Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრესა რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს განცხადებას ეხმაურება


”პარლამენტი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს პასუხის ღირსად არ თვლის” - ასეთი სათაურის პუბლიკაციაში, რომელსაც ”24 საათი” ბეჭდავს,

ნათქვამია, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიერ 6 დეკემბერს მიღებულ განცხადებებს, რომლებიც აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული რეჟიმების მხარდაჭერას ისახავს მიზნად, საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში საკმაოდ მწვავე შეფასებები მოჰყვა. პარლამენტმა საპასუხო განცხადება გუშინ ერთსულოვნად - 146 ხმით - მიიღო. ”ოღონდ ამ დოკუმენტის ადრესატი - არა რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატა, არამედ საერთაშორისო ორგანიზაციები, საპარლამენტო ასამბლეები და მეგობარი ქვეყნების პარლამენტები არიან.”

საკანონმდებლო ორგანო საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას მიაპყრობს იმ ფაქტს, რომ სეპარატიზმის წამქეზებლად და მხარდამჭერად გამოდის ქვეყანა, რომელიც ფორმალურად სამშვიდობო პროცესის გარანტი, ”ობიექტური და ნეიტრალური შუამავალია” და რომლის ე.წ. სამშვიდობო კონტინგენტი საქართველოში არსებული ორივე ტერიტორიული კონფლიქტის ზონაშია განლაგებული”. ”24 საათის” დაკვირვებით, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ განცხადებაში ერთგვარი საყვედური დასავლელი პარტნიორების მიმართაც არის გამოთქმული: ”კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რამდენად რთული და უპერსპექტივოა რუსეთთან პირდაპირი დიალოგი, რომლისკენაც არაერთხელ მოუწოდებიათ საქართველოს მეგობარ სახელმწიფოებს,” - ნათქვამია საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ განცხადებაში.

”დუმის ბოლო გადაწყვეტილებამ რუსეთის ყველა ადრინდელ ანტიქართულ მოქმედებას გადააჭარბა, - ვკითხულობთ ”ახალ თაობაში”, რომელმაც დუმის მიერ სეპარატისტული რეჟიმების მიმართ გამოხატული მხარდაჭერის შეფასება ქართველ დეპუტატებს სთხოვა. ”საქართველოც კი, სურვილის შემთხვევაში, ვერ შეძლებდა რუსეთისთვის მიეყენებინა იმ მასშტაბის ზიანი, როგორიც სახელმწიფო სათათბირომ ამ განცხადებით რუსეთს მიაყენა,” - აცხადებს ”ახალი თაობის” კორესპონდენტთან საუბრისას ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წარმომადგენელი დავით ბაქრაძე. ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” წევრის გოჩა ჯოჯუას აზრით, დუმის ამ გადაწყვეტილებაში, რომელსაც იურიდიული ძალა არა აქვს, შესაშფოთებელი არაფერია. ის ”იურიდიული ფორმით ჰგავს იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც პარლამენტი ბოლო წლების განმავლობაში მუდმივად იღებდა აფხაზეთთან, სამშვიდობოებთან დაკავშირებით და სხვ.” რუსეთის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას სამარცხვინოს უწოდებს საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე კოტე გაბაშვილი. ”ახალი თაობისთვის” მიცემულ ინტერვიუში ის ამბობს, რომ ”რუსეთს ეს ბუმერანგივით დაუბრუნდება” და რომ, დრო მოვა და, მსგავსი გადაწყვეტილებები რუსეთის ავტონომიებსაც შეეხება.

რუსეთის დუმის მიერ 6 დეკემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას და მისით გამოწვეულ რეაქციებს ფართოდ აშუქებს პარასკევს გამოსული ”ახალი ვერსიაც”. გაზეთთან საუბრისას არცთუ დამამშვიდებელ პროგნოზს აკეთებს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე. მისი ვერსიით, ”სახელმწიფო დუმამ ეს გადაწყვეტილება კრემლის მითითებით მიიღო და ამით შექმნა შესაძლებლობა, რომ ასეთი გადაწყვეტილება პრეზიდენტმა პუტინმაც მიიღოს.” ”თუ არაღიარებული რესპუბლიკების მიმართ რუსეთის პრეზიდენტსაც ასეთი გადაწყვეტილება აქვს მიღებული, ეს რუსეთის მიერ საქართველოსთვის ომის გამოცხადების ტოლფასია,” - აცხადებს გივი თარგამაძე ”ახალი ვერსიისთვის” მიცემულ ინტერვიუში. ის დარწმუნებულია, რომ ”რუსეთს ეს ნაბიჯი ძვირად დაუჯდება.”
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG