Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მოსკოვი და ვაშინგტონი ეუთოს მომავალს სხვადასხვაგვარად ხედავენ


ეუთოს საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიან შეხვედრას, რომელიც გუშინ დამთავრდა ბრიუსელში, რადიო "თავისუფლებამ" რამდენიმე მასალა მიუძღვნა.

დღეს ამ თემას კიდევ ერთხელ ვუბრუნდებით, რადგან საქართველოსთვის "მინისტერიალზე" განხილული თემები თუ გაკეთებული განცხადებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო. შეგახსენებთ: ეუთოს წევრი 56 სახელმწიფოს საგარეო უწყებათა ხელმძღვანელები მსჯელობდნენ ე.წ. "გაყინულ კონფლიქტებზე", რომელთაგან ორი, როგორც იცით, საქართველოს ტერიტორიაზეა.

ბრიუსელში გამართული ორდღიანი "მინისტერიალი" მის მონაწილეებს უწინარესად იმით დაამახსოვრდებათ, რომ მასზე უჩვეულოდ ცხარე დებატები გაიმართა ორგანიზაციის ყველაზე გავლენიან წევრებს შორის. როცა საუბარი ეუთოს სამომავლო პოზიციების განმტკიცებას, მისი ეფექტიანობის გაზრდას შეეხო, შეერთებული შტატების წარმომადგენლებმა გამოთქვეს მოსაზრება, რომ ეს ორგანიზაცია უნდა იქცეს დემოკრატიისა და ადამიანის უფლებათა დაცვის აქტიურ მოსარჩლედ, განსაკუთრებით აღმოსავლეთი ევროპისა და შუა აზიის ქვეყნებში. ვაშინგტონის ხედვა ჩამოაყალიბა ნიკოლას ბერნსმა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ.

[ნიკოლას ბერნსის ხმა] "ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანა, რომელიც ევრო-ატლანტიკური თანამეგობრობის წევრებს გვიდგას, შემდეგია: როგორ უნდა იქცნენ ბალკანეთის, ცენტრალური ევროპის, კავკასიის, შუა აზიის ახალგაზრდა დემოკრატიები სრულყოფილ, ჩამოყალიბებულ დემოკრატიებად? და ეუთო ჩვენს ხელთ არსებული ყველაზე მნიშვნელოვანი ინსტიტუტია, ევრო-ატლანტიკური თანამეგობრობის ყველაზე ეფექტიანი ბერკეტია, რადგან ის არჩევნების ობიექტური მეთვალყურეა. ის ობიექტურ, პირუთვნელ დასკვნებს გვთავაზობს დემოკრატიის, ადამიანის უფლებების, საარჩევნო პრაქტიკის საკითხებზე."

ბერნსის მიერ გამოთქმული ეს მოსაზრება უფრო დეტალურად იყო ჩამოყალიბებული ეუთოს ეფექტიანობის გაზრდასთან დაკავშირებული დეკლარაციის პროექტში, რომლის თავდაპირველი ვარიანტი რუსეთმა დაბლოკა. ამ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ დეკლარაციის ტექსტი გაუწონასწორებელი და მიკერძოებული იყო, და არ შეიცავდა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს; მაგალითად, მასში არაფერი იყო ნათქვამი ეუთოს როლზე ტერორიზმთან და ნარკოტიკებით ვაჭრობასთან ბრძოლის საქმეში. საბოლოოდ, დეკლარაციის სახეცვლილი ტექსტის მიღება მაინც მოხერხდა.

თავისი უკმაყოფილება მოსკოვმა კიდევ ერთი ტექსტის დაბლოკვით გამოხატა. იმ დოკუმენტის ეუთოს წევრებს უნდა გამოეხატათ მხარდაჭერა საკუთარ ქვეყნებში მოქმედი ადამიანის უფლებათა დაცვის აქტივისტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის. ეუთოს მორიგე თავმჯდომარეს, კარელ დე ჰუხტს, არც უცდია რუსეთის ამ ნაბიჯის გამო გაწბილების დაფარვა:

[კარელ დე ჰუხტის ხმა] "შემიძლია მხოლოდ სინანული გამოვთქვა, რომ დაბლოკილ იქნა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ადამიანის უფლებების დამცველებთან დაკავშირებით."

იმავე დე ჰუხტმა, რომლისთვისაც - როგორც მორიგე თავმჯდომარისთვის - ეს "მინისტერიალი" ბოლო იყო, დადებითად შეაფასა ეუთოს წვლილი "გაყინული კონფლიქტების" მოგვარების საქმეში.

[კარელ დე ჰუხტის ხმა] "გაყინული კონფლიქტების საკითხში გარკვეული პროგრესი იქნა მიღწეული, განსაკუთრებით მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით. ეუთომ ცხადჰყო თავისი უნარი, შეასრულოს სასარგებლო როლი, როცა ხელი შეუწყო კრიზისის განმუხტვას რუსეთსა და საქართველოს შორის. თუმცა ფაქტია, რომ ვითარება კვლავაც მოუგვარებელი რჩება."

ვითარება მოუგვარებელი რომ რჩება, თავის გამოსვლაში ნიკოლას ბერნსმაც აღნიშნა. ამ კონტექსში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ რუსეთის არცთუ კონსტრუქციულ როლზე ისაუბრა:

[ნიკოლას ბერნსის ხმა] "ეუთოს ზოგიერთი ქვეყანა მიმართავს ეკონომიკურ და ფინანსურ ზეწოლას, რათა მეზობლებს საკუთარი ნება მოახვიოს თავს. ჩვენი ორგანიზაციის ორი წევრი განსაკუთრებით ძლიერი ზეწოლის ქვეშ არის. მოლდავეთსა და საქართველოში გაჭიანურებული კონფლიქტები და მათზე გარედან მუქარები აფერხებს ამ დამოუკიდებელ ქვეყნების სრულ ეკონომიკურ და დემოკრატიულ განვითარებას; დაუცველი საზღვრების არსებობა საფრთხეს უქმნის მათს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს, აფერხებს რეგიონული ინტეგრაციის პროცესს. ვიდრე ეს ქვეყნები შიგნიდან გახლეჩილი იქნება, ვიდრე გარედან ღიად უჭერენ მხარს სეპარატისტულ რეჟიმებს, ამ ორ ქვეყანას ძალიან გაუძნელდება საკუთარი პოტენციალის რეალიზება."

საქართველოსა და მოლდავეთში რუსეთის ჯარის ყოფნაზე საუბრისას, ნიკოლას ბერნსმა აღნიშნა, რომ უცხო ქვეყანაში ჯარების ყოლა ეწინააღმდეგება 21-ე საუკუნის ევროპის პრინციპებს.

[ნიკოლას ბერნსის ხმა] "სამწუხაროდ, არ გვექნება საქართველოსა და მოლდავეთზე საბოლოო დოკუმენტის შეთანხმებული ტექსტი. მონაწილე ქვეყნების უდიდესმა უმრავლესობამ მოუწოდა რუსეთს, შეასრულოს სტამბოლში, 1999 წელს ნაკისრი ვალდებულებები - გაიტანოს დარჩენილი სამხედრო ტექნიკა მოლდავეთიდან, გაიყვანოს ჯარი საქართველოდან. ეს ორი ქვეყანა იმსახურებს, იყოს სრულიად დამოუკიდებელი, სრულიად სუვერენული, და შეერთებული შტატები განაგრძობს მათს მხარდაჭერას ამ უფლების განხორციელების საქმეში."

ამერიკელი დიპლომატის ამ სიტყვებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი გამოემხაურა კრიტიკით, რომ მოწმენი ვართ ვითარების "მეტისმეტად გამარტივებული ხედვისა" და რომ ეუთო ცალმხრივად არ უნდა ეკიდებოდეს ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებში არსებულ უთანხმობათა მოგვარების საკითხს.
XS
SM
MD
LG