Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების შანსი სულ უფრო რეალური ხდება


მთიანი ყარაბაღის კონფლიქტზე ბოლო ხანს დამაიმედებელი ცნობები ვრცელდება: “მოლაპარაკება ფინალურ სტადიას უახლოვდებაო”, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა

ილჰამ ალიევმა გასულ კვირაში. ამ დღეებში კი მთიანი ყარაბაღის შესახებ მსჯელობდნენ ბრიუსელში, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის - ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე. შეგახსენებთ, რომ ეუთო, კერძოდ მისი “მინსკის ჯგუფი”, შუამავლის როლს ასრულებს მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების საქმეში.

ეუთოს მორიგე თავმჯდომარე კარელ დე ხუხტმა შეხვედრის პირველივე დღეს განაცხადა, რომ ჩანს მთიანი ყარაბაღის გარშემო უთანხმოების მოგვარების პერსპექტივა. [დე ხუხტის ხმა] “გაყინული კონფლიქტების საკითხში გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული, განსაკუთრებით მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით.”

ოპტიმისტურად ჟღერდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ვარდან ოსკანიანის განცხადებაც: როგორც მან ჩვენი რადიოს სომხურ სამსახურთან ინტერვიუში თქვა, სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტების ბოლო შეხვედრა (ის მინსკში, გასულ კვირაში გაიმართა), იძლევა იმედს, რომ შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა ძალიან რთულ საკითხებშიც კი.
[ოსკანიანის ხმა] “გრძელდება მოლაპარაკებები კონფლიქტის მოგარების პრინციპებზე. მხარეთა პოზიციები ზოგ რთულ საკითხში თანდათან უახლოვდება ერთმანეთს. მაგრამ იმის გამო, რომ ამ მოლაპარაკებებს ბევრი შრე აქვს - იქნება ეს პრინციპები, თუ დეტალები - ძნელია, განსაზღვრო მათი რაოდენობა და თქმა, რომ არსებობს, დავუშვათ, 7, 8, ან 9 საკითხი - მაგრამ შეთანხმება მიღწეულია მხოლოდ 8 მათგანზე. ეს მას (მამადიაროვს) უნდა ჰკითხოთ”.

უფრო ადრე მამადიაროვმა - აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამადიაროვმა - განაცხადა, რომ ყველა საკითხი მოგვარებულია, გარდა ერთისა. ეს, ურთულესი საკითხი, სავარაუდოდ, მთიანი ყარაბაღის მომავალ სტატუსს ეხება. აზერბაიჯანი ემხრობა ყარაბაღისთვის თვითმმართველობის მინიჭებას - ოღონდ აზერბაიჯანის საზღვრებში. ამ საკითხში კი ერევანი განსხვავებული აზრისაა.

საგარეო საქმეთა მინისტრმა ვარდან ოსკანიანმა ერევნის პოზიცია ბრიუსელში კიდევ ერთხელ განმარტა: [ოსკანიანის ხმა] “ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ ამ საკითხის - თვითგამორკვევის საკითხის - გათვალისწინებას, რადგან ვერ ვხედავთ კონფლიქტის მოგვარების სხვა გზას. ეს არის ჩვენთვის მთავარი პრობლემა, ფუნდამენტური პრობლემა. როგორც უკვე ბევრჯერ მითქვამს, ამ საკითხს ეფუძნება ყველა დანარჩენი საკითხი. თუ აზერბაიჯანი ცნობს მთიანი ყარაბაღის თვითგამორკვევის უფლებას, მაშინ შესაძლებელი იქნება ყველა დანარჩენი პრობლემის განხილვაც”.

თვითგამორკვევის საკითხს რაც შეეხება: მთიანი ყარაბაღის მოსახლეობას, უმეტესწილად, ეთნიკური სომხები შეადგენენ და 1988 წელს ერევნის დახმარებით მოიპოვეს აზერბაიჯანისაგან დე ფაქტო დამოუკიდებლობა. რახანია, ერევანი მოითხოვს რეგიონში რეფერენდუმის გამართვას, რათა ყარაბაღელებმა თავიანი მომავალი განსაზღვრონ.
[ოსკანიანის ხმა] “თუ აზერბაიჯანს ეყოფა გამბედაობა, აღიაროს, რომ მთიანი ყარაბაღის ხალხს შეუძლია, თავადვე განსაზღვროს საკუთარი ბედი, სტატუსი და უსაფრთხოების საკითხები, მაშინ მართლაც არსებობს ამ პროცესში სერიოზული პროგრესის მიღწევის პერსპექტივა”.

მაგრამ აზერბაიჯანს გაუჭირდება, გამოიჩინოს “გამბედაობა”, რომელზეც ოსკანიანი ლაპარაკობს. უკვე ითქვა: მთიანი ყარაბაღის მოსახლეობას, უმეტესწილად, ეთნიკური სომხები შეადგენენ და ექსპერტებს, მათ შორის ჩვენი რადიოს ანალიტიკოს ლიზ ფულერს, პრაქტიკულად ეჭვი არ ეპარებათ, რომ რეფერენდუმი ყარაბაღის დამოუკიდებლობის მხარდაჭერით დასრულდება.

ამასობაში, ეუთო განაგრძობს მხარეებს შორის შუამავლობას და, ყველა სირთულის მიუხედავად, 2007 წლისთვის მნიშვნელოვანი პროგრესის იმედი აქვს.

კონფლიქტის მოგვარების იმედი, ბრიუსელიდან გავრცელებული ინფორმაციით, გამოთქვეს ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის ბოლოსაც: პრეს-კონფერენციაზე გაკეთებულ განცხადებაში. მასში ეუთო სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს მოუწოდებს, მომავალ წელს “გააორმაგონ ძალისხმევა” მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარების "ძირითადი პრინციპების" შესამუშავებლად. ეუთოს შეფასებით, მხარეები მიუახლოვდნენ ამ პრინციპებზე შეთანხმებას 2006 წლის მოლაპარაკებების შედეგად.
XS
SM
MD
LG