Accessibility links

რა ფორმას მიიღებს დეპორტირებულთა საქმეებზე სტრასბურგის სასამართლოში აღსაძვრელი სასარჩელო განცხადება


დღეს, გამთენიისას, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი წითელი ხიდის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან რუსეთიდან დეპორტირებულმა ოცმა ქართველმა ფეხით, საქართველოს დროშებით ხელში, გადმოკვეთა.

დეპორტირებულებმა დერბენტში 16 დღე გაუსაძლის პირობებში გაატარეს. მათი ინფორმაციით, ამ დროისათვის დაღესტანში კიდევ რვა ქართველი რჩება. მათი სამშობლოში გამომგზავრება საბუთების მოუწესრიგებლობის გამო ჭიანურდება. სამშობლოში ჯერჯერობით არ გადმოუსვენებიათ არც 2 დეკემბერს გარდაცვლილი მანანა ჯაველიას ცხედარი. როდის მოუწევს რუსეთის ხელისუფლებას პასუხისგება მისი გარდაცვალების გამო, თუ სტრასბურგის ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში სარჩელი მისი ოჯახის და არა საქართველოს სახელმწიფოს სახელით აღიძვრება? - საკითხს ამგვარად საპარლამენტო ოპოზიცია სვამს. რა საფუძველი აქვს ოპოზიციის სკეპსისს?

ოპოზიციის სკეპსისის საფუძველია დეპორტირებულთა საქმეებზე ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარსადგენი სასარჩელე განცხადების ფორმა. ამ ფორმაზე იუსტიციის სამინისტრო ჯერ არ შეთანხმებულა. ამის მიუხედავად, ოპოზიციას დაეჭვებისა და აღშფოთების საბაბი მაინც გაუჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, იუსტიციის სამინისტროში სასარჩელე განცხადების ორი ვარიანტი განიხილება. ერთი ვარიანტის თანახმად, რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების მხრიდან ეთნიკური ქართველების წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებზე სარჩელი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში საქართველოს სახელმწიფოს სახელით შევა, მეორე ვარიანტის მიხედვით კი, სარჩელი სტრასბურგში კერძო პირების სახელით გაიგზავნება. როგორც კონსერვატორი კახა კუკავა ფიქრობს, ამ უკანასკნელი ვარიანტის გაჩენა მინსკის სამიტის პირდაპირი შედეგიც კი შეიძლება იყოს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოს პრეზიდენტს რუსეთის პრეზიდენტმა სტრასბურგში სახელმწიფოს სახელით ჩივილის ნება არ დართო. რატომ იქნება უმჯობესი სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის სახელმწიფოს სახელით აღძვრა? შეკითხვას კახა კუკავა ასე უპასუხებს:

[კახა კუკავას ხმა]”უმჯობესი შეიძლება იყოს პოლიტიკური მოტივით, პოლიტიკური კონტექსტის გამო. იმიტომ რომ ერთია, როცა ერთი სახელმწიფო მეორე სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიტანს სარჩელს და ამას აქვს თავისი პოლიტიკური კონტექსტი. რაც მთავარია, ასეთი საქმეები განიხილება პრიორიტეტულად. რაც შეეხება ფიზიკური პირის სარჩელს, ასეთი სარჩელები განიხილება ათასობით ევროპის სასამართლოში, რამდენიმე ათასი სარჩელი, მათ არა აქვთ არანაირი პრიორიტეტი და დაახლოებით ოთხიდან ხუთ წლამდე სჭირდება მათ განხილვას. ანუ ის, რომ, დავუშვათ, ჩვენი ყველაზე უფრო დაზარალებული მოქალაქეები შეიტანენ სარჩელს ევროპის სასამართლოში, მათი განხილვა შეიძლება დამთავრებულ იქნეს 2014 ან 2015 წელს და ყოველგვარ პოლიტიკურ კონტექსტს მოკლებული იქნება.”(სტილი დაცულია)

სხვაგვარად ფიქრობს საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილი. მისი აზრით, სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის კერძო პირის მიერ შეტანა გაცილებით რეზონული, ეფექტიანი და შედეგიანი იქნება. შედეგზე ორიენტირების თვალსაზრისით, საგულისხმო აღმოჩნდა ევროპის საბჭოს გენერალური მდივნის ტერი დევისის სპეციალური განცხადებაც, რომლის თანახმად, ევროსაბჭო 2 დეკემბერს მოსკოვის უცხოელთა განთავსების იზოლატორში გარდაცვლილი მანანა ჯაველიას სიკვდილის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შედეგებით დაინტერესდება და განსაკუთრებულ ყურადღებას მისთვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის საკითხზე გაამახვილებს. რიგითმა მოქალაქეებმა არ უნდა აგონ პასუხი მთავრობებს შორის არსებულ უთანხმოებებზე, მიიჩნევს ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი, რომელსაც განსაკუთრებით აშფოთებს საქართველოს მოქალაქეთა დეპორტაციის ფაქტების სიმრავლე.

2 დეკემბერს მოსკოვში გარდაცვლილი მანანა ჯაველიას სიკვდილის გამომწვევი მიზეზების დადგენას, თავის მხრივ, რუსეთის დუმის 4 პროფილური კომიტეტიც შეეცდება. ამის შესახებ 6 დეკემბერს რუსეთის სათათბიროს პლენარულ სხდომაზე ქვედა პალატის სპიკერმა ბორის გრიზლოვმა განაცხადა. კომიტეტები სამართალდამცავი ორგანოებიდან შესაბამისი მასალების გამოთხოვას აპირებენ. თუმცა რამდენად შეძლებენ ან მოინდომებენ ისინი ობიექტურობის დადგენას, კარგად ჩანს კომენტარიდან, რომლის თანახმადაც, რუსი სამართალდამცავები ქართველთა დეპორტაციის პროცესში უხეშად არღვევენ თავიანთივე ქვეყნის კანონებს. კომენტარი რუს ადამიანისუფლებათდამცავს, მანანა ჯაველიას ნდობით აღჭურვილ პირს, ირინა ბერგალიევას ეკუთვნის:

[ირინა ბერგალიევას ხმა]” ისინი გეგმას ასრულებდნენ. მათ იცოდნენ, რომ ამ ბინაში ქართული ოჯახი ცხოვრობდა. წაიყვანეს სასამართლოში, სადაც რამდენიმეს ერთად გამოუტანეს განაჩენი - განაჩენი ერთდროულად ითვალისწინებდა დაჯარიმებას და დეპორტს, მიუხედავად იმისა, რომ, კანონის შესაბამისი მუხლის თანახმად, ან უნდა დაეჯარიმებინათ, ან ქვეყნიდან გაეძევებინათ. მუხლი არც იზოლატორში მოთავსებას ითვალისწინებდა, თუმცა მანანამ იქ ორთვე-ნახევარი გაატარა.”

[ლუდმილა ალექსეევას ხმა]” მე არ ვიცი აქვს თუ არა მოსამართლე ჩუბაროვას სინდისი. თუ აქვს, მაშინ სინდისმა მაინც უნდა შეაწუხოს, თუმცა ეჭვი მეპარება. მას რომ სინდისი ჰქონოდა, მანანა ჯაველიასთვის დეპორტაციის განაჩენი არ უნდა გამოეტანა, რადგან მას საბუთები წესრიგში ჰქონდა.”

ამბობს ცნობილი რუსი უფლებათდამცავი, მოსკოვის ჰელსინკის ჯგუფის ხელმძღვანელი ლუდმილა ალექსეევა. როგორც ცნობილია, მანანა ჯაველიას საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოს 7 დეკემბერს უნდა გამოეტანა. 2 დეკემბერს რიგითი ქართველის რიგითი სასამართლო საქმე ფატალური დასასრულის გამო გახმაურდა. ამ საქმეზე, როგორც ბორის გრიზლოვის განცხადებიდან ჩანს, რუსი დეპუტატები საგანგებოდ იმსჯელებენ. თუმცა არის არაერთი სხვა საქმეც. რუსეთის გამანაწილებლებში ამჟამად საქართველოს 77 მოქალაქე იმყოფება.
XS
SM
MD
LG