Accessibility links

logo-print

სარეზერვო სამხედრო სამსახურის სავალდებულოდ ქცევა - მორიგი დაპირისპირების თემა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის


ორი თვის წინ სახელმწიფოს უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად

”ტოტალური თავდაცვის” გამოცხადების შემდეგ, საქართველოს ხელისუფლება სიტყვიდან საქმეზე გადადის და აპირებს სავალდებულო გახადოს სამხედრო სარეზერვო შეკრება. 6 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა თავის მიერვე მომზადებული კანომპროექტი ”სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ” პირველი მოსმენით განიხილა. პროექტი, კანონად ქცევის შემთხვევაში, 27-დან 50-წლამდე ასაკის საქართველოს მოქალაქეებს წელიწადში ერთხელ 18 დღით სამხედრო ფორმის ჩაცმას და სპეციალური გადამზადების პროგრამის გავლას დაავალდებულებს.

მიმდინარე წლის აგვისტოს ბოლოს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც ერთკვირიანი სარეზერვო შეკრება ოსიაურის საველე ბანაკში გაიარა, განაცხადა, რომ ქვეყანას, მის წინაშე მდგარი “რისკებისა და საფრთხეების გათვალისწინებით”, 100 ათასი მომზადებული რეზერვისტი სჭირდება. მიხეილ სააკაშვილმა იქვე განსაზღვრა რეზერვის ფუნქცია და ეროვნული გვარდიის ხელმძღვანელობას წლის ბოლომდე რეზერვისტთა რაოდენობის გაორმაგება დაავალა:

[მიხეილ სააკაშვილის ხმა] ”რა თქმა უნდა, რეზერვი არის მრავალმხრივი დანიშნულების. მე ისიც მინდა გითხრათ, რომ წლის ბოლომდე ჩვენ, ალბათ, შევძლებთ 20 ათასი რეზერვისტის მომზადებას ამ მრავალი დანიშნულების შესასრულებლად. და ღმერთმა არ დაგვაჭირვოს, რომ ეს იყოს შეიარაღებული კონფრონტაცია. სხვა საკითხებიც არის. ზაფხულში ჩვენ რეზერვისტებთან ერთად დიდი ხანძარი ჩავაქრეთ საქართველოში და გადავარჩინეთ ბორჯომ-ხარაგაულის პარკი. თქვენ არ იცით, მაგრამ აქ არის მუხის ტყეები. სანამ თქვენ მოხვიდოდით და სანამ ეს ბანაკი შეიქმნებოდა, ეს მუხის ტყე დაუნდობლად იჩეხებოდა. როგორც კი აქ რეზერვისტთა ბანაკი გაჩნდა, არც ერთი ხე არ მოჭრილა.”

რეზერვისტთა რიცხვის გაორმაგების თაობაზე პრეზიდენტის სიტყვის საქმედ ქცევა კი არც ისე იოლი აღმოჩნდა. საქმე ისაა, რომ 2004 წლიდან ამოქმედებული სარეზერვო შეკრება, რომლის ცენტრებიც ოსიაურსა და საჩხერეშია განლაგებული, საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების სხვადასხვა დონის წარმომადგენლებისთვის ნახევრად სავალდებულო იყო. მოხელეთა რაოდენობა კი, ქალებიც რომ მივათვალოთ, საქართველოში სულ 20 ათასი არ იქნება. ამიტომ საქართველოს პარლამენტმა ფორსირებულად დაიწყო პრეზიდენტის იდეის ხორცშესხმისათვის აუცილებელი საკანონმდებლო ფონის შექმნა. თუმცა, როგორც საკანონმდებლო ინიციატივების გავრცელებული პრაქტიკა უჩვენებს, სავალდებულო სარეზერვო სამსახურის კანონპროექტის შემუშავების დროს მოსახლეობის - უფრო ზუსტად, პოტენციური რეზერვისტების - აზრის გამოკითხვა და მათი სურვილების გათავლისწინება არ მომხდარა. რადიო ”თავისუფლების” მიერ თბილისის ქუჩებში ჩატარებული გამოკითხვა კი უჩვენებს, რომ მოსახლეობის დამოკიდებულება სამხედრო სამსახურის თუნდაც სარეზერვო სეგმენტის სავალდებულოდ ქცევის მიმართ რადიკალურად განსხვავდება ერთნმანეთისაგან:

[მოქალაქეთა ხმები] ”იცი რა, მე დროც და ისიც არა მაქვს[სურვილი]”/ ”ყველას სჭირდება ჯარი - შვილსაც, ახლობლებსაც და ყველას.”/ რა ვიცი ეხლა ასე იმათ... რომ არ ვსწავლობდე, მაშინ წავიდოდი ჯარში და დავდგებოდი ქვეყნის სამსახურში, მაგრამ, ისეთ პონტში, ეხლა ვსწავლობ, რა”/ ”თუ ქართველის სული და გული არის, მაშინ უნდა იმსახუროს საქართველოსთვის”/ ”არა, ჯერჯერობით არა მაქვს.”(სტილი დაცულია)

საპარლამენტო ოპოზიციის დამოკიდებულება კიდევ უფრო მკაფიოა. დეპუტატმა კახა კუკავამ რადიო ”თავისუფლებასთან” საუბარში რეზერვისტების სავალდებულო გამოძახებას ფიქცია უწოდა:

[კახა კუკავას ხმა] ”ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ, ისრაელისაგან განსხვავებით, ჩვენთან სახელმწიფო ინსტიტუტები ფუნქციონირებენ მხოლოდ თბილისში, ისიც მხოლოდ რამდენიმე ცენტრალური სამინისტრო. აბსოლუტურად ყველა სხვა სახელმწიფო უწყება საქართველოში არის ბუტაფორია. და ასეთ პირობებში ჩვენი სარეზერვო სამსახურის ასეთ ფორმაზე გადასვლა, როდესაც ყოველი რაიონის გამგეობა შეესაბამება რაღაც ადეკვატურ სამხედრო ერთეულს, - ასეულს თუ ათასეულს, - ეს არის ფიქცია, აბსოლუტურად არაბრძოლისუნარიანი. განსაკუთრებით იმ პირობებში, რა პირობებშიც, დავუშვათ, ბობოხიძე სარდლობდა ამას და გადაქცეული იყო ”ცხვარი დაკალი და ღვინო დააყოლეს” ტიპის სამუშაოებად.” [სტილი დაცულია]

სამხედრო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კანონპროექტის ავტორებმა და ხელისუფლებამ ყველაფერი დეტალებში უნდა გათვალონ, რათა სარეზერვო გაწვევის კანონი ამოქმედების შემდეგ მოულოდნელ სიურპრიზებს არ წააწყდეს. სამხედრო ექსპერტი შალვა თადუმაძე მიიჩნევს, რომ რეზერვის მომზადების სავალდებულოდ ქცევის იდეა არ არის ხელისუფლების ნაკლი, თუკი ყველა დეტალი გათვლილი იქნება:

[შალვა თადუმაძე] ”ნაკლოვანება უთუოდ იქნება იმ შემთხვევაში, თუ, ვთქვათ, არ ეცოდინებათ, ეს ხალხი სად მიჰყავთ, რა სპეციალობით უნდა მოამზადონ, რა ამოცანა უნდა შეასრულონ, წვრთნების რა პროგრამა უნდა გაიარონ. რეზერვის მომზადება მარტო ერთი თვე კარავში ყოფნა და დილით სირბილი არ არის. იქ შესაბამისი სპეციალიზაცია უნდა მოხდეს, რომ სახელმწიფომ იცოდეს, ვის რამდენი სპეციალობით მომზადებული ადამიანი ჰყავს, რა სიხშირით სად იწვევს და რა სახის წვრთნას გადის.” (სტილი დაცულია)

რეზერვის მომზადების სავალდებულო წესად შემოღების ინიციატორი, როგორც ვთქვით, საქართველოს თავდაცვისა და ეროვნული უშიშროების კომიტეტია. როგორც ამ კომიტეტის წევრმა, საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა რატი სამყურაშვილმა რადიო ”თავისუფლებას” უთხრა, რეზერვის მომზადება ქვეყნისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია:

[რატი სამყურაშვილის ხმა] ”რა თქმა უნდა, ამ ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია ბრძოლისუნარიანი იყოს, როგორც შეიარაღებული ძალა, ისე ჰყავდეს დიდი რეზერვი და ბრძოლისუნარიანი ხალხი, თავისი სახელმწიფოს მოქალეების სახით. ჩვენ ეხლა ქვეყნის მილიტარიზაციას არ ვაპირებთ, მაგრამ ძირითადი მოტივი - ეს არის ქვეყნის ბრძოლისუნარიანობის ამაღლება. ძალიან ზოგადად, ამას ისახავს მიზნად.” (სტილი დაცულია)

კანონპროექტს უპირისპირდება მნიშვნელოვანი ნაწილი საპარლამენტო ოპოზიციისა და სამხედრო ექსპერტების, რომლებმაც ნოემბრის ბოლოს არასამთავრობო ორგანიზაციის ”საქართველო ნატოში” ოფისში კანონპროექტის ალტერნატიული განხილვა მოაწყვეს. განხილვაზე ითქვა, რომ სავალდებულო რეზერვის მომზადება ეწინააღმდეგება ნატოს წინაშე ნაკისრ ვალდებულებებს და იმ ხარჯების დაქსაქსვას გამოიწვევს, რომელიც უფრო მეტად რეგულარული სამხედრო სეგმენტის გაძლიერებისთვის არის საჭირო. თუმცა საპარლამენტო უმრავლესობა, რომელსაც კარგად ახსოვს პრეზიდენტ სააკაშვილის დაპირება უახლოეს წლებში 100 ათასკაციანი რეზერვისტთა კორპუსიის მომზადების შესახებ, განწყობილია საიმისოდ, რომ კანონპროექტი ახალ წლამდე კანონად იქცეს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG