Accessibility links

logo-print

საქართველომ რუსეთიდან დეპორტირებულ მოქალაქეთა კიდევ ერთი ნაკადი მიიღო


8 დეკემბერს გვიან ღამით სპეციალური ავიარეისით მოსკოვიდან თბილისში გადაასვენეს მოსკოვში უცხოელთა განთავსების იზოლატორში გარდაცვლილი მანანა ჯაბელიას ცხედარი.

იმავე ავიარეისით სამშობლოში დაბრუნდა საქართველოს 67 მოქალაქე, მათი უმეტესობა რუსეთმა არასასურველი სტუმრის სტატუსით გამოაძევა. ნაწილმა კი საკუთარი ნებით დატოვა რუსეთის ფედერაცია. 51 წლის მანანა ჯაბელია რუსეთის მიგრაციის ფედერალურმა სამსახურმა თვე-ნახევრის წინ დააკავა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები განმარტავენ, რომ, მოსკოვის რაიონული სასამართლოს განჩინებით, ჯაბელია დეპორტაციას არ ექვემდებარებოდა, მაგრამ ის მაინც არ გაათავისუფლეს და უცხოელთა განთავსების იზოლატორში დატოვეს.

[დეპორტირებული ქალბატონის ხმა] ”...რა უნდა გითხრათ აი ახალგაზრდა ქალი, ერთად ვიყავით 2 თვის განმავლობაში ბოლო წუთებში ჩემ ხელში მოკვდა...”

ეს ქალბატონი ეთერ ჟვანიაა, ისიც მანანა ჯაბელიასთან ერთად იმყოფებოდა მოსკოვის უცხოელთა განთავსების იზოლატორში. მისი თქმით 2 დეკემბერს მანანა ჯაბელია გულის შეტევით გარდაიცვალა. მანვე დასძინა, რომ რუსი სამართალდამცველები დაკავებულ ქართველებს ცუდად ექცეოდნენ, რასაც სხვა დეპორტირებული თუ საკუთარი ნებით დაბრუნებული მოქალაქეებიც ადასტურებენ.

[დეპორტირებულთა ხმა] ”მე თვითონ გავაკეთე დეპორტი, იძულებული ვიყავი, შეურაწყოფას გვაყენებდნენ და... მაგრა გვავიწროებენ...”

რუსეთში დაკავებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში სპეციალური ავიარეისით დაბრუნება საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან 30 ათასი ლარის გამოყოფის შემდეგ მოხერხდა. მოსკოვიდან დეპორტირებულებს თბილისის აეროპორტში მათი საქმეების შესასწავლად საქართველოს პარლამენტში შექმნილი დროებითი კომისიის თავმჯდომარე ნიკა გვარამია დახვდა.

[ნიკა გვარამიას ხმა] ”ეს ადამიანები იქ იყვნენ დაუცველნი და...”

ნიკა გვარამია აცხადებს, რომ საერთაშორისო ორგანიზაციები რუსეთის ხელისუფლების ქმედებას სათანადო შეფასებას მისცემენ. ოფიციალური თბილისი თავადაც გეგმავს დეპორტირებული მოქალაქეების უფლებების დასაცავად კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ნინო კალანდაძის განცხადებით სულ მალე საქართველო სტრასბურგში ადამიანის უფლებათა სასამართლოს მიმართავს.

[ნინო კალანდაძის ხმა] „საერთაშორისო სამართალზე დაყრდნობით არსებული სარჩელი, რომელსაც საქართველო შეიტანს რუსეთის წინააღმდეგ, დაფუძნებული იქნება სწორედ ბოლო პერიოდში რუსეთში განვითარებულ მოვლენებზე და იმ კონკრეტული სამართლებრივი მოვლენების დარღვევების ასახვაზე, რომელიც ხორციელდებოდა საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, ეთნიკური ნიშნით მათი წმენდისა და დისკრიმინაციის სახით.“ (სტილი დაცულია)

მიუხედავად ამ განცხადებისა საქართველოს ხელისუფლებას ჯერაც არ გადაუწყვეტია სტრასბურგის სასამართლოში სახელმწიფომ შეიტანოს სარჩელი თუ კონკრეტულმა მოქალაქეებმა.

რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების ორგანიზებული გამოძევება ორი თვის წინ თბილისში ჯაშუშობაში ბრალდებული რუსი ოფიცრების დაკავების შემდეგ დაიწყო. 29 სექტემბრიდან მოყოლებული, რუსეთის ფედერაციის ტერიტორია იძულებით დაატოვებინეს რამდენიმე ათას ქართველს, ხოლო დეპორტაციის პროცესში სამი ადამიანი გარდაიცვალა.
XS
SM
MD
LG