს და თუკი ამდენი ადამიანი - ახალგაზრდებსაც ვგულისხმობ - დღესაც კი ამბობს: “დოდო ჭიჭინაძე!” – ყველამ იცის, ძალიან ცოტა როლი და ასეთი კვალი – ადამიანების მეხსიერებაში...”(სტილი დაცულია)

[“ბაში-აჩუკი”]

“ბაში-აჩუკის” შემდეგ ქართული კინოს სტილი მნიშვნელოვნად შეიცვალა. შეიცვალა წარმოდგენა სილამაზეზე – დახვეწილობა და, რაც მთავარია, უმანკოება ვერა და ვერ დამკვიდრდა ახალ ქართულ კინოში, რომლის ავტორებმა, “გმირის” ნაცვლად, ეგრეთ წოდებულ “ანტიგმირებს” მიანიჭეს უპირატესობა. დოდო ჭიჭინაძეს კინოში თითქმის აღარ იღებენ... მაგრამ არ ივიწყებენ... ახალი თაობა მას კვლავაც “ვარსკვლავად” მიიჩნევს. შეიძლება იმიტომ, რომ იგი კვლავაც ცდილობს დაამკვიდროს ის, რაც თავის დროზე მოიტანა “სტალინურ კინოში” და ასე გააცოცხლა ბუტაფორიულ-ისტორიული კინემატოგრაფი; შეიძლება იმიტომ, რომ დოდო ჭიჭინაძე კვლავაც ძალიან აქტიურია, როგორც მოქალაქე, როგორც საზოგადო მოღვაწე.


[ლელა ოჩიაურის ხმა] “მე მართლა მახსოვს დოდო ჭიჭინაძე ბარიკადებზე... მახსოვს იქ, სადაც ყველაზე მეტად იყო საჭირო... მაშინ, როცა საქართველოს ძალიან უჭირდა, როცა დაიწყო განხეთქილება 90-იანი წლების დასაწყისიდან დღემდე – მას სულ ვხედავ, სულ ვხედავ ძალიან დახვეწილი მეტყველების, დახვეწილი აზროვნების... ზედმეტს არასდროს არ იტყვის... მე ვგულისხმობ საზოგადოებასთან ურთიერთობის ფორმას, ის ყოველთვის დგას იქ, სადაც ადამიანები ელოდებიან... ჩვენ უნდა გვეყოს გონება, რომ მას მოვუსმინოთ.”(სტილი დაცულია)

დღეს მას ისევ უსმენენ. პოპულარულ, ზოგჯერ “ბულვარულ ჟურნალებშიც” კი მის ფოტოებს ახლად აკიაფებული ქართველი ვარსკვლავებისა და მოდელების გვერდით ბეჭდავენ. ლელა ოჩიაური გვირჩევს აუცილებლად შევადაროთ ეს სურათები, მერე კი გავიაზროთ, რას ამბობენ ახალი ვარსკვლავები, რომელთა უმრავლესობა, როგორც წესი, ძალიან ადრე “ქრება” ხოლმე, და რას ამბობს 80 წლის მსახიობი; ვინაა უფრო გულწრფელი და ვინ ატარებს თავის თავში არა მარტო სილამაზეს, არამედ ისტორიას და გამოცდილებას.

XS
SM
MD
LG