Accessibility links

”ტრეფიკინგის აფხაზური ვარიანტი”


”რეზონანსი” იტყობინება, რომ ”ციტრუსის სეზონზე აფხაზეთის ქართულ მოსახლეობას დამატებითი პრობლემები შეექმნა.

გარდა იმისა, რომ ისინი ვალდებული არიან აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებას, ხარკის სახით, გარკვეული ოდენობის ციტრუსი ჩააბარონ, მათ კარ-მიდამოებში მონებივით, უხელფასოდ უნდა იმუშაონ”. ადამიანებისადმი ამგვარ მოპყრობას გაზეთი ”ტრეფიკინგის აფხაზურ ვარიანტად” მოიხსენიებს და აღნიშნავს, რომ ქართველებს სეპარატისტული ხელისუფლება მონებად თხილის შეგროვების სეზონზეც იყენებს. ”რეზონანსის” ინფორმაციით, ქართველებს ”ტრეფიკინგის აფხაზური ვარიანტი”, ძირითადად, სოხუმში, ოჩამჩირესა და გულრიფშის რაიონებში ემუქრებათ. დასახლებული პუნქტებიდან ხალხის გაყვანა ჯგუფურად ხდება. ძალით შეკრებილ ბრიგადებს ”მხოლოდ საჭმელს აჭმევენ. 3-4 დღის შემდეგ კი ამ ჯგუფს უკან აბრუნებენ და სხვა, ახალი ჯგუფები მიჰყავთ. მათ არანაირ ანაზღაურებას არ უხდიან.”

გალის რაიონის ერთ-ერთი სოფლის მკვიდრი ქალი, რომლის ვინაობაც, უსაფრთხოების დაცვის მიზნით, არ მჟღავნდება, ამბობს, რომ თუკი მონური შრომისთვის გამიზნული ადამიანები ბრძანებას არ დაემორჩილებიან, საფრთხე მათ შვილებს დაემუქრება. ”გვირჩევნია 3-4 დღე გავიჭირვოთ და მონურად ვიმუშაოთ, ვიდრე სახლში მიცვალებული მოგვისვენონ,” - აცხადებს ”რეზონანსის” ინკოგნიტო რესპონდენტი.

”ახალ ვერსიაში” კი ვკითხულობთ, რომ აფხაზეთს ნარკოტიკებით, იარაღითა და ადამიანებით ვაჭრობის ზონად იყენებენ. ექსპერტი კავკასიის საკითხებში მამუკა არეშიძე გაზეთის კორესპონდენტთან საუბრისას ერთ-ერთი ინფორმატორის ნაამბობს იმეორებს: ”თურქეთიდან გემებით შემოდის ნარკოტიკი. ტყვარჩელში, ენგურჰესთან ახლოს, არის ბაზა, სადაც ამ ნარკოტიკს აფასოებენ. შემდეგ ვერტმფრენით ჩამოდიან რუსი სამხედროები, ტყავის სოლიდური ჩემოდნებით... ჩემოდნებში ფულია. ბაზიდან უკან გაბრუნებულებს კი, ჩემოდნების ნაცვლად, თეთრი ტომრები გააქვთ, რომელშიც ნარკოტიკია. ეს წმინდად რუსი სამხედროების ბიზნესია”. არეშიძეს მიაჩნია, რომ ”თუკი ხელისუფება მოაგროვებს შესაბამის მტკიცებულებებს აფხაზეთში მოქმედი რეჟიმის და იქ მყოფი სამშვიდობოების ტრეფიკინგში, ნარკო- და იარაღის ტრანზიტში მონაწილეობის შესახებ, ბუნებრივია, ეს სერიოზული არგუმენტი იქნება, რომ მსოფლიო თანამეგობრობამ სეპარატისტულ რეჟიმზე და მის მხარდამჭერ რუსეთზე ზეწოლა გააძლიეროს.”

”საქართველოს რესპუბლიკა” იმ კულუარული ხმების შესახებ წერს, რომლის მიხედვითაც - ”2007 წლის აპრილისთვის ცნობილი იქნება, თუ რომელი ძალები ჩაანაცვლებენ რუსეთელ სამშვიდობოებს”. თუმცა ოპოზიციას ასეთი პროგნოზის არ სჯერა და კვლავაც სვამს კითხვას, თუ რატომ გადაიწია უკანა პლანზე დსთ-დან გამოსვლისა და სამშვიდობოების საკითხმა, - ვკითხულობთ 6 დეკემბრის ”საქართველოს რესპუბლიკაში”.
XS
SM
MD
LG