Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საპარლამენტო უმრავლესობის აზრით, დსთ-დან გასვლის დრო ჯერ არ დამდგარა


რუსეთის მტრულ პოლიტიკას საქართველო

მაქსიმალურად კონსტრუქციული პოლიტიკით უპასუხებს, საქართველოს მეგობრები ჩვენგან დღეს ყველაზე მეტად ამ კონსტრუქციულობას აფასებენ - ასე ხსნიან საქართველოს ხელისუფლებაში თავშეკავებულობას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან საქართველოს გასვლის მოთხოვნასთან დაკავშირებით. გასულ კვირაში საქართველოს პარლამენტმა, უმრავლესობის ნებით, გადადო ”დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან საქართველოს გასვლის მიზანშეწონილობის შესახებ” დადგენილების პროექტის კენჭისყრა და ამით პოლიტიკურ ოპონენტებს მისცა საბაბი იმის სათქმელად, რომ ხელისუფლებას რუსეთის გავლენაზე გადაჭრით უარის თქმა არ შეუძლია. რა აკავებს საქართველოს რუსეთის სივრცეში, დსთ-ში, რა აქვს მას საერთო ამ სივრცესთან? ამ საკითხებზე ვისაუბრებთ გასული კვირის პოლიტიკური მოვლენების მიმოხილვაში.

გასულ კვირის მიწურულს თბილისში გადმოასვენეს მოსკოვში, უცხოელთა განთავსების ცენტრში გარდაცვლილი ქართველის, მანანა ჯაბელიას ცხედარი. ”ჯორჯიან ეარვეისის” სპეციალურ რეისს სამშობლოში 67 დეპორტირებულიც ჩამოჰყვა.

სამედიციმო ექსპერტიზის წინასწარი დასკვნით, მანანა ჯაბელია მოსკოვის უცხოელთა განთავსების ცენტრში გულის იშემიური დაავადებით გარდაიცვალა. მისი ოჯახის წევრები ირწმუნებიან, რომ ჯაბელია მოსკოვში ლეგალურად ცხოვრობდა და ის ქართველების მიმართ რუსების აგრესიას ემსხვერპლა.

რუსეთიდან დეპორტირებულ საქართველოს მოქალაქეთა საქმეების შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისიის მონაცემებით, ბოლო თვეების მანძილზე რუსეთიდან საქართველოში 3500-ზე მეტი ქართველი იქნა გამოძევებული. დეპორტაციის პროცესს ორი ადამიანი ემსხვერპლა, მათგან ერთ-ერთი ჩვენს მიერ ნახსენები მანანა ჯაბელიაა.

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ქართველების ეთნიკური ნიშნით დევნა იყო ერთ-ერთი ძირითადი არგუმენტი საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენლებისთვის, დაესაბუთებინათ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან საქართველოს გასვლის აუცილებლობა.

[გია თორთლაძის ხმა] ”რა გვესაქმება ისეთ გაერთიანებაში, რომლის არც ერთ პრეზიდენტს რუსეთის ქსენოფობიური გამოხდომები არ დაუგმია, არც ერთს! ვგულისხმობ დსთ-ის ქვეყნების პრეზიდენტებს.”

შეკითხვას – ”რა გვესაქმება ასეთ გაერთიანებაში?” მაინცდამაინც დასაბუთებული პასუხი არ გასცემია. ”დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან საქართველოს გასვლის მიზანშეწონილობის შესახებ” ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” მიერ მომზადებული დადგენილების პროექტი პარლამენტმა პარასკევს, 8 დეკემბერს განიხილა, თუმცა, უმრავლესობამ დადგენილების პროექტის კენჭისყრა მისი გადადებით ჩაშალა.

დსთ-ში საქართველოს ყოფნა-არყოფნის თემაზე პარლამენტში გამართული დებატებისას არგუმენტირებული პასუხი არც სხვა შეკითხებს გასცემია, მათ შორის შეკითხვას: ”რა უნდა საქართველოს ისეთ გაერთიანებაში, სადაც არავინ აპროტესტებს გაერთიანების წევრი დიდი სახელმწიფოს მიერ ამავე გაერთიანების წევრი მცირე სახელმწიფოს ტერიტორიების მიტაცების მცდელობებს?” ამ შეკითხვასთან დაკავშირებით ითქვა, რომ ერთია დსთ, ხოლო მეორე – რუსეთის სახელმწიფო სათათბირო. სათათბირომ კი გასულ კვირაში მიიღო განცხადება, რომლითაც მოუწოდა რუსეთის ხელისუფლებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს, გაითვალისწინონ სამხრეთი ოსეთისა და აფხაზეთის სწრაფვა დამოუკიდებლობისკენ. დუმის ამ გადაწყვეტილებაზე პარლამენტში 7 დეკემბერს იმსჯელეს, ანუ იმაზე ერთი დღით ადრე, ვიდრე ”თანამეგობრობაში საქართველოს ყოფნის მიზანშეუწონლობის შესახებ” დადგენილების პროექტის კენჭისყრას გადადებდნენ.

[კოტე გაბაშვილის ხმა] ”როგორ შეიძლება ნორმალურმა დუმამ თავის ქვეყანას გამოუცხადოს: მინდა გავაკეთო მეთექვსმეტე- მეჩვიდმეტე საუკუნის სვლა და მივიტაცო სხვისი მიწა?”

თქვა საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ კოტე გაბაშვილმა. იყო მსგავსი პათოსის სხვა გამოსვლებიც, რასაც მოჰყვა საერთაშორისო თანამეგობრობისადმი საქართველოს პარლამენტის მიმართვის მიღება. მიმართვაში ნათქვამია, რომ რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს კონფლიქტის ზონებში რუსეთის სამშვიდობო ძალების ინტერნაციონალიზაციის მოთხოვნის მართებულობას. პარლამენტის წევრებმა საქართველოს მეგობარ ქვეყნებს მოუწოდეს, კიდევ უფრო გაააქტიურონ დამოუკიდებლობის განმტკიცების გზით მიმავალი საქართველოს მხარდაჭერა. მაგრამ ოპოზიციაში მიაჩნიათ, რომ ამ გზაზე საქართველოს მაგივრად გადაწყვეტილებას სხვა ვერ მიიღებს (იგულისხმება გადაწყვეტილება დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან საქართველოს გასვლის შესახებ). ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, როგორც ფრაქცია ”დემოკრატიული ფრონტის” წარმომადგენელმა დავით ბერძენიშვილმა ”რადიო თავისუფლებისთვის” მოცემულ ინტერვიუში აღნიშნა:

[დავით ბერძენიშვილის ხმა] ”მენტალური თვალსაზრისით, მანამდე, სანამ საქართველო დსთ-შია, რუსეთი განგვიხილავს საკუთარი გავლენის სფეროდ და საქართველოშიც არ არის კარგად გააზრებული, რომ ჩვენ რუსეთის სივრცეში არ უნდა ვიყოთ.”

ამ მოსაზრებას იზიარებენ უმრავლესობაშიც, იქ აღნიშნავენ, რომ თანამეგობრობიდან საქართველოს გასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია, მაგრამ გადაწყვეტილების მიღების დრო ჯერ არ დამდგარა. რა მთავარი არგუმენტი დგას ნათქვამის უკან? ამ შეკითხვას უმრავლესობის ერთ-ერთმა წევრმა ნიკა გვარამიამ ასე უპასუხა:

[ნიკა გვარამიას ხმა] ”მთავარი საბაბი არის საერთაშორისო პოლიტიკური შეფასება ამ ნაბიჯისა, ჩვენ უნდა გვქონდეს სრული გარანტია იმისა, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა სწორად გაგვიგებს და არ დაგვადანაშაულებენ იმაში, რომ ვართ დესტრუქციულები და რუსეთის ისტერიას აყოლილები.”

[დავით ზურაბიშვილის ხმა] ”საერთაშორისო საზოგადოება ძალიან კარგად გაიგებს, არანაირი აზრი ჩვენს იქ ყოფნას არა აქვს. ჯერ ერთი, როცა უნდათ, ამბობენ საერთაშორისო საზოგადოებას ვინ ეკითხებაო, როცა უნდათ, პირიქით... სად გაზომეს საერთაშორისო საზოგადოების აზრი? რა მონაცემები აქვთ?..”

ფრაქია ”დემოკრატიული ფრონტის” წევრს დავით ზურაბიშვილს მიაჩნია, რომ ხელისუფლებას გადაწყვეტილების მიღების ეშინია. ამას გარდა, რუსეთის გავლენის სფეროში –დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში –საქართველოს შემორჩენას ის ერთი საერთო ნიშნითაც ხსნის, აბობს, რომ საქართველოს ხელისუფლება საკუთარ მოქალაქეებს ზუსტად ისე ექცევა, როგორც რუსეთი ექცევა საქართველოს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG