Accessibility links

logo-print

როგორ განხორციელდება ფსოუს და როკის სასაზღვრო-გამშვები პუნქტების ადმინისტრირება, თუ რუსეთის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში გაწევრიანების სანაცვლოდ მათი ლეგალიზება მოხერხდა


საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი 10 დღიანი ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა. არაოფიციალური ინფორმაციით ნოღაიდელის ვიზიტის ერთერთი მთავარი

თემა ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანების საკითხისადმი საქართველოს დამოკიდებულება იქნება. როგორც ცნობილია ამ ორგანიზაციაში რუსეთის გაერთიანების მხარდაჭერის სანაცვლოდ საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას მოითხოვს. ლაპარაკია ფსოუს და როკის სასაზღვრო და საბაჟო გამშვები პუნქტების ლეგალიზების თაობაზე. როგორ წარმოუდგენიათ თბილისში ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად რეგიონებში მდებარე სასაზღვრო-გამშვები პუნქტების ლეგალიზება.

ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებული პრობლემების კომენტირებისას, რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა გერმან გრეფმა, რამდენჯერმე აღნიშნა, რომ საქართველოსთან მოლაპარაკება სირთულეს არ წარმოადგენს.

საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებში ამერიკელი ექსპერტის ჯეფრი შოტის მოსაზრებით, რომელიც მან გასულ კვირაში გამოთქვა, საქართველოს რუსეთის წინაღმდეგ მარტო არაფერი გამოუვა. მას ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წევრი სხვა სახელმწიფოების მხარდაჭერაც დასჭირდებაო. მიუხეავად ამისა ოფიციალური თბილისი ჯერჯერობით პოზიციას არ იცვლის. საგარეო საქმეთა მინისტრის გელა ბეჟუაშვილის კომენტარი.

[გელა ბეჟუაშვილის ხმა] ”ჩვენ დავუჭერთ მხარს რუსეთს. ჩვენ გამოვთქვით რომ დაინტერესებულები ვართ რომ ის გახდეს ამ ორგანიზაციის წევრი მხოლოდ იმ პირობით რომ ისინი შეასრულებენ თავიანთ ვალდებულებებს, რომელიც რუსეთმა აიღო 2004 წელს.”

შეგახსენებთ რომ რუსეთმა მაშინ საქართველოსგან ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციასი გაწევრიანების მხარდაჭერის სანაცვლოდ პირობა დადო, რომ
საქართველოსთან სავაჭრო ურთიერთობები მხოლოდ ლეგალური საბაჟო-გამშვები პუნქტების მეშვეობით განხორციელდებოდა.

ამ პირობის შემთხვევაში ლეგალური უნდა გახდეს სასაზღვრო და საბაჟო პუნქტები საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად რეგიონებში, აფხაზეთში მდინარე ფსოუზე და ცხინვალის რეგიონში როკის გვირაბთან.

როგორ წარმოუდგენია ოფიციალურ თბილისს ფსოუს და როკის გვირაბის საბაჟო-გამშვები პუნქტების ლეგალიზება, ამ კითხვით ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს თამარ კოვზირიძეს მივმართე.

[თამარ კოვზირიძის ხმა] ”ამ შემთხვევაში ჩვენ ვგულისხმობთ საბაჟო-გამშვები პუნქტების ერთობლივ გაკონტროლებას. შესაძლოა ეს მოხდეს საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ განხორციელებული მონიტორინგის თანხლებით, გამომდინარე იქიდან რომ განსაკუთრებულ სიტუაციასთან გვაქვს საქმე და დამატებითი უსაფრთხოების გარანტიები არის საჭირო.”

თამარ კოვზირიძის მიერ აღწერილი მოდელი უკვე მოქმედებს პოსტსაბჭოთა სივრცეში არსებულ ერთ-ერთ კონფლიქტურ რეგიონში, კერძოდ უკრაინა მოლდავეთის საზღვრის დნესტრისპირეთის თვითაღიარებული რესპიუბლიკის მონაკვეთზე. იქ უკრაინასა და დნესტრისპირეთს შორის სავაჭრო ურთიერთობებსა და ტვირთბრუნვას მოლდაველი და უკრაინელი მებაჟეები აკონტროლებელ ევროკავშირის სასაზღვრო მისიის მეთვალყურეობის ქვეშ.

რას აპირებს რუსეთი ჯერჯერობით ძნელი სათქმელია რადგან საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს შეთავაზების მიუხედავად მოლაპარაკებათა დაწყების შესახებ მოსკოვის პასუხი არ ჩანს.
საქართველოს ხელისუფლება არ მალავს, რომ მხარს უჭერს და დაინტერესებულიც კი არის ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციაში რუსეთის გაერთიოანების საკითხის დადებიტაც გადაწყვეტით.

[თამარ კოვზირიძის ხმა] ”ჩვენ შეიძლება რუსეთთან გვქონდეს რაღაც პრობლემა გაწევრიანებამდე მაგრამ გაწევრიანების შემდეგაც, ანუ ეს პრობლემა გაგრძელდეს. აქედან გამომდინარე სამართლებრივი მექანიზმების გამოყენება შეიძლება იმ მომენტიდან როდესაც ეს პრობლემა დგას. უბრალოდ გამოყენების უფლება აქვს წევრ ქვეყანას წევრი ქვეყნის მიმართ. არაწევრის მიმართ ვერ გამოვიყენებთ.”

როგორც ცნობილია რუსეთმა ბოლო თვეების მანძილზე შეწყვიტა საავიაციო და სარკინიგზო მიმოსვლა საქართველოსთან, შეწყვეტილია საფოსტო ურთიერთობა, ჩაკეტილია ერთადერთი სახმელეთო ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტი და რუსეთის ბაზარი ჩაკეტილია ქართული ღვინოებისთვის, მინერალური წყლებისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციისთვის.
XS
SM
MD
LG