Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

წლის მონაგარი


ელგუჯა ბერიშვილი, თბილისი უკვე გაიმართა 2006 წლის უმთავრესი სპორტული შეჯიბრებები.

დადგა სპორტული სეზონის შედეგების შეჯამების დრო. ჩვენი სპორტული მიმომხილველის ელგუჯა ბერიშვილის კითხვებს უპასუხებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი გიორგი გაბაშვილი

რადიო "თავისუფლება": იწურება 2006 წელი და კიდევ ერთი სპორტული სეზონი. თქვენ როგორ აფასებთ იმას, რაც წლეულს ქართულ სპორტში მოხდა…

გიორგი გაბაშვილი: უწინარესად მინდა ვთქვა, რომ წლეულს უფრო მასშტაბური გახდა სახელმწიფოს მიერ სპორტის განვითარებისთვის გაწეული ხარჯები და სამუშაოები. მართლაც უპრეცედენტო ინვესტიცია ხორციელდება სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისა და სრულყოფის მიმართულებით. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ხელს შეუწყობს მოსახლეობის, ჩვენი ახალგაზრდობის ფართოდ ჩართვას სპორტულ ცხოვრებაში. ხელისუფლებამ ამოცანად დაისახა, რომ მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობები შეუქმნას სპორტსმენებს და მათ მწვრთნელებს, ასევე ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმდევრებს. სპორტი ყველა მსურველისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს.

რადიო "თავისუფლება": რას გვეტყვით უშუალოდ წლის სპორტულ შედეგებთან დაკავშირებით?

გიორგი გაბაშვილი: რაც შეეხება მაღალი მიღწევების სპორტს, პროფესიონალ სპორტსმენებს, მათ 2006 წელს ძალიან სერიოზულ წარმატებას მიაღწიეს. საკმარისია გავიხსენოთ მორაგბეთა ნაკრები, რომელიც მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გავიდა და, რა თქმა უნდა, ძიუდოისტთა გუნდი_მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული. ტურინში, ზამთრის ოლიმპიადაზე ელენე გედევანიშვილმა თავისი შესანიშნავი გამოსვლით სრულიად ახალ მოვლენას ჩაუყარა საფუძველი – ფიგურული ციგურაობა საქართველოში სულ უფრო პოპულარული ხდება. ამას დაუმატეთ ჩვენი მოჭიდავეების მედლები, კალათბურთელების, ახალგაზრდული გუნდებისა და სპორტსმენების წარმატებები. ეს ყველაფერი ძალიან კარგია, მაგრამ განსაკუთრებით საპასუხისმგებლო იქნება 2007 წელი, რათა ჩვენ მოვიპოვოთ მაქსიმალური რაოდენობა ოლიმპიური ლიცენზიებისა და მოვემზადოთ პეკინის თამაშებზე ღირსეული გამოსვლისათვის. ამასთანავე ჩვენ მყარი საფუძველი უნდა შევქმნათ საიმისოდ, რომ სპორტში წარმატებები იყოს არა ეპიზოდური, არამედ ამას სისტემური ხასიათი მიეცეს.

რადიო "თავისუფლება": სპორტული სეზონის მიმართ საზოგადოების განწყობას უმთავრესად მაინც ფეხბურთში არსებული ვითარება განაპირობებს. წლევანდელ საფეხბურთო შემოდგომას ვნებათა ღელვა ნამდვილად არ აკლდა. როგორია თქვენი დამოკიდებულება იმ პროცესების მიმართ, რაც ქართულ ფეხბურთში ხდება…

გიორგი გაბაშვილი: ფეხბურთის გულშემატკივრები დამეთანხმებიან, რომ ეროვნული ნაკრების თამაშის ხარისხი გაუმჯობესდა. სხვა საქმეა, რომ მეტად ძლიერ შესარჩევ ჯგუფში მოვხვდით და ამის გამო სახარბიელო სატურნირო მდგომარეობა ვერა გვაქვს. ამავე დროს, სწორედ მსოფლიოს საუკეთესო გუნდებთან შეხვედრისას გამოჩნდა ჩვენი პოტენცია, ურუგვაელებთან დამაჯერებელმა გამარჯვებამ კი ყველანი ოპტიმისტურად განგვაწყო. ნაკრებში შექმნილი ატმოსფერო, კვალიფიციური მწვრთნელები, განახლებული სტადიონი და ის, რომ თავად ფეხბურთის ფედერაცია სრულიად ახლებურად და სერიოზულად ეკიდება ფეხბურთის განვითარებას და ჩვენ გვაქვს ფეხბურთის სახელმწიფო მხარდაჭერის სამოქმედო გეგმა_ყველაფერი ეს ძალზე მნიშვნელოვანია. ამ ეტაპზე ჩვენ არც ფედერაციას და არც კლაუს ტოპმიოლერს არარეალურ ამოცანებს არ ვუსახავთ, ამავე დროს, ვფიქრობ, რომ შემდეგ შესარჩევ ციკლში ფედერაციამ და მწვრთნელებმა გეგმაზომიერად უნდა იმუშაონ იმისთვის, რომ ჩვენი ნაკრები მოხვდეს მსოფლიო ჩემპიონატის ფინალურ ტურნირში. რაც შეეხება ამ შესარჩევ ციკლს, ფეხბურთში ყველაფერი ხდება. საქართველომ დაამტკიცა, რომ თამაში ნებისმიერ გუნდთან შეუძლია და ამიტომაც ბოლომდე უნდა ვიბრძოლოთ.

რადიო "თავისუფლება": საქართველოს ხელისუფლებას სპორტის განვითარებისთვის ფული არ ენანება, რაზეც უკვე გაწეული ხარჯები მეტყველებს. რას უნდა ველოდოთ საგაისოდ?

გიორგი გაბაშვილი: გაისად უფრო მასშტაბური იქნება სახელმწიფოს მხრიდან სპორტის მხარდაჭერა. მარტო სპორტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის დაიხარჯება 15 მილიონ ლარზე მეტი. თქვენ იცით, რომ ჯერ კიდევ ორი-სამი წლის წინ მთელი სპორტის წლიური ხარჯები 4 მილიონ ლარს არ აღემატებოდა. სახეზე გვაქვს არნახული ზრდა. თანაც მე ვგულისხმობ მხოლოდ ცენტრალური ბიუჯეტის ხარჯებს. ამას დაუმატეთ ნაერთი ბიუჯეტი, რეგიონალური ხარჯები, რაც ასევე სოლიდურია. შეიძლება ითქვას, რომ 500 პროცენტით არის გაზრდილი სახელმწიფოს დანახარჯები სპორტის სფეროში და ეს აუცილებლად გამოიღებს კეთილ ნაყოფს. საქართველომ საბოლოოდ უნდა დაიბრუნოს წარმატებული სპორტული ქვეყნის იმიჯი და ამ მიზნის მისაღწევად ყველანი უნდა გავისარჯოთ.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG