Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველო-რუსეთის დაძაბულ ურთიერთობას კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა


საქართველო-რუსეთის დაძაბულ ურთიერთობას კიდევ ერთი ადამიანი ემსხვერპლა. 2 დეკემბერს მოსკოვში, უცხოელთა განთავსების იზოლატორში,

გულის შეტევით გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე მანანა ჯაველია. 51 წლის ქალბატონი რუსეთის მიგრაციის ფედერალური სამსახურის თანამშრომლებმა თვე-ნახევრის წინ დააკავეს. გარდაცვლილის ოჯახის წევრები განმარტავენ, რომ, მოსკოვის რაიონული სასამართლოს განჩინებით, მანანა ჯაველია დეპორტაციას არ ექვემდებარებოდა, მაგრამ იმის გამო, რომ, მოპასუხე მხარის მოთხოვნით, საქმე პირველი ინსტანციის სასამართლოში დაბრუნდა, საბოლოო გადაწყვეტილების გამოქვეყნება 7 დეკემბრისთვის გადაიდო. თუმცა, შესაძლოა, სასამართლო პროცესი აღარც კი გაიმართოს. რას შეეწირა უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლე და როგორია მომხდართან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების რეაქცია?

მანანა ჯაველიას გარდაცვალებას რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლები ორი დღის შემდეგ გამოეხმაურნენ. მიგრაციის ფედერალური სამსახურის დირექტორმა კონსტანტინ რომოდანოვსკიმ სამძიმარი გამოუცხადა გარდაცვლილი ქალბატონის ოჯახს, თუმცა მომხდარის გამო სინანული არ გამოუთქვამს რუსეთის ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის თავმჯდომარესა და სახელმწიფო სათათბიროს ვიცე-სპიკერს ვლადიმირ ჟირინოვსკის:

[ვლადიმირ ჟირინოვსკის ხმა] „ჩვენ რუსეთში არავის ველით. ყველა უნდა დარჩეს შინ, რათა არ ჩაიგდოს თავი ხიფათში. სახელმწიფო სათათბირომ კი უნდა მიიღოს ისეთი მკაცრი კანონები, რომლებიც წინააღუდგება რუსეთში უცხო ქვეყნების მოქალაქეთა ყოფნას. მხოლოდ ის, ვინც მიიღებს ვიზას, ჩამოვა რუსეთში. ჩვენ მიგრანტები არ გვჭირდება.”

მანანა ჯაველია საქართველოში ქსენოფობიის მორიგ მსხვერპლად მიაჩნიათ. რუსეთის მიერ საქართველოს მიმართ განხორციელებულ ქმედებათა შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია და იუსტიციის სამინისტრო მოსკოვიდან ელოდებიან სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც, სხვა ფაქტობრივ მასალასთან ერთად, საფუძვლად დაედება ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში შესატან სარჩელს. დეტალების გასარკვევად მე რუსეთში საქართველოს კონსულს ზურაბ პატარაძეს დავურეკე.

[ზურაბ პატარაძის ხმა] „ ძალიან დაკავებული ვარ. რაზეც მირეკავთ, ზუსტად იმ საქმეზე დავრბივარ. ბოდიშს გიხდით... ჯერჯერობით ცნობილი არ არის გადმოსვენების თარიღი და ახლა ვმუშაობთ სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარებაზე.“

ზურაბ პატარაძის თქმით, სამედიცინო ესპერტიზის დასკვნა რამდენიმე დღეში იქნება მზად. საქართველოს პარლამენტში მიიჩნევენ, რომ რუსეთში ეთნიკურ ქართველთა დევნა და შევიწროება კარგა ხანია სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილად იქცა, რის დაგმობასაც, თუ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს ნინო კალანდაძეს ვერწმუნებით, საქართველო სულ მალე სტრასბურგში, ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში, შეეცდება:

[ნინო კალანდაძის ხმა] „საერთაშორისო სამართალზე დაყრდნობით არსებული სარჩელი, რომელსაც საქართველო შეიტანს რუსეთის წინააღმდეგ, დაფუძნებული იქნება სწორედ ბოლო პერიოდში რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე და იმ კონკრეტული სამართლებრივი მოვლენების დარღვევების ასახვაზე, რომელიც ხორციელდებოდა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, ეთნიკური ნიშნით მათი წმენდისა და დისკრიმინაციის სახით.“ (სტილი დაცულია)

რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებული გამოძევება ორი თვის წინ თბილისში ჯაშუშობაში ბრალდებული რუსი ოფიცრების დაკავების შემდეგ დაიწყო. 29 სექტემბრიდან მოყოლებული, რუსეთის ფედერაციის ტერიტორია იძულებით დაატოვებინეს რამდენიმე ათას ქართველს, ხოლო დეპორტაციის პროცესში სამი ადამიანი გარდაიცვალა. პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის ნიკა გვარიამის კომენტარი:

[ნიკა გვარამიას ხმა] „პირდაპირ მინდა განვაცხადო, რომ რუსეთის მხრიდან ადგილი აქვს საქართველოს მოქალაქეების სერიულ მკვლელობებს. მართლა გამოცხადებული მკვლელობების ქრონიკას დაემსგავსა ეს ყველაფერი. მე იმედი მაქვს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები ყოველივე ამასთან დაკავშირებით რეაგირებას მოახდენენ. მანამდე კი გეტყვით, რომ რუსეთის გამანაწილებლებში საქართველოს 79 მოქალაქე იმყოფება.“(სტილი დაცულია)

საინტერესოა, რას ფიქრობენ მეზობელ ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების შესახებ თბილისელები:

[მამაკაცის ხმა] „მე ვერანაირად ვერ დავეთანხმები რუსეთის სახელმწიფო პოლიტიკას, იმიტომ რომ ეს არის ფაშისტური პოლიტიკა. რუსეთი არის მრავალეროვანი ქვეყანა და უნდა იცოდნენ, რომ რასაც დათესენ, იმას მოიმკიან.“

[მამაკაცის ხმა] „ეს არის ქსენოფობიისა და შეუწყნარებლობის სასტიკი გამოვლინება, ეს არის ადამიანის უფლებების დარღვევა, ჩაგვრა, დევნა, რაც მიუღებელია დღევანდელ დროში, 21-ე საუკუნეში.“(სტილიდაცულია)

დაბოლოს, ირკვევა, რომ მოსკოვში გარდაცვლილი მანანა ჯაველია დიაბეტით ყოფილა დაავადებული, თუმცა გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ცნობილი გახდება მხოლოდ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის გამოქვეყნების შემდეგ. სამშობლოში გვამის გადმოსვენებას კი ოჯახის წევრები მიმდინარე კვირაში აპირებენ.
  • 16x9 Image

    ჯიმშერ რეხვიაშვილი

    ჟურნალისტი, ბლოგერი; პროზაული, პოეტური და დოკუმენტური კრებულების ავტორი. მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს კულტურის თემებს. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში და ლიტერატურული პრემია „ლიტერა“. რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2003 წლიდან.

XS
SM
MD
LG