Accessibility links

არაქართულენოვანი სკოლებისათვის ახალი სახელმძღვანელოები ითარგმნება


განათლების სისტემის რეფორმის ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ერთიანი საგანმანათლებლო სივრცის შექმნაა.

ამისთვის საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო სკოლაში ერთიანი სტანდარტი უნდა დადგინდეს–არაქართულენოვანი სკოლებისათვის ახალი სახელმძღვანელოების თარგმნა და მათი პილოტირება ეტაპობრივად, პედაგოგიურ საზოგადოებათა მოსაზრებების გათვალისწინებით მიმდინარეობს. 2006–2007 სასწავლო წლისათვის თარგმნილი სახელძღვანელოების პილოტირების პროცესში 30 არაქართულენოვანი საჯარო სკოლაა ჩართული – 10 რუსული, 10 სომხური და 10–ც აზერბაიჯანული.

ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით შედგენილი ახალი სახელმძღვანელოების თარგმნის გენერალური სპონსორები არიან ჰოლდინგი“ საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფი” და ბანკი „რესპუბლიკა“. სახელმძღვანელოების თარგმნის პროცესს ისინი, მთლიანობაში, 277 000 ლარის მოცულობის თანხით აფინანსებენ.

[ნათია თურნავას ხმა]“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ იყოს ერთიანი სახელმძღვანელოების სისტემა, განსაკუთრებით, როდესაც საუბარია ქართული ენის სწავლებაზე.”

ამბობს ჰოლდინგ “საქართველოს ინდუსტრიული ჯგუფის” აღმასრულებელი დირექტორი ნათია თურნავა. ამ ჰოლდინგის ფინანსური წილი პროექტში 190 000 ლარითაა განსაზღვრული. ამ ეტაპზე არაქართულენოვანი სკოლებისთვის 21 სახელმძღვანელო ითარგმნება. საპილოტე კლასებია: პირველი, მეშვიდე და მეათე. პროექტი ჯერჯერობით ერთწლიანია, თუმცა ქართულენოვან სკოლებში, სახელმძღვანელოების პილოტირების პროცესის პარალელურად, სავარაუდოდ, მომავალი წლიდან არაქართულენოვანი სკოლებისთვის მეორე, მერვე და მეათე კლასების სახელმძღვანელოების თარგმნაც დაიწყება. ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის ხელმძღვანელს სიმონ ჯანაშიას მოუსმინეთ:

[სიმონ ჯანაშიას ხმა]“ სასწავლო გეგმა ყველასთვის ერთია, საერთოა, მიზნებიც საერთოა იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანაც ერთია. ჩვენ გვაქვს ამ ენებზე ან შემოტანილი სახელმძღვანელოები, ან მოძველებული თარგმანები ძველი ქართული სახელმძღვანელოებისა, რომელთაც ნელ–ნელა ჩაანაცვლებს ეს სახელმძღვანელოები.“

არაქართულენოვანი საპილოტე სკოლების თარგმნილი სახელმძღვანელოებით მომარაგების პროცესი ობიქტური მიზეზების გამო ჭიანურდება, ამბობს სიმონ ჯანაშია. მისი ინფორმაციით, 2007 წლის იანვარში სახელმძღვანელოების თარგმნა და დასტამბვა დასრულებული იქნება. მანამდე კი სკოლებში ასეთი ვითარებაა:

[ნინო გამსახურდიას ხმა]“ჩვენ წელს დავიწყეთ სწავლება ბუაძისა და გოგიაშვილის სახელმძღვანელოთი, მაგრამ საქმე ისაა, რომ ჩვენ თარგმანი არ მოგვივიდა რუსულ ენაზე და ძალიან გვიძნელდება. მე თვითონ, პირადად, მაქვს ნაყიდი ქართული სახელმძღვანელო, ყოველი გაკვეთილისთვის მიხდება თარგმნა და ბავშვებს თარგმანის მეშვეობით გადავცემ ახალ მასალას. სამინისტრო იყო შეპირებული, რომ ამ წიგნის თარგმანი გაკეთდებოდა და ჩვენ მივიღებდით, მაგრამ მთავრდება პირველი ტრიმესტრი და ჩვენ არ მიგვიღია.“(სტილი დაცულია)

ამბობს თბილისის 37–ე რუსულენოვანი საჯარო სკოლის მათემატიკის მასწავლებელი ნინო გამსახურდია. ამ სკოლის პედაგოგებისა და განათლების სამინისტროს წარმომადგენლების საგანგებო შეხვედრა სწორედ არაქართულენოვანი სკოლებისათვის ახალი სახელმძღვანელოების თარგმნის მიზნებსა და მდგომარეობას შეეხო. განათლების სამინისტრო ცდილობს ერთიანი სასწავლო გეგმა და მისი მთავარი კომპონენტი, სახელმძღვანელოები, სწორედ პედაგოგიური საზოგადოების მოსაზრებებისა და შენიშვნების გათვალისწინებით შეადგინოს. შენიშვნები 37–ე საჯარო სკოლაში, ძირითადად, თარგმანის ხარისხს შეეხო.
XS
SM
MD
LG