Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დღეს გამოსული ყველა ქართული გაზეთი დიდ ადგილს უთმობს რუსეთის სახელმწიფო


დღეს გამოსული ყველა ქართული გაზეთი დიდ ადგილს უთმობს რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს გუშინდელ განცხადებას.

”ერთი ნაბიჯი ომის გამოცხადებამდე” - ასეთი სათაური აქვს ყოველდღიურ გაზეთ ”24 საათში” გამოქვეყნებულ სტატიას. გაზეთის შეფასებით, სახელმწიფო სათათბიროს გადაწყვეტილება კოსოვოს აღიარების საკითხს უკავშირდება: ”რუსეთი კოსოვოს დამოუკიდებლობის მხარდაჭერას სულაც არ აპირებს. შესაძლოა, მან გაეროს უშიშროების საბჭოში ამ საკითხთან დაკავშირებით ვეტოს უფლება გამოიყენოს. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ დასავლეთის სახელმწიფოები კოსოვოს ცალმხრივად, გაეროს გადაწყვეტილების გარშე, აღიარებენ, არ არის გამორიცხული, რუსეთმა ასევე ცალმხრივად აფხაზეთი, სამხრეთ ოსეთი და დნესტრისპირეთი აღიაროს,” -ვარაუდობს გაზეთი ”24 საათი”.

ამ ფონზე არ წყდება შიდა დაპირისპირება საქართველოში საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ერთდროულად ჩატარების შესახებ.
გაზეთი ”ახალი თაობა” გვამცნობს, რომ თურმე სააკაშვილი პუტინს მინსკში სწორედ არჩევნების თარიღზე გაურიგდა: ”როცა ხელისუფლებამ გამოაცხადა, მომავალი საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნები ერთდროულად უნდა ჩატარდესო, ამის მოტივად ხარჯების დაზოგვა დასახელდა. გუშინ ოპოზიციამაც და მთელმა საზოგადოებამაც არჩევნებში დამთხვევის სხვა მიზეზი შეიტყო. ეს მიზეზი გიგა ბოკერიამ გაახმოვანა. უმრავლესობის ფაქტობრივი ლიდერის თქმით, ეს განპირობებულია იმით, რომ საქართველოში არჩევნები რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჩატარდეს”, წერს ”გაზეთი ”ახალი თაობა”, რომელიც ეყრდნობა პარლამენტის წევრის კახა კუკავას დასკვნას, ”სააკაშვილი პუტინს მინსკში გაურიგდაო”.

გაზეთი ”რეზონანსი” თავის მოწინავე სტატიაში ავჭალის კოლონიაში არსებულ საშინელ ვითარებას აღწერს. სტატიას ეპიგრაფად გასდევს საერთაშორისო ექსპერტის კეროლინ ჰამილტონის მუქარანარევი გაფრთხილება: ”გაეროს წინაშე პასუხს აუცილებლად აგებთ.” ჰამილტონი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკი 14-დან 12-წლამდე არ დასწიოს: ”ინგლისში 2002 წელს 234 000 ბავშვი დააკავეს და აქედან მხოლოდ 2000 მოხვდა ციხეში, საქართველოში კი ბავშვთა 75%-ს ციხეში უშვებენ. ავჭალის კოლონიაში საშინელება ვნახე - იქ 142 ბავშვს ერთ ოთახში სძინავს. შოკირებული ვარ. როცა ამ ტიპის კოლონია არსებობს, საინტერესოა, რა შედეგებს ვიღებთ?” - კითხულობს კეროლინ ჰამილტონი გაზეთ ”რეზონანსისათვის” მიცემულ ინტერვიუში.

გაზეთი ”ალია” კი მკითხველებს არცთუ სასიამოვნო ინფორმაციას აწვდის. გაზეთის ცნობით, ”მომავალი წლიდან საავადმყოფოებსა და პოლიკლინიკებში მკურნალობის ფასი, შესაძლოა, გაორმაგდეს. ასეთი ვარაუდი კი ემყარება ლიცენზირების ახალ წესს, რომელიც სამკურნალო დაწესებულებებისაგან მაღალ - ე.წ. ამერიკულ - სტანდარტებზე გადასვლას ითხოვს. ჟურნალისტის შეკითხვაზე, პაციენტის ჯიბეს ხომ არ დააწვება საავადმყოფოებისა და პოლიკლინიკების ამერიკულ სტანდარტებზე გადასვლა, ჯანდაცვის სამინისტროს მაღალჩინოსანი ასეთ პასუხს იძლევა: ”პროექტი ჯერ არ არის დამტკიცებული და ფასების რეგულირების საკითხსაც აუცილებლად გავითვალისწინებთ.”
  • 16x9 Image

    კობა ლიკლიკაძე

    ჟურნალისტი. მუშაობს საერთაშორისო სამხედრო თანამშრომლობის, შეიარაღებული კონფლიქტების, ნატოს და ევროკავშირის სამეზობლოს სამხედრო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებზე. რადიო თავისუფლების ჟურნალისტია 2001 წლიდან.

XS
SM
MD
LG