Accessibility links

აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მოთხოვნას, აღიარებულ იქნეს მათი დამოუკიდებლობა, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში სერიოზულად ეკიდებიან


აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკების მოთხოვნას, აღიარებულ იქნეს მათი დამოუკიდებლობა, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში სერიოზულად ეკიდებიან.

სახელმწიფო სათათბირომ 6 დეკემბრის სხდომის დღის წესრიგში შეიტანა განცხადებათა პროექტები: ”სამხრეთ ოსეთში ჩატარებული რეფერენდუმისა და საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ” და ” აფხაზეთის რუსეთის ასოცირებულ წევრად ცნობის თაობაზე რუსეთის ხელისუფლებისადმი აფხაზეთის პარლამენტის მიმართვის შესახებ.” 6 დეკემბერსვე შედგა აფხაზთა საერთო სახალხო კრება, რუსეთის ხელისუფლებისა და საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მოთხოვნით. რას მოითხოვენ სოხუმში, ცხინვალსა და მოსკოვში და როგორია ოფიციალური თბილისის რეაქცია დუმაში აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საკითხების განხილვასთან დაკავშირებით?

” ჩვენ გამოვდივართ ობიექტური რეალობიდან - საქართველოს და აფხაზეთს არ შეუძლიათ თანაარსებობა ერთიანი სახელმწიფოს ფარგლებში. ჩვენგან არვინ ელოდეს უარს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაზე” - ამ სიტყვებით მიმართა სოხუმის ცენტრში შეკრებილ ადამიანებს აფხაზეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მეთაურმა სერგეი ბაღაფშმა. აფხაზეთისა და რუსეთის საინფორმაციო წყაროებით, სოხუმის ცენტრში, ”თავისუფლების მოედანზე”, საერთო სახალხო შეკრებაზე დაახლოებით 35 ათასმა კაცმა მოიყარა თავი. ქართულმა საინფორმაციო საშუალებებმა გაავრცელეს ცნობა, რომ 6 დეკემბერს სოხუმისკენ იძულებით წაიყვანეს გალელი ქართველები, თუმცა ეს ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლებმა. ასეა თუ ისე, აფხაზეთის მწერალთა კავშირის, სახალხო ფორუმის, მოძრაობა ”აიტაირას” და აფხაზეთში მოქმედი სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ორგანიზაციების თაოსნობით, აფხაზეთის საერთო სახალხო კრება შედგა. ამ თავყრილობაზე გამოტანილ იქნა ლოზუნგები: ”დიდება რუსეთს!” ”აფხაზეთი და რუსეთი საუკუნეების მანძილზე ერთად არიან!” ”გაუმარჯოს დამოუკიდებელ აფხაზეთს!” და, რაც მთავარია, აფხაზი ხალხის მიმართვა რუსეთის ხელისუფლებისადმი, გაეროს გენერალური ასამბლეისა და გაეროს უშიშროების საბჭოსადმი, აფხაზეთის დამოუკიდებლობის იურიდიული აღიარების მოთხოვნით.
XS
SM
MD
LG