Accessibility links

logo-print

"თავისუფლების" დღიურები


სანდრა რულოვსი ყოველკვირეული რუბრიკით

"თავისუფლების დღიურები" დღეს თავის ჩანაწერებს გაგაცნობთ საქართველოს პირველი ლედი, სანდრა რულოვსი.


3 დეკემბერი, კვირა
გავიღვიძე მატარებელში... აჭარაში მივდივართ და პატარა ნიკოლოზისთვის ეს არის საუკეთესო და კომფორტული ტრანსპორტი. ასევე ჩვენთვისაც, რადგან მატარებელში შეგიძლია ისეირნო, იმუშაო, იკითხო, მშვიდად ჭამო, ადამიანებთან ისაუბრო და ა.შ. "ჩვენ" ვართ მე, ძიძა, დაცვის სამი წევრი, ჩემი პრესის ასისტენტი მაკა, ჰუმანიტარული ფონდის ასისტენტი ზეინაბი და ეკა, ჩემი მდივანი იმ საბჭოში, რომელიც ახორციელებს პროექტებს შიდსის, ტუბერკულოზისა და მალარიის წინააღმდეგ.
ჯერ ექვსი საათიც არ არის და უკვე ჩამოვდივართ მატარებლიდან. პატარამ გაიღვიძა. შემდეგი სამი საათი ვაგრძელებთ ძილს ბობოყვათის სასტუმროში...
ნიკუშას ვაჭმევ ძუძუს, ვსაუბრობ, ვსაუზმობ, ცოტა ხანი პიანინოზეც ვუკრავ და უკვე დროა წასვლის. წირვაზე მივდივარ ბათუმის წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიაში, სადაც საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ მოღვაწეობა დაიწყო.
თორმეტის ნახევარზე მივდივართ ბათუმის რეაბილიტაციის ცენტრში, სადაც ორმოცდაათამდე უნარშეზღუდული ბავშვი დადის. აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან და ბათუმის მერთან ერთად ვესაუბრები ბავშვებს და მათ მშობლებს. გადავცემთ საჩუქრებს. ჯინსის ქურთუკში ჩაცმული ერთი ბიჭი, გელა, მეხუტება და გახარებული სახით მეკითხება, თუ როგორ ვარ...
ფრენბურთის ფინალური მატჩი "პირველი ლედის თასზე" წელს ბათუმში პირველად ტარდება და უკვე სამი წელია, ასეთ შეხვედრას ვესწრები... მატჩი ორ საათს გაგრძელდა და დასავლეთ საქართველოს გუნდის გამარჯვებით დასრულდა.
გვაგვიანდება შიდსის ღონისძიებაზე, კინოთეატრში, და ვნერვიულობ, რადგან თასი უნდა გადავცე, ინტერვიუ მივცე, უამრავი ადამიანი კი – უცხოელების ჩათვლით – ორი საათიდან გველოდება... ამ ღონისძიებას აჭარის ჯანდაცვის მინისტრი, განათლების მინისტრი და საქართველოს პარლამენტის წევრები ესწრებიან, ასევე ის ხალხი, ვისაც შიდსის წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი წვლილი აქვს შეტანილი... ინტერვიუს დროს ყურადღებას გავამახვილებ ნარკომანიასა და ნარკოტიკების მოხმარებაზე, რადგან ეს სენი უდიდეს ზიანს აყენებს საქართველოს განვითარებას... ორმოცდაათი ათასი ნარკომანი და, სავარაუდოდ, ოთხასი ათასი მომხმარებელი დიდ საფრთხეს უქმნის თავის ჯანმრთელობას. მათ მუშაობის უნარი არ გააჩნიათ და თან ის ფაქტი, რომ დღეში ოცდაათი ლარი სჭირდებათ, იმას ნიშნავს, რომ ხშირ შემთხვევაში მათი საქმიანობა კრიმინალური ხდება... ნარკომანია ჯანდაცვის სექტორისთვისაც დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული. მინდა, რომ სკოლებში უფროსკლასელებს შევხვდე და ასეთ თემებზე ვესაუბრო... მგონი, ეს აუცილებელია და ამისთვის დროს გამოვნახავ.
ღონისძიების შემდეგ ბათუმის შადრევნების ტბასთან ჩემს მეუღლესთან ერთად ვისადილებ, შემდეგ ორ ოჯახს ვეწვევი, რომელთანაც ზაფხულში დავდიოდი ხოლმე. ერთ-ერთი მათგანი, სადაც მამა და სამი შვილი ცხოვრობს, ძალიან გაჭირვებულია; მეორე ოჯახმა კი ჩემი ხელშეწყობით ტყუპი ბიჭები იშვილა. ერთ-ერთის ნათლია მე ვარ...
შვიდ საათზე, შიდსის დღესთან დაკავშირებით, ბანკეტია დაგეგმილი, შემდეგ კი ახალგაზრდებისთვის დისკოთეკა გაიმართება. არ ვიცი, მეც უნდა ვიცეკვო თუ არა, ვნახოთ... სამწუხაროდ, ხშირად ჩემი საქციელი ჩემს ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული, არამედ იმაზე, რასაც ჩემგან ელიან...
ბანკეტის შემდეგ Save The Children-ის მიერ მოწყობილ დისკოთეკაზე ვიყავით, სადაც ცოტათი ცეკვაც გავბედე...

4 დეკემბერი, ორშაბათი
დღეს მთიან აჭარაში მივემგზავრებით. ხულოს სამი სოფელი უნდა მოვინახულოთ, ჩავუტანოთ სახელმძღვანელოები, ფეხსაცმელები, ბურთები, გლობუსები, რუკები და ვიტამინები.
ხულოში გამგზავრებამდე, ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მივედი და კოლექტივს არსებულ პრობლემებზე ვესაუბრე. გზად ერთი ქალბატონი შემოგვიერთდა, რომელიც გასულ ზაფხულს პატარა გიორგი შანთაძეს პატრონობდა ხულოს ერთ-ერთი სოფლიდან. ეს ბავშვი რეანიმაციულ განყოფილებაში ჯერ კიდევ ბავშვთა სახლიდან გადმოვიყვანე და შემდეგ დიდხანს იმყოფებოდა ამ ქალბატონის მეთვალყურეობის ქვეშ... ასევე შემოგვიერთდა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრი ლექსო ჩიკვაიძე. შუახევში გავჩერდით, რადგან აჭარის ტელევიზიას საახალწლო მილოცვის ჩაწერა უნდოდა. შესაბამისი ტექსტი ჩემმა ასისტენტმა და მე რუსულად და ქართულად დავამუშავეთ, საბოლოოდ კი, მგონი, წარმატებულად ჩავწერეთ.
ხულოს რაიონული ცენტრის შემდეგ ვესტუმრეთ სოფელ დიაკონიძეების სკოლას, სადაც მოსწავლეები, მშობლები და მასწავლებლები უკვე გველოდნენ. გადავეცით საჩუქრები და მოვისმინე თხოვნები კოლექტივის წევრებისგან. შევედით თითოეულ კლასში და ვესაუბრეთ ბავშვებს ხან გაკვეთილის თაობაზე, ხან ენებზე, სოფელზე, ოჯახებზე. გადავიღეთ ბევრი სურათი და გზა ყვავილებით, ხილითა და თხილით ხელდამშვენებულებმა გავაგრძელეთ...
საჩუქრები სოფელ ბოძაურშიც დავარიგეთ და თან ძალიან ვისიამოვნეთ, რადგან ბავშვებმა ჩვენი სტუმრობა ლექსებითა და სიმღერებით გაახალისეს. რამდენიმე ბავშვი თბილისში, საახალწლო ნაძვის ხეზე დავპატიჟე, რადგან არც ერთი მათგანი თბილისში ჯერ ნამყოფი არ არის.
შევამჩნიე, რომ ბევრ ბავშვს ღია ფერის თვალები და ქერა თმა ჰქონდა, რასაც ნამდვილად არ ველოდი. ერთ გოგონაზე კი ზუსტად ჩემი ფერის თმა რომ დავინახე, მივედი და ჩვენი თმები ერთმანეთს შევადარე, რამაც გამგებლის ყურადღება მიიპყრო და შემდეგ ეს ფაქტი ჩემს სადღეგრძელოშიც ახსენა...
შანთაძეების ოჯახში პატარა გიორგი აკვანში იწვა, ყურის ანთება თუ სეფსისი ჰქონდა, მაგრამ წონაში ცოტათი მომატებული იყო, კიდევ უფრო დამსგავსებოდა თავის მამას – მერაბს...
იმ ოჯახში მთელი ნათესაობა და ნაცნობობა შეკრებილიყო და ხელში ყველას განცხადება ეჭირა. გამონაკლისის გარეშე, ყველა სამედიცინო კუთხით დახმარებას ითხოვდა, ზოგს ოპერაცია სჭირდებოდა, ზოგს – რეაბილიტაცია ან საზღვარგარეთ მკურნალობა. ძალიან ძნელია ამის მოსმენა, როდესაც იცი, რომ ყველას ვერ დაეხმარები, თან სამედიცინო პოლისი აქვთ, მაგრამ ჯერ ვერ გამოიყენებენ ან ნაკლებად იციან, თუ რა უფლებებით სარგებლობენ.
ჩემი მოკრძალებული აზრით, ყველაზე უკეთესი ამ მხარეში მრავალპროფილიანი მობილური ჯგუფების გამოგზავნა იქნებოდა, თვეში ერთხელ მაინც; ასევე, ხულოში კარგი საავადმყოფოს აშენება შესაბამისი აღჭურვილობითა და კადრებით.
დიდი რიყეთის სკოლაში ვეღარ მოვხვდი, რადგან გზა მოყინული იყო, საჩუქრები ხულოს განათლების განყოფილებაში დავტოვე. გარანტია მოგვცეს, რომ ყველაფერს გადასცემდნენ. მე ამის მჯერა, რადგან ამ ფაქტს თავად მინისტრი დაესწრო... უკანა გზაზე გავიცანი უსაყვარლესი ცოლ-ქმარი, თამარა და თენგიზი, ექვსი შვილის მშობლები, პირველი შვილიშვილის მოლოდინში... ჭაჭით, პურითა და ყველით გაგვიმასპინძლდნენ. საუბრის დროს თენგიზს ვკითხე, რომელი აღმსარებლობის იყო, მან კი მიპასუხა, რომ ხან ეკლესიაში, ხან კი მეჩეთში დადიოდა, ასევე მითხრა, რომ რწმენა ხულოში ძალიან მკაცრი არ არის...
დაღლილები, შუახევის მთიან-აჭარული სამზარეულოს შემდეგ, (ვგიჟდები კაისეფაზე, სინორსა და ბორანზე!) ბათუმში ღამის ათ საათზე შევედით. არაფრის გაკეთების თავი აღარ მქონდა (და არა მხოლოდ მე) –არც იმეილების შემოწმების, არც განცხადებების კითხვის და არც არაფრის... ჩემს ასისტენტს ვუთხარი, რომ დილას ცხრა საათზე ვიწყებდით მუშაობას, თერთმეტ საათზე კი ზუგდიდში უნდა წავსულიყავით. ნიკუშას ძუძუ ვაჭამე, შხაპი მივიღე და დავიძინე...

5 დეკემბერი, სამშაბათი
მკვდარივით მეძინა, ნიკუშას შვიდ საათზე ვაჭამე და ისევ დავიძინე; როდესაც გავიღვიძე, მეუღლის საათზე დავინახე, რომ უკვე ათი საათი და ორმოცდაათი წუთია. ჩქარა, ჩქარა, ჩქარა!.. ერთი ლუკმა პური, ჩაი – და უკვე ზუგდიდისკენ მიმავალ გზაზე ვართ. გოგოები იქიდან წავლენ თბილისში, მე კი, ზუგდიდის ღონისძიებების შემდეგ, მეუღლესთან და ნიკუშასთან ერთად კიდევ ერთი დღით დავრჩები, ოღონდ ხვალ ორ საათზე თბილისში უნდა ვიყო, რადგან გაეროს პრეზენტაციას უნდა დავესწრო და ხუთ საათზე წავიდე სტუდენტებთან, რომლებსაც ფრანგულს ვასწავლი...
გზაში მე, მაკა, ზეინაბი და ეკა ვსაუბრობთ და ორი საათის შემდეგ შევდივართ ზუგდიდში, სადაც ტუბერკულოზის ცენტრში გველოდებიან. თბილისიდან ჩამოვიდა ტუბერკულოზის ცენტრის დირექტორი, დოქტორი არჩილ სალაყაია.
ზუგდიდის ტუბერკულოზის ცენტრის სამსართულიან შენობაში მოთავსებული არიან "კლასიკური პაციენტები", ტუბერკულოზით დაავადებული ოცამდე ადამიანი, რომლებსაც მკურნალობის ორ-სამთვიანი ინტენსიური კურსი ესაჭიროებათ. პირველ სართულზე განთავსებულია ლაბორატორია და ამბულატორია, სადაც პაციენტები ინტენსიური მკურნალობის (გადამდები პერიოდის) შემდეგ რეგულარულად მიდიან წამლების მისაღებად, მეორე სართულზე კი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია MSF-ის ოფისია, რომელმაც ტუბერკულოზის რეზისტენტული ფორმის მკურნალობა დაიწყო. ზუგდიდის რაიონში ორმოცდაათამდე პაციენტია რეგისტრირებული.
ჰიგიენას უმკაცრესად იცავენ: ნიღბები, შლიუზების კარები, ვენტილაცია და ა.შ. დირექტორთან საუბრის დროს აღმოჩნდა, რომ გაეროს მისია საავადმყოფოს მესამე სართულის რემონტს დაპირებია (სამოცი ათასი ევროს ღირებულებით), რისი განხორციელებაც გაურკვეველი მიზეზით გაჭიანურებულა. გადავწყვიტე, მივსულიყავი UNOMIG-ის ადგილობრივ წარმომადგენლობაში, რამაც საკმაოდ დააბნია მისი ხელმძღვანელობა სოხუმში... აქ მეგობრულად მიგვიღეს და თავადაც კმაყოფილები იყვნენ ჩვენი ვიზიტით. მისიის ხელმძღვანელი მხიარული კორეელი იყო, თან ახლდა ორმოცი სამოქალაქო და სამოცამდე სამხედრო პირი, ოღონდ შეუიარაღებელი... გვითხრა, რომ აპრილში რუსეთის შეიარაღებული სამშვიდობო ძალების (სამიათასკაციანი კონტინგენტის) მანდატი ამოიწურებოდა, თუ გაეროს უშიშროების საბჭო ვადას არ გაუგრძელებდა. "ჩვენ აქ საკმაოდ გვიან ვდგებით" - თქვა მან და დილის შვიდის ნახევარზე ადგომას გულისხმობდა! მე ჩემს მასპინძელ ოჯახში კორეული სამზარეულო შევიტანეო, მოგვახსენა. გამიკვირდა, რომ ყველა (გერმანელი, ჩეხი, პოლონელი, პაკისტანელი, ინდონეზიელი) ზუგდიდის სხვადასხვა ოჯახში ექვსი თვიდან ოთხ წლამდე ცხოვრობდა და ამისთვის თანხას იხდიდნენ. ვისაუბრეთ ტუბერკულოზის ცენტრის რემონტზე, რაც მალე უნდა დაიწყოს. სტიმული რომ მიმეცა, დავპირდი, რომ ორი თვის შემდეგ გახსნაზე სიამოვნებით ჩამოვიდოდი. ბოლოს, გაეროს დროშის ქვეშ სურათები გადავიღეთ და იქაურობა დავტოვეთ...
დადიანების სასახლის ტერიტორიაზე ვისეირნეთ, ვლაქერნის ღვთისმშობლის ეკლესიაში შევედით და ტუბერკულოზის ცენტრისთვის წმინდა გიორგის ხატი, სანთლები და ლოცვანი ვიყიდე, რადგან იქ არსად იყო სალოცავი კუთხე. ხატი აკურთხეს... პრეზიდენტის რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთში ზაზა გოროზია ყველგან დაუზარელად დაგვყვებოდა. პროკურატურის ახალი შენობაც დავათვალიერე და ბათუმში დავბრუნდით. გზიდან დავურეკე ფოთის პორტის დირექტორს ლაშა ახალაძეს, რომ ფოთში სადმე ერთად გვესადილა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მე ფოთში და ის კი თბილისში იმყოფებოდა... ცოტა ხნის წინ ფოთის ერთი სკოლა ჰოლანდიურ სკოლას დაუძმობილდა და მათ შორის თანამშრომლობა დაიწყო, რაც ძალიან მახარებს. მე და ლაშა, აგრეთვე, ვცდილობთ, რომ ინვალიდ ბავშვებს ეტლები შევუძინოთ. ამისთვისაც ჰოლანდიაში დავამყარეთ კონტაქტები. ჩემს მშობლიურ ქალაქ ტერნეუზენსა და ფოთის პორტს 2004 წლიდან თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება აქვთ დადებული.
ქობულეთში ერთ საბავშვო ბაღში გავჩერდი, სადაც მამა კირიონს ოცდაათამდე ბავშვი ჰყავს ყოველდღე, და სხვადასხვა ზომის ხუთი ველოსიპედი ვაჩუქე ჩემი ფონდის, SOCO-ს სახელით. ის ზაფხულობით ბანაკებს აწყობს ხოლმე და მეუფე დიმიტრისთან ერთად დიდი სურვილი აქვს, რომ უცხოეთში მცხოვრები ქართველი ბავშვები ამ ბანაკებში დაპატიჟოს, რათა ქართული სიმღერა, პოეზია ასწავლოს, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ექსკურსიები მოაწყოს და ა.შ. მან მთხოვა ოცდაათადგილიანი ავტობუსი და ქალაქ ქობულეთიდან ტერიტორიის განათება, საბავშვო ბაღისთვის – სათამაშოები, ჩამოსასრიალებლები, კარუსელები და ა.შ. არ ვიცი, რისი საშუალება მექნება მომავალში, მაგრამ ფაქტია, რომ ძალიან კარგი და კეთილშობილური ინიციატივაა.
საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე მდებარე პატარა ხის ეკლესიაშიც შევედი და სანთლები დავანთე. ბობოყვათის სასტუმროში მარტო დავბრუნდი. ასისტენტები თბილისში წავიდნენ (მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ისინი ტუბერკულოზის საავადმყოფოს დირექტორთან ყოფილან სახლში დაპატიჟებულნი მეგრულ ღომზე, ელარჯზე, საცივზე და კარგ დროსაც ატარებდნენ, მაშინ, როდესაც ჩვენ ცარიელი კუჭებით დავუბრუნდით სანაპიროს...). მეუღლე, ნიკუშა და ძიძაც ვერტმფრენით წასულიყვნენ თბილისში (პატარა ბავშვისთვის ეს, რა თქმა უნდა, ყველაზე სწრაფი და კომფორტული გზაა), ჩვენ კი ღამის მატარებლით ვაპირებდით წასვლას. ღამის კვება ამის გამო ამოვარდებოდა, მაგრამ ხვალ დილას ორივე უფრო დიდი მონატრებით განვაგრძობდით ძუძუთი კვებას. ეს მაინც ყველაზე კარგია ბავშვის განვითარებისთვის და იმუნიტეტისთვის და მიხარია, რომ უკვე მეთორმეტე თვეა, რაც დღეში მინიმუმ ორჯერ ვაჭმევ. ბავშვი სხვა სახის საკვებსაც იღებს, მაგალითად, გატარებულ ბოსტნეულს, ხილს, ქათამს, ხბოს ხორცს, მაწონს, წიწიბურას, ბრინჯს და ყველს.

6 დეკემბერი, ოთხშაბათი
ისევ მატარებელში ვართ. ის ქობულეთის განახლებული სადგურიდან ზუსტად თორმეტ საათზე დაიძრა და თბილისში დილას, რვის ნახევარზე იქნება. კარგია, ედუჩას სკოლაში თვითონ მივიყვან.
მატარებელში ცოტა სამუშაო მაქვს, მინდა ხვალინდელი ლექციის მომზადება, კომპიუტერში წერილების დაწერა და მონაცემთა ბაზაში ახალი კონტაქტების შეყვანა. შოკოლადი, ორცხობილა, წყალი და ჩაი მაქვს, მაგრამ მატარებელში ასევე ძალიან კარგად მძინავს და ამიტომ, მგონი, დიდხანს აღარ ვიფხიზლებ...
დილას რვა საათზე ჩამოვედით თბილისში და, როგორც იქნა, ედუჩა ცხრა საათზე სკოლაში მივიყვანე. შემდეგ ცოტა ჩემს თავსაც მივხედე: დალაქთან წავედი, კიდევ რამდენიმე საათი დავიძინე... დღის ბოლოს პანაშვიდზეც მივედი...
"ქორთიარდ მერიოტში" დავესწარი გაეროს და USAID-ის მიერ ორგანიზებული რეპროდუქციული ჯანმრთელობის კვლევის შედეგების პრეზენტაციას. 2005 წელს კონტრაცეპტივების მოხმარება 7%-ით გაიზარდა, ამაღლდა ქალების ინფორმირებულობის დონე და შემცირდა აბორტების რაოდენობა. მინდა ეს დავიჯერო, მაგრამ ვიცი, რომ რევოლუცია არის მოსახდენი, იმდენი რამის შეცვლაა საჭირო ამ დარგში; მაგრამ იმედით ცოცხლობს ადამიანი და, რასაკვირველია, იმედს არ ვკარგავ...
ხუთიდან შვიდ საათამდე სტუდენტები მყავს კავკასიის ბიზნესსკოლაში, მათ ფრანგულს ვასწავლი...
ამერიკელ სტუმრებთან, გაეროსა და სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად ვვახშმობთ და ცხრა საათზე შევდივარ სახლში.
ედუჩა თავის მეგობართან ერთად არის, ეს ჩვენი მეზობელი ბიჭია და, ამავე დროს, ჩემი ნათლულია.
გავიგე, რომ დღეს საპატრიარქოში ათ საათზე ლოცვა იქნება და ნიკუშასთან ერთად წასასვლელად ვემზადები.
უწმინდესთან ვსაუბრობთ ლოცვამდე და ლოცვის შემდეგაც და ჩაძინებულ ნიკუშასთან ერთად დაახლოებით თორმეტის ნახევარზე შინ ვბრუნდები... ღამის ორ საათამდე მაინც არ ვიძინებ, მეგობრებს ვწერ, ტელეფონით ვესაუბრები. რა კარგია, რომ საქართველოში გვიანობამდე შეგიძლია რეკვა! ჰოლანდიაში საღამოს ცხრა საათის შემდეგ ტელეფონის ზარი ხალხს აშინებს, რადგან ფიქრობენ, რაღაც ცუდი მოხდაო...
ხვალინდელი შეხვედრებისთვის ვბეჭდავ მასალას და ვგეგმავ. ასეთი ჩვევა მაქვს: წინა ღამით ჩამოვწერო სია, რა უნდა გაკეთდეს შემდეგი დღის განმავლობაში, ვის უნდა დავურეკო, მივწერო, ვის ვხვდები და რისი გარკვევა მინდა. ეს ძალიან სასარგებლოა და მეხმარება პრიორიტეტების განსაზღვრაში.

7 დეკემბერი, ხუთშაბათი
დილის ოთხ საათზე ნიკუშას ვასმევ ჩაის, შვიდის ნახევარზე კი ძუძუს ვაძლევ. შემდეგ ერთად ვიძინებთ ტახტზე (ისე თავის საწოლშია ხოლმე, საკუთარ ოთახში).
ედუჩას ვაღვიძებ ცხრის ოც წუთზე და ძლივს ვასწრებთ ცხრა საათისთვის სკოლაში მისვლას. საუბარი მაქვს "თბილისი მერიოტში" ანსამბლ "რუსთავის" წევრებთან, შემდეგ კი თურქებთან, რომლებიც ქველმოქმედებას ეწევიან. როგორც შარშან, წელსაც ვაწყობთ გამოფენა-გაყიდვას, შემოსული თანხა კი ბავშვების დამწვრობის ცენტრს მოხმარდება. ეს ჩემი სამიზნე ჯგუფია, რადგან დამწვრობები ხშირად სოციალურად დაუცველ ოჯახებში ხდება, სივიწროვის, გაზის ბალონის ან ცუდი ელექტროგაყვანილობის გამო, შუა ოთახში მდგარი ადუღებული წყალი ხშირად ბავშვების დამწვრობის მიზეზი ხდება...
შემდეგ ღუდუშაურის კლინიკაში მელოდებიან. ამერიკელებმა პერინატალურ ცენტრს დიდი ავტობუსი აჩუქეს, რომელიც აღჭურვილია საიმისოდ, რომ ქალებს დიაგნოსტიკა ჩაუტარო რეგიონებში. შთამბეჭდავია, რომ ეს ერთ-ორ თვეში დედოფლისწყაროშიც იწყებს მუშაობას და შევთანხმდით, რომ გახსნას დავესწრები.
პირველ საათზე მელოდებიან დამწვრობის ცენტრში, სადაც "დანიური სახლის" საჩუქრებს გადავცემ: ათ საწოლს მატრასითა და ლეიბებით, ორ კარადას და ნაძვის ხეებს...
უზომოდ გახარებულები არიან! ჩემი კოლეგა ფონდ SOCO-დან იქ რჩება, რათა ბავშვთა განყოფილებაში ნახოს, თუ ვის ესაჭიროება ყველაზე მეტად დახმარება, წამლები და საოპერაციო თანხა. ჩვენ უკვე წლების მანძილზე ვეხმარებით მათ ასე.
მეჩქარება სკოლაში, რომ ედუჩა გამოვიყვანო. მას სახლში მივიყვან, შემდეგ კი წყალბურთზე უნდა წავიდეს. მე სტუმრები მეყოლება - მუსიკოსები, ვისთან ერთადაც ვაწყობთ საშობაო სიურპრიზს რამდენიმე ახალი სიმღერის სახით. მათთან ერთად ვსადილობ. კომპიუტერში წერილებს ვპასუხობ, ვრეკავ, ვგეგმავ და ვწერ ათ პასუხს შემოსულ განცხადებებზე...
ხვალ დილიდან სამსაათიანი ფრანგული ლექცია უნდა მოვამზადო. ალბათ, ერთ საათს დავიძინებ.
ამ კვირაში ვერ ვიცლი ექთნების კურსებზე დასასწრებად, ცუდი გოგო ვარ...

8 დეკემბერი, პარასკევი
პირველის ნახევარზე დავიძინე და ღამის ორ საათზე ნიკუშას ძუძუ ვაჭამე. მეუღლე ლაპარაკის ხასიათზე იყო. შუაღამე კი იყო, მაგრამ სიამოვნებით ვუსმენ ხოლმე და ჩემს პროექტებზე, იდეებზე ვესაუბრები, ძირითადად იმაზე, რაც ვნახე რეგიონებში და რა შთაბეჭდილებებით ჩამოვედი – ამ შემთხვევაში მთიანი აჭარიდან.
დილას რვის ნახევარზე ძიძამ ნიკუშა შემომიყვანა (როცა ვთხოვ, რჩება ხოლმე, მაგრამ ეს ძირითადად არ ხდება).
სკოლაში სანამ წავიდოდა, ედუჩამ შემახსენა, რომ პირველ საათზე გეოგრაფიის ღია გაკვეთილი და შემდეგ მშობელთა კრება იყო დაგეგმილი. ვიქნები-მეთქი, ვუთხარი...
მეოთხე კურსის სტუდენტთა ნახევარი არ გამოცხადდა... მათ სხვადასხვა ფირმაში სტაჟირება დაიწყეს. კარგია, რომ ზოგიერთს 1000 ან 2000 დოლარი აქვს ხელფასი.
თორმეტ საათზე მანქანიდან ხუთ ადამიანს ვურეკავ. ასე ვაკეთებ ხოლმე. ერთი მხრივ ცუდია, რომ თავად არ ვზივარ საჭესთან, რადგან მე ის მძღოლი არ ვარ, რომელიც, რაიმე რომ მოხდეს, ტროტუარებზე სიარულს შეძლებდა; მაგრამ, მეორე მხრივ, კარგია, რადგან მეტი დრო მრჩება საქმიანობისთვის.
როდესაც ჰოლანდიაში ჩემს მშობლებთან სტუმრად ვარ, მამაჩემი მსვამს ხოლმე საჭესთან და ბავშვივით მიხარია.
ედუჩას სკოლაში ღია გაკვეთილზე ბავშვებმა სამხრეთ ამერიკაზე ისაუბრეს. ედუჩა მართლა ძალიან მაღალია, მეტრი და 66 სანტიმეტრი. თანაკლასელებთან ერთად რომ დგას, ეს კიდევ უფრო შესამჩნევია. კრებაზე ვისაუბრეთ ექსკურსიაზე და საშობაო სპექტაკლის თარიღზე. ედუჩა უნდა იყოს მეფე ობერონი "ზაფხულის ღამის სიზმარში".
სახლში ჩვენი დიასახლისი ავად არის, ამიტომ "მაკდონალდსში" ვსადილობთ. "ივ როშეს" მაღაზიაში ვყიდულობ შხაპისთვის სასიამოვნო დასაბან საშუალებებს ჟოლოს, ვანილისა და ატმის სურნელით, რათა ქალებს შობა-ახალ წელს ვაჩუქო. ზუსტად ჯერ არ ვიცი, ვის რომელი მივცე, მაგრამ ამ მაღაზიასთან რომ გავიარე, ვიფიქრე, რომ ეს კარგი საჩუქარი იქნებოდა. ამიტომ გავჩერდი და ვიყიდე.
ვგიჟდები საჩუქრების გაკეთებაზე, ძალიან მსიამოვნებს სხვა ადამიანების გახარება და ყოველთვის ვცდილობ, ორიგინალური და ზედგამოჭრილი საჩუქარი იყოს. ხშირად ტანსაცმელსაც ვყიდულობ, რაც არ უნდა რთული შესარჩევი იყოს ზომის ან გემოვნების მხრივ.
მერე წავედი მეგობარ სოსოსთან. იგი უსინათლოა და პირველად წავიყვანე მის მეზობლად მდებარე ერთ მაღაზიაში. ცოტა დაიბნა...
ხუთ საათზე რეპროდუქციული ჯანმრთელობის კონფერენციის დახურვაზე დავპირდი წასვლას, ექვს საათზე კი დავიძრებით ბორჯომის ხეობისკენ, იქ ვიქნებით მთელი ოჯახი. ასპინძაში სოფელ ივერიაში მომიწევს წასვლა, რათა ერთი გაჭირვებული და მგლოვიარე ოჯახი მოვინახულო: მამა და ოთხი მცირეწლოვანი შვილი. ოცდაშვიდი წლის ქალმა სახლში იმშობიარა და უმცროსი ქალიშვილის – სანდრას დაბადების დროს ინფექცია შეეჭრა, სეფსისი დაემართა და რამდენიმე დღის წინ გარდაიცვალა. როგორი ტრაგედიაა!.. ასეთი რამ დღევანდელ საქართველოში ხომ აღარ უნდა ხდებოდეს!
ნიკუშა და ძიძა ბორჯომში ამ დილით წავიდნენ, საღამოს კი ჩვენც იქ ვიქნებით. მომენატრა ბორჯომ-ლიკანი, სადაც ორსულობის ბოლო თვე და ნიკუშას სიცოცხლის პირველი ორმოცი დღე გავატარე.
ბორჯომის მფარველი წმინდა ნიკოლოზია და წმინდა ნიკოლოზის ეკლესიაში მეორმოცე დღეზე მირქმის ცერემონია ჩავატარეთ თოვლსა და ყინვაში...

9 დეკემბერი, შაბათი
დღეს ზურაბ ჟვანიას დაბადების დღეა. საფლავზე ვერ მივდივარ და, როგორც ყოველთვის, ნინოს აუცილებლად დავურეკავ…
ბორჯომის სამშობიაროში მივდივართ "დანიური სახლის" ავეჯით. იანვარში იქ უნდა მივიყვანო ჰოლანდიელები, რომლებიც ძალიან დაინტერესებულები არიან, რომ ამ გაღარიბებულ სამშობიაროს დაეხმარონ.
საღამოს ლოცვაზე დასწრებას ვაპირებ კიმოთესუბნის ეკლესიაში. რამდენი ულამაზესი პატარა ტაძარია აქ, თამარ მეფის მიწაზე!..
ორშაბათ დილას, ცხრა საათზე, თბილისში უნდა ვიყო. ედუჩას სკოლაში მივიყვან, ათ საათზე კი ბავშვთა რესპუბლიკური საავადმყოფოს ჰემატოლოგიურ განყოფილებაში მივდივარ, სადაც ამჟამად ლეიკემიით დაავადებული ოცდასამი ბავშვი მკურნალობს. მათ ფინეთიდან ჩამოსულმა სანტა კლაუსმა საჩუქრები უნდა გადასცეს. ასეთ ბავშვებს მედიკამენტებით ყოველთვის ვეხმარები და ამიტომ ღონისძიებაში მონაწილეობას მეც ვიღებ... კომპანია "ბორჯომმაც" გამოთქვა სურვილი, რომ ბავშვებს დაეხმაროს, რადგან ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს დღეში თითო ლიტრი "ბორჯომი" სჭირდებათ. ის ფაქტი, რომ საქართველოში ქველმოქმედება ინერგება, ძალიან მახარებს…

(რედაქციისგან: რადიო "თავისუფლების" ეთერით წინამდებარე ტექსტის შემოკლებული ვერსია გადაიცა)

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG